ნიკა გვარამია - გამომძიებელმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეს არის მუქარა, ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შევიტან

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას პროკურორის მისამართით უცენზურო სიტყვა არ გამოუყენებია. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით ის გამოიკითხა.

„სამარცხვინო პროცესი იყო. განემარტათ, რომ ასე არ არის, შეეძლო კიდევ ერთხელ მოესმინა შენელებულად და ა.შ. მერე დაიწყო სიტყვა „გამოკვლევებულის“ გამოკვლევა და პროცესი ბოლომდე „გამოკვლევებული“ გახდა, იმიტომ, რომ მივხვდით, რომ ეს არის ხუმრობა და ა.შ.

პროკურორს არ შევეხები, ქალბატონი იყო, რომელსაც კითხვები არ დაუსვამს და ღირსეულად იქცეოდა. გამომძიებელი, ბატონი ბრეგვაძე მეკითხებოდა, მაგალითად სააკაშვილის მიმართ გამოვიყენებ თუ არა ამ სიტყვას. გასაგებია, ხომ რა ინტერესია? რა კონტექსტში გამოვიყენებ, ეს ჩემი საქმეა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხუმრობად დარჩება.

საკითხის გამოკვლევა რომ დასრულდა, ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ანუ სხდომა დასრულებული იყო, მაგრამ მოსამართლე ჯერ კიდევ დარბაზში იყო. მითხრეს, რომ კი. ანუ ეს საკითხი „გამოკვლევებულია-მეთქი?“ კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ მოსამართლის თანდასწრებით, ოღონდ სხდომის მიღმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. „ცეცხლს ეთამაშები“ არის მუქარა. ამის მერე მტკიცება დაიწყო, რომ ის ხუმრობდა. ანუ სიტყვა „გამოკვლევებული“ თურმე არ ყოფილა ხუმრობა“ და „ცეცხლს ეთამაშები“ ყოფილა ხუმრობა.

„ცეცხლს ეთამაშები“ არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას პროკურორის მხრიდან, როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია. „ცეცხლს ეთამაშები“ არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გამომძიებელ ბრეგვაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი, როგორც მოქალაქეები, იმიტომ, რომ სხდომის დახურვის მერე ისინი მოქალაქეები არიან. როგორც მოწმეები, მოვითხოვ გამოიკითხონ", - განაცხადა გვარამიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს