ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ კი, მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს.

დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს.

პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ.

ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარეობა და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა მეგობრებო.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ - მინისტრი და იმ დიდ პოლიტიკურ გუნდთან ერთად გავუძღვე მთავრობას, რომელიც იცავს პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საზოგადოება. გამოწვევები და პრობლემები ბევრია ქვეყანაში: ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით, დაუღალავი, თავდადებული, 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, იმისათვის რომ ყველა სირთულე გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს.

„ჩემი გამოსვლის დასაწყისში მოკლედ შევეხები იმას, თუ კიდევ რა გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი, როდესაც გუნდმა პრემიერ-მინისტრად წარმადგინა.

მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის