სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე, ამიტომ არანაირი სურვილი არ გვაქვს სიმულაციაში მონაწილეობის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიპატიჟებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ბოკერია განმარტავს, ის სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგია.
„ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ მოწვევისთვის. სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს - ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ეს სიმულაციაა, არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. ამას ნაბიჯები აჩვენებს, რომელიც გადადგმული იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპულად კი არ ვეწინააღმდეგებით, სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგები ვართ", - განაცხადა ბოკერიამ.