ანზორ ბიწაძე კობახიძეს - ბატონო ირაკლი, იმ გაგებით, რითაც ოპოზიციას მოუწოდე, რომ ჭკვიანად მოიქცეს და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, ჭკვიანად არ მოვიქცევით

ბატონო ირაკლი, იმ გაგებით, რა გაგებითაც მოუწოდე ოპოზიციას, რომ ჭკვიანად მოიქცეს და მაშინ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამ გაგებით ჭკვიანად არ მოვიქცევით, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით ბიწაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ის თუ რა შედეგით დასრულდება, პირველ რიგში ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

მისივე განცხადებით, ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმით, პოლიტიკური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასაც აღიარებენ.

„კობახიძემ დღეს თავისი გადმოსახედიდან ოპოზიციის ნაწილს, ან სრულიად ოპოზიციასაც, უთხრა, რომ თუ ჭკვიანად მოიქცევით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით არ იქნება. კობახიძეს პირდაპირ შემიძლია ვუპასუხო, ის ადამიანები, ვინც ვთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის წინსვლისათვის პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ვიბრძვით ხელისუფლების შესაცვლელად, პირდაპირ ვეუბნებით კობახიძეს, რომ იმ გაგებით რა გაგებითაც შენ მოუწოდე ოპოზიციას, რომ ჭკვიანად მოვიქცეთ და მაშინ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამ გაგებით ჭკვიანად არ მოვიქცევით.

ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის ერთადერთი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, როცა უარს იტყვის ვადამდელი არჩევნების იდეაზე, მაშინ მან უნდა აღიაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად”, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, აუდიენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც "ქართულ ოცნებას" მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე, ყველა თემა აღნიშნულთან დაკავშირებით არის ღია. რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა