გიორგი კანაშვილი - მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციით, ქუჩის აქციებით, ერთმანეთის გინებით, დაკვეთა სიმშვიდესა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესზეა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია და არა სახელმწიფოს მართვის.

მიუხედავად ამისა, ფორმალურად არჩევნებს თითქმის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც ადრე, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა ცვლილებების აუცილებლობა. ამაზე მიუთითებს ის ვითარება, რომელიც რიგ მუნიციპალიტეტებში და დიდი ქალაქების საკრებულოებშია.

ხელისუფლება იძულებული იყო ზოგიერთ მუნიციპალიტეტებსა და დიდ ქალაქებში 2022 წლის ბიუჯეტები ძველ საკრებულოებს დაემტკიცებინა. ეს ყველაფერი ციხის საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, ციხიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისა და ამ პროცესებთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე ხდებოდა და ახლაც გრძელდება.

„ნაცმოძრაობა“ და ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მანამდე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, რაზეც ხელისუფლების პასუხი მარტივია და მოკლე - ეს არ მოხდება. როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ?

- სიტუაცია საკმაოდ რთული და ერთის შეხედვით ჩიხურიც კი არის. ტრადიციულად არჩევნები, ერთგვარად განმუხტავს ხოლმე პოლიტიკურ კრიზისს, თუმცა ბოლო არჩევნებმა აშკარად ვერ მოუტანა მეტი სტაბილურობა ქვეყანას.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ 9 წლიანი მმართველობის თავზე, გადაუჭრელად რჩება ის უკიდურესი გაჭირვება, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ჩანს რაიმე პერსპექტივა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას. კოვიდ ეპიდემიის არასათანადო მართვა, კიდევ უფრო ართულებს არსებულ სიტუაციას.

ჩემი აზრით, რომ არა ეს სისტემური პრობლემები, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ციხეში ყოფნა, ვერ გამოიწვევდა კრიზისის ამგვარად გაღრმავებას. ამასთანავე ილუზიაა იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მკვეთრად გააუარესა პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში თუ გავიხსენებთ, ბოლო წლებია პრინციპში არაფერი არ იცვლება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ განგრძობით კრიზისში ცხოვრებას.

ილუზიაა იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მკვეთრად გააუარესა პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში თუ გავიხსენებთ, ბოლო წლებია პრინციპში არაფერი არ იცვლება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ განგრძობით კრიზისში ცხოვრებას

ამიტომაცაა, რომ საშინაო პოლიტიკაში უცვლელად მძიმე ფონი ნარჩუნდება.

- საყოველთაო შერიგების თემაზე ჯერ ციხის საკნიდან, ხოლო შემდეგ გორის ჰოსპიტლიდან დაიწყო საუბარი მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ხელისუფლებამ მისი ეს ინიციატივა „ციხიდან თავის დაძვრენის“ მცდელობად შეაფასა.

სულ ცოტა ხნის წინ შერიგების ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა. მან დასავლელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საზოგადოებასთან ერთად ეროვნული მასშტაბის მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა ქვეყანამ პოლარიზაციას დააღწიოს თავი.

შერიგების იდეას მხარი ეკლესიაში გავლენიანმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დაუჭირა მხარი. მან განაცხადა - სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ - ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით“.

რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ეკლესიის გააქტიურება? და კიდევ - გაქვთ განცდა, რომ პროცესები საყოველთაო ეროვნული შერიგებისკენ წარიმართება?

- საყოველთაო შერიგება ასე ერთიანად ვერ ხდება, ეს პროცესი მტკივნეულია და მას მომზადება უნდა. არა მგონია, რომ მხარეები გულწრფელნი იყვნენ ამ განცხადებებში. ერთ დღეს შერიგებაზე საუბრობენ, მეორე წამს კი ერთმანეთს ხან „გაფარჩაკებულებს“, ხანაც კორუმპირებულ არამზადებს უწოდებენ.

მიჩნდება კითხვა, როგორ უნდა შეურიგდნენ ეს ხალხი ერთმანეთს? და თუ მაინც მათი განცხადებები შერიგებასთან მიმართებაში გულწრფელია, რატომ არ ცვლიან რიტორიკას?

აქვე გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ეს შერიგება პრაქტიკული თვალსაზრისით? რა არის ის ნაბიჯები, რომლებიც მხარეებმა უნდა გადადგან შესარიგებლად?

მე რაც მოვისმინე, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იძახიან, ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვით და მერე შევრიგდეთო. მმართველი გუნდი კი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას გამორიცხავს, მაშ როგორ უნდა შერიგდნენ?

სწორი იქნებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელახლა დაჯდომა და რეალისტურ, პრაგმატულ ნაბიჯებზე შეთანხმება, ერთგვარი საგზაო რუკის შემუშავება, რასაც ტრადიციულად აკეთებენ ხოლმე კონფლიქტის მხარეები. თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ ჩანს რეალური კონსენსუსის კონტურები.

სწორი იქნებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელახლა დაჯდომა და რეალისტურ, პრაგმატულ ნაბიჯებზე შეთანხმება, ერთგვარი საგზაო რუკის შემუშავება, რასაც ტრადიციულად აკეთებენ ხოლმე კონფლიქტის მხარეები. თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ ჩანს რეალური კონსენსუსის კონტურები

მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოხდება გარკვეული შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და ერთ-ერთი მხარის სრული განადგურებით შეიძლება დასრულდეს.

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები აქვთ, შერიგების სურვილი არც პოლიტიკურ სპექტრში შეიმჩნევა და არც საზოგადოებაში.

სააკაშვილი და ოპოზიციის საკმაოდ დიდი სპექტრი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არა ერთხელ განაცხადა სააკაშვილს არ შევიწყალებო. ზურაბიშვილის ინიციატივაზე მმართველი გუნდის რეაქცია ასეთი იყო, ყველას შეურიგდებით „ნაციონალების“ გარდა. არადა, სააკაშვილის მხარდამჭერები რომ 540 ათასზე მეტნი არიან, ფაქტია. ასეთ ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება შერიგების იდეა?

- თქვენს კითხვაში ჩანს დიაგნოზი, ჯერჯერობით შერიგების, თუ შეთანხმების პერსპექტივა არ იკვეთება. სამწუხარო ისაა, რომ ძირითადად ასეთი შერიგება/შეთანხმება რაიმე დიდი კატასტროფის შემდეგ ხდება ხოლმე. მეჩვენება, რომ მხარეებს არ აქვთ განცდა, რომ ეს კატასტროფა უკვე დადგა. არადა, რა დღეშიც დღეს ქვეყანა იმყოფება - უკვე კატასტროფაა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რასაც ვაკვირდებით, უფრო იმას გვიჩვენებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტებს შორისაა და არა მაინცდამაინც მოსახლეობაში. მეტიც - მოსახლეობიდან კონფლიქტზე დაკვეთა არაა, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხს მართლაც სურს ნახოს, როგორ შრომობენ ცივილურად პოლიტიკოსები ქვეყნის საჭიროებების გადაწყვეტაზე.

კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტებს შორისაა და არა მაინცდამაინც მოსახლეობაში. მეტიც - მოსახლეობიდან კონფლიქტზე დაკვეთა არაა, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხს მართლაც სურს ნახოს, როგორ შრომობენ ცივილურად პოლიტიკოსები ქვეყნის საჭიროებების გადაწყვეტაზე

წესით ამგვარი გარემო, როდესაც პოლიტიკოსები არ უსმენენ მოსახლეობას, ახალ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს ბადებს ხოლმე. ამიტომ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვიხილოთ მოსახლეობის კიდევ უფრო დისტანცირება პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან.

რაც ალბათ გამოიხატება ოპოზიციური და სამთავრობო აქციებზე გამოსულ ხალხთან რაოდენობაში.

- იმის გათვალისწინებით რომ გორის ჰოსპიტალში მყოფი მესამე პრეზიდენტი ახერხებს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, აქტუალურად რჩება მესამე პრეზიდენტის მომავალი - გამოჯანმრთელების შემდეგ მას ციხეში გადაიყვანენ, თუ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებენ. როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი ქვეყნიდან წასვლა გამორიცხულია.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით და რა გავლენას იქონიებს იგი ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

- სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მგონი არც არავინ იცის როგორ განვითარდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება. თუმცა, რამდენიმე ვარიანტია და მაინც განვიხილოთ.

პირველი - სააკაშვილი რჩება ციხეში და ვცხოვრობთ დაახლოებით იმავე ვითარებაში რაშიც დღეს. მეორე - მხარეები აღწევენ შეთანხმებას და ტარდება იმგვარი სასამართლო პროცესი, რომლის გადაწყვეტილებას არცერთი მხარე არ აპროტესტებს. ანუ მხარეები ენდობიან სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს. მესამე - სააკაშვილს რაღაცნაირად უშვებენ საზღვარგარეთ და ამგვარად გაარიდებენ ადგილობრივ კონტექსტს.

რა თქმა უნდა, არსებობს მეოთხე სცენარი, როდესაც ხელისუფლება იძულებული ხდება გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ამჟამად ოპოზიცია, აშკარად ამ სცენარზეა ორიენტირებული. თუმცა, ეჭვი მეპარება მის რეალისტურობაში.

რა თქმა უნდა, არსებობს მეოთხე სცენარი, როდესაც ხელისუფლება იძულებული ხდება გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ამჟამად ოპოზიცია, აშკარად ამ სცენარებზეა ორიენტირებული. თუმცა, ეჭვი მეპარება მის რეალისტურობაში

- ბრძანეთ - კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტებს შორისაა და არა მაინცდამაინც მოსახლეობაში.“

ამგვარი მოსაზრება გამოთქვა რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმაც - „აშკარაა, რომ საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო სისტემა, რომელიც საქართველოშია, არაადეკვატურია“.

მეტიც, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 51%-ზე მეტმა მოქალაქემ ხშირად არ იცის ვის მისცეს ხმა, - „ხალხში არ არის პოლარიზაცია, ეს პარტიების პრობლემაა“.

ვითარებაში, როცა ქვეყანაში კლასიკური გეგებით პარტიები არ გვყავდა, პარლამენტში პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ტრადიცია არ გვქონდა, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა აშკარად ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ თუ რამე ტიპის კრიზისია ქვეყანაში, ეს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ელიტების შეუთანხმებლობის პრობლემაა?

- სრულად ვეთანხმები ამ მიდგომას, თუ დავაკვირდებით პოლიტიკურ პროცესს, პარტიებს და პოლიტიკურ ელიტას შეეძლო იგი არა რადიკალიზაციისკენ, არამედ პირიქით დეესკალაციისკენ წაყვანა.

ვთქვი და გავიმეორებ - მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციით, ქუჩის აქციებით, ერთმანეთის გინებით, მისი უდიდესი ნაწილის დაკვეთა სიმშვიდეზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესზეა.

წესით ამ დაკვეთით უნდა ისარგებლონ სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა, ანუ მათ ვინც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნებიან. ზოგიერთმა, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ დაინახა და პირიქით, გახდა ამ ორი პოლუსის ტყვე. ზოგიერთმა თითქოს დაინახა და ამაზეც აგებდა საარჩევნო კამპანიას, მაგრამ არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად გაქრნენ პოლიტიკური ველიდან.

აღარ, ანდა ძალიან იშვიათად ჩანს ბატონი გახარია, სხვა შედარებით მცირე პარტიებიც ვერ ახერხებენ საკუთარი დღის წესრიგის შექმნას. არადა, ახლაა მომენტი, რომ რაღაც სხვა შესთავაზონ მოსახლეობას, თუ აქვთ რაიმე შესათავაზებელი!

- საზოგადოების გარკვეულ წრეებში პოლარიზაცია არსებობს. ხალხი მზადაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, ბარიკადებზე დგომის სურვილს ბევრი არ ავლენს.

სულ ცოტა ხნის წინ ბევრი წუხილს გამოთქვამდა რომ საზოგადოებაში დიდი იყო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა. პოლარიზაციის გამო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა კვლავ არსებობს?

- სამწუხაროდ, სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა სულ არსებობს. თუმცა, უახლოეს მომავალში არა მგონია რაიმე მასშტაბურ დაპირისპირებას უნდა ველოდეთ.

სამწუხაროდ, სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა სულ არსებობს. თუმცა, უახლოეს მომავალში არა მგონია რაიმე მასშტაბურ დაპირისპირებას უნდა ველოდეთ

ერთია, რომ ხალხი ზოგადად დაიღალა გამოსვლებით, მეორეც ახალი წელი მოდის და სავარაუდოდ გაჭირდება ხალხის დიდი მასების გარეთ გამოყვანა.

- საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება საკმაოდ რთული და სახიფათოა. ასეა არა მხოლოდ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის არსებობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ აშშ-ს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაურკვეველია და პუტინის რუსეთი სულ უფრო არაპროგნოზირებად ქვეყნად ხდება.

თქვენი დაკვირვებით საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე და საშინაო პოლიტიკაზე?

- პარადოქსია, მაგრამ არანაირს. ჩვენი პოლიტიკოსები იმდენად მოცულნი არიან საკუთარი თავით, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ. არადა, თქვენი თქმის არ იყოს, მართლად დაძაბული საერთაშორისო გარემოა.

უკრაინის გარშემო სიტუაცია ბოლომდე ვერ განიმუხტა, რეგიონშიც საკმაოდ დინამიკურად ვითარდება მოვლენები. ისეთი პირი უჩანს, რომ იწყება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია. არაა გამორიცხული მალე სატრანსპორტო ხაზების გახსნაც ვიხილოთ და ჩვენ სად ვართ? მიდის ამ ყველაფერზე ფიქრი? ცოტა მეეჭვება.

ისეთი პირი უჩანს, რომ იწყება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია. არაა გამორიცხული მალე სატრანსპორტო ხაზების გახსნაც ვიხილოთ და ჩვენ სად ვართ? მიდის ამ ყველაფერზე ფიქრი? ცოტა მეეჭვება

- ძნელი დასაჯერებელი, რომ მმართველ გუნდს და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, არ ესმოდეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გართულებულ ვითარების გამო საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი გამოწვევაა საფრთხის წინაშე საზოგადოების კონსოლიდაცია.

საგარეო საფრთხეების წინაშე რომ საზოგადოება მაქსიმალურად კონსოლიდირებული იყოს, თქვენ რას ურჩევდით ერთი მხრივ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც რუსეთი საფრთხეა?

- მთელი ჩემი საუბარი ერთგვარი რჩევა გამოდის... გვჭირდება სტაბილიზაცია, ეროვნული კონსოლიდაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო საკითხების გარშემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ ჩვენი საგარეო პარტნიორების მხარდაჭერას და კიდევ უფრო მოწყვლადი გავხდებით საგარეო რისკების წინაშე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს