ქართული პრესის მიმოხილვა 20.12.2021

თენგიზ ფხალაძე - “ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს”

მსოფლიოს მძიმე “ომიკრონზამთარზე” აფრთხილებენ - რა საფრთხე ელის საქართველოს

ვახტანგ ძაბირაძე - “ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე”

“ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია” - ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა

მამუკა ხაზარაძე - “ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს”

“კრემლის ქმედებები, რასაც რუსეთი პოლიტიკას ეძახის, სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი. ამ შანტაჟის ნაწილია ის ე.წ. შეთანხმების ტექსტები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და რომლებითაც ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას, თითქოსდა ევროპული უსაფრთხოების გამო. ამ ტექსტების ადრესატი, ძირითადად, თითქოს აშშ-ია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული დიპლომატია ამ საკითხის მოსინჯვას ცდილობდა არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ა.შ. ურთიერთობაშიც. რუსეთი ცდილობს დასავლურ სახელმწიფოებში შეიტანოს განხეთქილება, იცის რა, რომ მისი ამბიციების მოთოკვა შეუძლია მხოლოდ იმ ერთიანობას, რომლის დემონსტრირებას ახდენენ აშშ, ევროკავშირისა და ნატოს წამყვანი სახელმწიფოები”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს” / “შანტაჟის ენამ, რომლითაც კრემლი დანარჩენ მსოფლიოს ესაუბრება, ნათლად დაგვანახა ყველა ის მიზანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს და ამ სახელმწიფოსგან მომდინარე ყველა საფრთხეც გააშიშვლა”.

“გავიხსენოთ, რომ ბაიდენ-პუტინის ბოლო ონლაინშეხვედრის წინ ბაიდენი ჯერ ევროპის ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ელაპარაკა, შემდეგ კი შეხვედრაზე ერთიანი პოზიცია წარმოადგინა. მოკლედ, რუსეთი ცდილობს ამ ერთიანობაში ბზარი შეიტანოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გერმანიის ახალი ხელმძღვანელობის გაბედული და მკვეთრი ნაბიჯები. მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ვერდიქტი და ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება არ მოერიდა რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას. ახლა რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე საფრანგეთია, სადაც მომავალ წელს არჩევნებია დაგეგმილი... ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობს პოზიციების მოსინჯვას ბაიდენ-პუტინის მომავალი შეხვედრის წინ, რომელიც 2022 წელს უნდა გაიმართოს. შანტაჟის ენამ, რომლითაც კრემლი დანარჩენ მსოფლიოს ესაუბრება, ნათლად დაგვანახა ყველა ის მიზანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს და ამ სახელმწიფოსგან მომდინარე ყველა საფრთხეც გააშიშვლა. თუ ვინმეს აქამდე ამაში ეჭვი ეპარებოდა, ახლა მისთვისაც ყველაფერი ცხადია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ ევროკავშირსაც და ნატოსაც იმის თაობაზე, როგორ უნდა მოახერხონ კრემლის ამბიციების მოთოკვა. რუსეთის მოთხოვნას, რომ თურმე ნატო აღმოსავლეთით აღარ უნდა გაფართოვდეს, უკვე მოჰყვა როგორც აშშ-ის, ასევე ნატოს გენმდივნის თუ ევროპის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენელთა განცხადებები. თავისთავად ცხადია, რომ გავლენის სფეროების რუსულ განაწილებაზე დასავლეთი კრემლს არ დასთანხმდება, მაგრამ ახლა ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს მისი შეკავება და ისეთი ქვეყნების დაცვა, როგორიც უკრაინა და საქართველოა. საინტერესოა, რომ რუსეთის მომზადებულ ე.წ. შეთანხმების ტექსტში ყველა ვალდებულება ეკისრება კოლექტიურ დასავლეთს და აშშ-ს, რუსეთს კი არაფერი ევალება. ისმის კითხვა: რატომ არის დღეს ასე გააქტიურებული რუსეთი და რატომ ჩქარობს? საქმე ის არის, რომ ნატომ უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ იქნება ამ კონცეფციაში ასახული შავი ზღვის რეგიონის როლი, როგორი იქნება ნატოს დამოკიდებულება ამ რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების მიმართ ნატოს გაფართოების პერსპექტივის თვალსაზრისით. თავისთავად ცხადია, ეს პირდაპირ აისახება საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ეს მშვენივრად იცის რუსეთმა და ახლა ცდილობს, დასწრებაზე ითამაშოს... მეორე საკითხია ევროკავშირი. უმნიშვნელოვანესი იყო, ევროკავშირს განეცხადებინა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არ არის განყენებული საკითხი და ეს ევროპული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, რაც ნიშნავს, ამ რეგიონისთვისაც შეიქმნას შესაძლებლობები, ისევე იყოს დაცული, როგორც დანარჩენი ევროპა... დღეს რუსეთის საქციელი ტოვებს დეჟავიუს შთაბეჭდილებას და გვახსენებს საბჭოთა კავშირის მოქმედებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღარც ვარშავის ბლოკი არსებობს და აღარც საბჭოთა კავშირი, რუსეთი კი ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ცივი ომის დროს იყო, თუმცა რიტორიკა, ამბიციები აშკარად არ შეცვლილა. წითელი ხაზები გავლებულია. ვფიქრობ, დასავლეთში უკვე ხვდებიან, როგორც კი რუსეთს გავლენის სფეროებთან დაკავშირებით რაღაც მცირეზე დასთანხმდებიან, ის გაცილებით მეტს მოითხოვს”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვფიქრობ, დასავლეთის ნაბიჯები ორი მიმართულებით გადაიდგმება, ერთი იქნება შემაკავებელი სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს რუსეთს და ალბათ, კიდევ გამკაცრდება; ამავდროულად, დაიწყება იმ ქვეყნების დახმარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა, რომლებიც ე.წ. წინა ხაზზე არიან. აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენზე, ჩვენს აქტიურობასა და მზადყოფნაზე... რაც შეეხება ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრას მოსკოვში _ რუსეთი ჯიუტად ეძახის ამ ფორმატს "3+3"-ს როდესაც რეალურად ეს არის "3+2". ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინი უნდა დავამკვიდროთ, დროშის გამოფენა კი მართლაც პროვოკაცია იყო. რუსეთისთვის ეს იყო როგორც რეგიონული მიმართულების გზავნილი, ასევე გზავნილი დასავლეთისთვისაც. რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ რეგიონში მისი შეფასებით უცხოს არაფერი ესაქმება, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო, რომელსაც, მისივე წარმოდგენით, იყოფს ირანსა და თურქეთთან. კრემლი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის ჩაკეტილია და ის აქ არ უნდა შემოვიდეს. ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი რეაქცია _ როგორ გამოეხმაურება ამგვარ პროვოკაციას ჩვენი ხელისუფლება თუ საზოგადოება. რაც შეეხება ამ ფორმატს, იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“მაგრამ ამ ქვეყნების თანამშრომლობაც წარმოუდგენლად რთული მგონია. ეს არის იმ სახელმწიფოების თავყრილობა, რომელთაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. სომხეთ-აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ისევ საომარ მდგომარეობაში არიან და, ვფიქრობ, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათ შორის ომი დასრულდა. რთულია სომხეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ნორმალიზების მცდელობებს ვხედავთ. ისტორიულად ძალიან რთული, ცვალებადი და ჩახლართული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ირანსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორ თურქეთსა და რუსეთს შორის... მოკლედ, ისეთი პრობლემების გორგალია ამ ვითომ ერთიანობაში, რომ ამ ფორმატის პერსპექტივის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია... რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, რათა უფრო მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილნი შავ ზღვაზე და, ზოგადად, რეგიონში”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა საზოგადოებრივ-პოლიტიკური დიალოგის წამოწყების თაობაზე ჩვენში სხვადასხვაგვარად აღიქვეს...” - პასუხობს:

“ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომაც გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. ინიციატივა ძალიან კარგია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მოხერხდება და ეს პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური გახდება. რა თქმა უნდა, პროცესი ვერ წარიმართება, თუ ამისთვის მზად არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის”.

“ვეთანხმები პრეზიდენტს - როდესაც შიგნით არა გვაქვს ერთიანობა, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე და დავაინტერესოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, ან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ეროვნულ ინტერესებზე, როდესაც არ გვაქვს განსაზღვრული საკითხები, რომლებზეც ყველა შევთანხმდებით... ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ინიციატივაში, არ ვიცი, დეტალებს არ ვიცნობ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში ყველა ჩაერთოს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განხილვის თემად დარჩა. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება”, - თვლის ექსპერტი.

“ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად! ვიმეორებ, ეს იქნება რთული და მტკივნეული გზა. ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს... დღეს ჩვენ ვისმენთ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ წარმოუდგენია ამა თუ მხარეს რაღაც პროცესი, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საქმის გაკეთება, საჭიროა, ერთი საკონსულტაციო თავყრილობა გაიმართოს, სადაც უნდა გამოჩნდეს, არსებობს თუ არა გადაკვეთის წერტილები, რომლებზეც უნდა აიგოს შემდგომი პროცესი. რაც უნდა მძიმე იყოს პირისპირ ლაპარაკი, ეს ყოველთვის სჯობს ეპისტოლარულ თუ მონოლოგის ტიპის განცხადებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ წინსვლას, თუ ერთმანეთის მოსმენას მოვახერხებთ”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

მსოფლიოს მძიმე “ომიკრონზამთარზე” აფრთხილებენ - რა საფრთხე ელის საქართველოს

“დიდი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აცხადებენ, რომ მსოფლიოს ურთულესი “ომიკრონზამთარი” ელის - სპეციალისტების თქმით, სამხრეთ აფრიკული შტამის ვერაგობა ისაა, რომ ელვისებურად ვრცელდება, შესაბამისად, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთდროულად დაინფიცირდა, ქვეყნებს მისი მართვა გაუჭირდება. დღეის მდგომარეობით კი საქართველოს მაქსიმალური რესურსი 9 ათასზე ოდნავ მეტი საწოლია, თუმცა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ასეთ ვითარებაში მთავარი მედპერსონალის რაოდენობაა. “ომიკრონი” აშშ-ის უკვე 36 შტატში დაფიქსირდა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, ამ ვარიანტის სწრაფი გავრცელება აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მოქალაქეებს კი მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიოს მძიმე “ომიკრონზამთარზე” აფრთხილებენ - რა საფრთხე ელის საქართველოს.

“აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი აშშ-ში დომინანტური, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება და ზამთარში მოსალოდნელია საავადმყოფოების გადატვირთვა. ამასთან, მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც “ბუსტერ” დოზით არიან აცრილები, “შედარებით კარგად იქნებიან დაცული”. ეს ვარიანტი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება ევროპაშიც, საფრანგეთის მთავრობამ გავრცელების შესაჩერებლად შესაბამისი ზომები მიიღო, გაამკაცრა მიმოსვლა, ვაქცინის მეორე და მესამე დოზით აცრებს შორის შუალედი შეამცირა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შორ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში, კოვიდ პასპორტების წარდგენა სავალდებულო გახადა. ყველა ოფიციალური საახალწლო ზეიმი და ფოიერვერკი გაუქმდა, თუმცა, მიუხედავად ამისა სპეციალისტები ელიან, რომ 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში დომინანტური გახდება... როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს,”ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება და უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება... დღეს არსებული მონაცემებით, სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომლის თქმით, “მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა”. დღეის მდგომარეობით ”ომიკრონთან” ბრძოლისთვის რა რესურსი აქვს საქართველოს, აღნიშნულ საკითხზე “რეზონანსს” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე ესაუბრა, მისი განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მობილებულია, თუმცა მთავარი მაინც მედპერსონალია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაზე საწოლი ფიზიკურად გათვლილი ვერ იქნება, ჰოსპიტალური სექტორისათვის გარკვეული პროცენტია გამოყოფილი, ჩვენთან ჰოსპიტალური სექტორის 85% კერძოა, აღმასრულებელმა ხელისუფალმა კი მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთა და 4500 საწოლიდან 9100 საწოლზე აიყვანა, ანუ ეს მაქსიმალური ციფრია. ჩვენმა სისტემამ საველე ჰოსპიტლების ნაწილიც გამოსცადა, თუმცა, მთავარი საწოლი კი არა ექიმია, ის ადამიანი, რომელიც დაავადებულს მოუვლის, ექიმს ასე უცბად ვერ მოამზადებ, ეს რესურსი, რომ მოამზადო, ამისათვის 7-10 წელია საჭირო. დღეს სასუნთქი აპარატები, ჟანგბადის წარმოება, რეანიმაციული განყოფილებები მაქსიმალურად მობილიზებულია. ესენი ორ რამეზეა გათვლილი, პირველი - ექიმების და სამედიცინო პოტენციალზე და მეორე - თვითონ ადამიანის მზაობაზე, რომ სამედიცინო პერსონალს გვერდში დაუდგეს. სამედიცინო პერსონალმა დაამტკიცა, რომ თავი გადადო, უამრავი ექიმი და სანიტარი შეეწირა და ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობა ამას არაფრად არ სთვლის” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ ომიკრონი ელვისებურად ვრცელდება, აგერ უკვე ას ქვეყანამდეა ასული, რომელიც უცილობოდ დომინანტური შტამი გახდება, ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ როგორმე მედეგად დავხვდეთ, მასთან საბრძოლველად ორი იარაღი გვაქვს: ერთი საკუთარი იმუნური სისტემა, ანუ უნდა აიცრა, რათა თუ ვირუსი ორგანიზმში შეიჭრა, ადამიანი არ გარდაიცვალოს, არ დამძიმდეს და რეანიმაციაში არ მოხვდეს. მეორეა რეგულაციები - ვაქცინა გარდაცვალებისგან და მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავს და არა დაავადებისგან. პრაგმატული ტვინის პატრონი ეცდება, რომ რეგულაციები დაიცვას, ამისთვის მათრახის გამოყენება და საჯარიმო სანქციები, პოლიციელი საჭირო არაა, ამისთვის ტვინია საჭირო. ჩვენთან ნიღბის ტარება 28%-ზე ჩამოვიდა. ამერიკამ და ინგლისმა საახალწლო ღონისძიებების ჩატარება შეწყვიტეს, ჩვენ კი ჩვენივე თავის ჯინაზე ამას ვაკეთებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პანდემიის პერიოდში სამასზე მეტი განცხადება მაქვს გაკეთებული, მხოლოდ მე არა ამას ყოველდღიურად დაუღალავად აკეთებენ ჟურნალისტები, სამედიცინო სექტორი, პროფესიონალები, ასევე ტელევიზიაში ვრცელდება ყოველდღიურო მძიმე მონაცემები. მოსახლეობას მივმართავ, ვართ თუ არა მზად ამ ვირუსთან თანაცხოვრებისთვის? რა რესურსი გვაქვს მე უკვე ავხსენი, ახლა მოსახლეობა როგორ იქცევა? კითხვა მაქვს ჩვენს პოპულაციასთან - ხომ თავი მოგვაქვს, რომ ჭკვიანი, განათლებული, პატიოსანი, მიმნდობი, კეთილის მსურველი ერი ვართ, ახლა ეს საქმით დავამტკიცოთ, მეტი არაფერი, ან ვირუსი გვაჯობებს, ან ჩვენ ვაჯობებთ”, - მიიჩნევს კახაძე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ თუ ომიკრონი მასიურად გავრცელდა, გამოსავალი ვაქცინაცია, სააზღვრების და შიდა მკაცრი კონტროლია”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ომიკრონის გავრცელება მართლა მასიურად მოხდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მძიმე პაციენტებს სტაციონარიზაციის საშუალება მიეცეს და საშუალო სიმძიმის პაციენტები ალბათ გარეთა ჰოსპიტლებში იქნებიან, გარედან შემოსული ადამიანების მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს. თუმცა ასეთი კონტროლის შემთხვევაში არა მგონია, რომ მისი გავრცელება ასე აქტიურად მოხდეს. სირცხვილია, ბანგლადეშში უფრო მეტი აცრილია, ვიდრე საქართველოში, აცრების კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, როგორ ვერ მიხვდა ის ხალხი, რომ ყოველდღე ათობით ადამიანი იღუპება და ეს ომიკრონი რას იზამს კაცმა არ იცის. “ბუსტერ” დოზა ცაკლე საკითხია, თუმცა პირველ-მეორეს არ იკეთებენ და რა “ბუსტერზეა” საუბარი. “მოდერნა” და “ფაიზერი” ეს ორი ვაქცინაა, რომელიც დღეს მაქსიმალურად მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“არა მგონია, რომ “ომიკრონი” რამდენიმე საათში აქ დომინანტური გახდეს, რადგან სხვა ქვეყანაში სხვა იმუნური ფენა ხვდება, აქ სხვანაირი, თუმცა ასე სწრაფად განვითარების ფონზე, ვირულენტობის სწრაფი მატება ნაკლებადაა შესაძლებელი. თუმცაღა, თუ ბევრი ადამიანი დასნებოვნდა, მაშინ უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, რომ გადადების მომენტში ვირუსი გაძლიერდეს და შესაბამისად მისი ვირულენტურობის, ანუ დამზიანებელი ფუნქციის მატება. ეს ფაქტორი კი აცრილ ადამიანებში პრაქტიკულად არ იმუშავებს, ისე როგორც აუცრელებში. ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ აუცრელობის შემთხვევაში, ზიანს არა მხოლოდ თავის თავს აყენებს, არამედ სხვასაც. უნდა ავიცრათ და რეკომენდაციები დავიცვათ. კაცმა არ იცის ამ ახალ წლებზე რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ისევ იქნება ღრეობა, შეკრებები, ფიზიკურად ვერ დაუშლი, ავტომატით ხომ არ გამოეკიდები, ადამიანი აცრას არ იკეთებს და ახალ წელს არ აღნიშნავს? არ მგონა თუ ქართველების ინტელექტი ამგვარად დაბალი იქნებოდა” - დაასკვნის ირაკლი ხმალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე”

“ორად გაყოფილი საზოგადოება ქართული რეალობისთვის ახალი ამბავი არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და ილაპარაკონ, არაფერი გამოვა, პირველივე შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ კიდევ მეტი დაპირისპირებით დასრულდება. ჩვენ ხომ ვიცით, როგორია თითოეული პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განწყობა ოპონენტის მიმართ?! “ოცნება” მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობამ”უარი უნდა თქვას პოლიტიკაზე და სააკაშვილი ციხეში დარჩეს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ესენი რომ ერთ მაგიდასთან მოხვდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდება? ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსახილველ თემებს წინასწარ ჩამოაყალიბებს, ოღონდ ამ ჯგუფში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე”.

“ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრისგან, ჟურნალისტებისგან, ექსპერტებისგან, იურისტებისგან... ოღონდ აუცილებლად უნდა იყვნენ ობიექტურები და მხარეს არ უნდა წარმოადგენდნენ. როგორც კი პროცესში ჩართული იქნება პირი, რომელიც რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იქნება, პროცესი მაშინვე ჩაიშლება. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, უნდა განვსაზღვროთ, რა გვსურს, ვეძებოთ დამნაშავე თუ შეცდომები. დღეს ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ და არა შეცდომებს. არადა, თუ არ გავარკვევთ, რა შეცდომები დავუშვით წარსულში, არაფერი გამოვა. წარსულზე შეთანხმება უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აწმყოსა და მომავლის გასაანალიზებლად და არა დამნაშავეების მოსაძებნად და დასასჯელად. პროცესი რთული და შრომატევადი იქნება. ჩვენ არა ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და უნდა გამოვიყენოთ. ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე - მესამე გზა არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“იმისთვის, რომ მეორე გზა ავირჩიოთ, წარსულზე საუბარს თავი დავანებოთ და მომავალს მივხედოთ, ხელისუფლებაში დიდი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ძალა უნდა იყოს. თავის დროზე “ოცნებასაც” დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და “ნაცმოძრაობასაც”. ამის გაკეთება 2003 წელსაც შეიძლებოდა და 2012 წელსაც, მაგრამ ეს ნაბიჯი არც ერთმა არ გადადგა. 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ყველამ საკუთარი ხელისუფლების გამყარებაში დახარჯა. დღეს “ოცნებას” აღარ გააჩნია პოლიტიკური კაპიტალი, რათა ყველაფერი დაივიწყოს და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. ამიტომ მხოლოდ ერთი გზა გვრჩება - წარსულის გაანალიზების საფუძველზე მომავალზე შეთანხმება. დიახ, წარსული ისე უნდა გავაანალიზოთ, რომ დამნაშავეები არ გამოვკვეთოთ - უნდა გამოვკვეთოთ მხოლოდ შეცდომები. შეცდომების გაანალიზება გაცილებით გაადვილდება, თუკი პერსონებს არ შევეხებით. მხოლოდ გასული 9 წლის წინანდელი ამბები კი არა, “ქართული ოცნების” 9 წელიც ისევე უნდა გავაანალიზოთ, როგორც “ნაციონალების”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მე რომ მკითხოს კაცმა, სააკაშვილის გათავისუფლება დაპირისპირებას უფრო გაამძაფრებს. თუ ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის დასჯის მომხრეა. ამასთან, ვინაიდან დღეს პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილი, სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ხელისუფლების კეთილ ნებად კი არა, მარცხად აღიქვამს. არა მარტო ოპოზიცია, საზოგადოებაც ასე იფიქრებს. როდესაც ვამბობ, “ოცნებას” პოლიტიკური კაპიტალი აღარ აქვს-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობ. ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ გაათავისუფლებს სააკაშვილს. 2012 წლის შემდეგ მხარდამჭერების 40% დაკარგა. ახლა ეს ნაბიჯი რომ გადადგას, შეიძლება ერთი ამდენი მხარდამჭერი კიდევ დაკარგოს. ზურაბიშვილს შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ამას შერიგებასთან საერთო არაფერი ექნება”, - თვლის ანალიტიკოსი.

“პრობლემას ვერ მოაგვარებს პოლიტიკური სპექტრი, საქმის მოგვარება უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ჯგუფმა. თუ ამ ჯგუფის წევრები “ოცნებას” ეტყვიან, რომ მათ ესა თუ ის შეცდომა დაუშვეს, ისინი ვერ უპასუხებენ, “ნაციონალებმა” ხომ უარესი შეცდომა დაუშვესო, და პირიქით, “ნაციონალები” ვერ იტყვიან, “ოცნება” ჩვენზე უარეს შეცდომებს უშვებსო. ამით ბოლო მოეღება ურთიერთბრალდებებს, მტრობას გადავიყვანთ კონკურენციაში და საქმეზე ორიენტირებას მოვახერხებთ. ამის მერე შეიძლება სააკაშვილის შეწყალებაც კი არ იყოს “ოცნებისთვის” მტკივნეული. ძალიან ბევრი საკითხი გაირკვევა. მაგალითად, ისიც, იყო თუ არა შეცდომა 7 ნოემბერი ან 26 მაისი... არ მესმის “ნაციონალების”, როდესაც ამბობენ, შეცდომები დავუშვითო. ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, ეს შეცდომა იყო? პატიმრები შემთხვევით აწამეს?! არა, ბატონო, ეს გააზრებული პოლიტიკის შედეგი იყო. აი, ასეთი რთული საკითხებია განსახილველი. ამასთან, თუ არ მოგვარდა, ძალიან რთული სცენარის გავლა მოგვიწევს - “ოცნება” დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაკარგავს ჯერ კიდევ შემორჩენილ ელექტორატს, ხელისუფლებაში მოვა ოპოზიცია და ისევ დაიწყება ყოფილი ჩინოვნიკების დევნა. ისევ ძველ წრეზე წავალთ და ისევ დავაბრკოლებთ ქვეყნის განვითარებას”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა ეს პროცესი წამოეწყო?” - პასუხობს:

“კი, ასე ვფიქრობ. ერთ-ერთი მთავარი თუ არა, გადამწყვეტი ამ საქმის წამოწყებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ისინი კარგად ხედავენ ხიფათს, რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა. ისინი მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების შეცვლაში როგორც 2003 წელს, ასევე 2012 წელსაც. ის, რომ 1991-1992-იანი წლების სცენარი არ გავიმეორეთ და მშვიდობიანად გადავაგორეთ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, მათი დამსახურებაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული ფაქტორი ყოველდღიურად იზრდება. 2003 წელს უფრო ადვილი იყო რუსული ფაქტორის გადაგორება, 2012-შიც, ამჯერად ასე ადვილი აღარ იქნება, იმიტომ, რომ 2003 თუ 2012 წელს დასავლეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, ჩვენს საკითხზე. დღეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა და შესაძლოა ვეღარც შეთანხმდნენ. ამას რა მოჰყვება ძნელი სათქმელია, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ დასავლეთიც შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და რუსეთიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი შეუთანხმებლობის შედეგად აქ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება”.

“ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია” - ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა

“ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ - ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი ახალი მედიკამენტი Xevudy „სოტროვიმაბი" და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა - მოვლენას იმედისმომცემად მიიჩნევს ჯანდაცვის სფერო. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახალი მედიკამენტები გარდამტეხ როლს ითამაშებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, შესაძლოა 2022 წელი პანდემიაზე გამარჯვების წელი გახდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამ მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ნიშანია” - ევროპამ ვირუსის სამკურნალო 3 ახალი პრეპარატი აღიარა.

“კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია ახალი მედიკამენტების შემოღება. ვფიქრობ, რომ 2022 წელს პანდემია საბოლოოდ დამარცხდება, რადგან, ვაქცინასთან ერთად, საკმაოდ ბევრი, ეფექტური მედიკამენტი გამოდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი და ბევრად უფრო მოდერნიზებული ვაქცინები გვექნება ვირუსის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, აღნიშნული მედიკამენტების დამტკიცება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი ნიშანია. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ვაქცინაციას აქვს თავისი როლი. ვაქცინა არის პრევენციისთვის, რომ ჩვენ არ დაგვემართოს კოვიდი ან თუ დაგვემართა, მსუბუქად მოხდეს მისი ორგანიზმში მიმდინარეობა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. თუ ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვაქცინა, ისე მედიკამენტი, თითქმის 95%-ით შემცირდება კორონავირუსის უარყოფითი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ ეფექტური კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, მასთან ერთად პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს”, -დაახკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ცნობისთვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა. “მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი Xevudy (სოტროვიმაბი), რომელიც ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მა და ამერიკულმა კომპანია Vir Biotechnology-მა ერთობლივად შექმნეს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას პაციენტებში”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მედიკამენტი Kineret-ი, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან იცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მტკიცებით, მესამე მედიკამენტი, კომპანია „ფაიზერის" აბები Paxlovid-ი, რომელიც გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცეს, შეიძლება გამოყენებულ იქნას “კოვიდ 19”-ით დაინფიცირებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების პროგრესირების რისკი. Paxlovid-ი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე “კოვიდ 19”-ის დიაგნოზის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში”, - აცხადებენ სააგენტოში. აღნიშნული სამი მედიკამენტის დამტკიცება საბოლოოდ ევროკომისიის გადასაწყვეტია. ევროკავშირმა ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო ექვსი მედიკამენტი დაამტკიცა.

მამუკა ხაზარაძე - “ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ”

“მთელი ეს საქმე ფალსიფიცირებულია, ცდილობენ ეს 3-წლიანი მასკარადი კიდევ გააგრძელონ. რას ველოდები ერთი თვის შემდეგ? ჩემი და ბადრის განწყობა ასეთია - მართლები ვართ, მტკიცედ ვდგავართ, მოთმინება გვაქვს, ამიტომ ვერაფერს დაგვაკლებენ, როგორი განაჩენიც უნდა გამოიტანოს მოსამართლემ. ჩემთვის ეს პროცესი კიდევ ერთი ტესტია. 30 წლის განმავლობაში არაერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, იყო მარცხიც, მაგრამ საბოლოოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ იმ 10 000 კაცთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამას ებრძვიან, სურთ ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ” / “გახარიამ ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა”.

“მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი - თუ რამე დავაშავეთ, პასუხიც უნდა ვაგოთ, თუ არ დაგვიშავებია, საქმე უნდა შეწყდეს და გამამართლებელი განაჩენი დადგეს. 3 წელია გვედავებიან, ფული გაათეთრეთო. ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული მართლა ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ. მესმის, ძნელია ამის აღიარება, იმიტომ, რომ ეს მათი ლუსტრაცია იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.... რას ნიშნავს ჯარიმას დაგვაკისრებენ? ფულის გათეთრება უმაღლესი დანაშაულია. ეს ან უნდა დაგვიმტკიცონ, ან აღიარონ, რომ ბრალს ტყუილად გვდებდნენ. შუალედური ვერსია გამორიცხულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“დეპუტატის მანდატის დავტოვე, რადგან მსურს პარტიას მეტი დრო დავუთმო, რეგიონებში ვიარო და მომავალი რიგგარეშე არჩევნებისთვის მოვამზადო. ჩვენი პარტიის შექმნას რთული პერიოდი დაემთხვა: ერთი მხრივ, პანდემია, მეორე მხრივ, ორი არჩევნები. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწიეთ - 29 კაცი გვყავს საკრებულოებში. რაც შეეხება ეროვნულ შერიგებას, ეროვნული შერიგება რას ნიშნავს? მე ნაჩხუბარი არავისთან ვარ, რომ შევურიგდე. ჩემი გადმოსახედიდან შერიგება ნიშნავს, რომ შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს. პოლარიზება უნდა შევამციროთ, თორემ უკვე კისერში ამოვუვედით ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. როგორც კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაიწყო პროცესი, ჩვენ მაშინვე დავუდასტურეთ მხარდაჭერა და გამოვთქვით პროცესში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, წითელ ხაზებსა და წინა პირობებზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვთქვათ, რა არის მთავარი პრობლემა. მერე გამოიკვეთება, თუ რა იქნება შემდეგ გასაკეთებელი. პრეზიდენტს ჯერ განცხადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობების წამოყენება დაიწყო. სახელმწიფოებრივად მოფიქრალმა ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს პირობები არ უნდა წამოუყენოს... ოპოზიციაში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ხომ არ არის? თუმცა, მგონია, რომ პროცესში ისინიც ჩაერთვებიან. მთავარია ყინული დაიძრას. ამ პროცესში ყველა საკითხს უნდა შევეხოთ. სააკაშვილს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეუფერებლად მოექცნენ, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც პროცესი შურისძიებას უფრო დაამსგავსა, ვიდრე მართლმსაჯულებას. ჩვენი საქმეც პოლიტიზებულია, სხვათა შორის, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის დროს აქცენტი ამ საკითხზე გაგვემახვილებინა, მაგრამ ეს ამბავი ვაჭრობის საგნად ვაქციეთ”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი.

“პირველი საქმე ჩვენს წინააღმდეგ “ნაციონალების” მმართველობისას- 2003 წელს, კომპანია “ბორჯომთან” დაკავშირებით აღძრეს. სამი წელი გვატარეს პროკურატურაში, მაგრამ საქმე იმდენად უაზრო იყო, სასამართლოში არ გადაინაცვლა და ისე გაქრა, როგორც შეიქმნა. მეორე საქმე 2005 წლის ბოლოს აღიძრა და დავა უკვე სასამართლოებში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ძალიან უღირსი მეთოდებით მკითხავდნენ (იყო ზეწოლა და ა.შ.), მე უკან არ დამიხევია - ჯერ ქობულეთის სასამართლო მოვიგე, შემდეგ უზენაესი და ბოლოს სააპელაციო. ყოველივე ამას 5 წელი დასჭირდა და როდესაც ბოლო სასამართლო მოვიგე, სადავო ქონება უკვე სხვაზე იყო გადაფორმებული. ამ დროს უკვე 2012 წელი იყო. მალე ხელისუფლება შეიცვალა და ეს ამბავი საჯარო რეესტრში გასწორდა... ახლა რაც შეეხება განსხვავებას - “ნაციონალების” მმართველობისას სისტემა მებრძოდა მე, მამუკა ხაზარაძეს, დღეს საქმე ეხება ანაკლიას. ხაზარაძე და ჯაფარიძე საბაბია, სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ ჩააგდო უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც დიდი სიკეთე უნდა მოეტანა ქვეყნისთვის”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

“2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გააჩერეს, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს თავად შეეძლო ანაკლიის პროექტის რეალიზება,­ მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია, გზაც კი არ გაიყვანა, მაგრამ ნახევარი მილიონი დოლარი ჩადეს, ჩრდილოეთის მიმართულებაში, გზის მშენებლობაში... სანამ ანაკლიის პროექტს არ დაემუქრა საფრთხე და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ არ თქვა, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საქმე რუსულ ინტერესებთან გვქონდა?! ანაკლიის პროექტს შეეწირნენ კვირიკაშვილი და ბახტაძეც. რამდენჯერაც წინ წავიდა ანაკლიის პროექტის საქმე, იმდენჯერ პრემიერი გადააყენეს. ბოლოს მე და ბადრისაც მოგვდგნენ და გახარია მოგვიგზავნეს. გახარიას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი - დაემუქრა ადამიანებს. მან ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა. თუ ყველაფერი გავატარეთ და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკეთ, საქმე არ გამოვა. მე არასდროს არ ვიტყვი, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტონ. არა, ბატონო, დაამთავრონ ეს საქმე და სიმართლე თქვან. ამის მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ქვეყნის პრობლემებზე. მე ჩემზე აღძრული საქმით არ ვივაჭრებ. არც სხვებმა უნდა ივაჭრონ”, - ამბობს რესპონდენტი.

“სამი წელია ვიგერიებთ სახელმწიფო შეტევას მედიისა და სოცქსელის მეშვეობით. “ფეისბუკმა” 300 ფეიკგვერდი დახურა. ყველანაირად ცდილობენ, რომ მამუკა ხაზარაძე წარმოაჩინონ საქართველოში საბანკო პროცენტის დამწესებლად, ხალხის ბინებიდან გამომყრელად... ხალხს ამის სჯერა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როცა თიბისი ბანკზე ინტერნეტშეტევა მოხდა, ჩვენ გამოვიძიეთ, თუ საიდან იყო შეტევა და იმდროინდელ შს მინისტრ გახარიას კაბინეტში დავუდეთ მასალა. რა მოხდა? რუსთაველის 12 ნომრიდან ალაგდნენ ტროლები და სხვა მისამართზე გადავიდნენ... ჩვენ საზოგადოებას რეალურ ინიციატივებს ვთავაზობთ. ამომრჩეველიც შესაბამისი გვყავს. ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ბელადებს ეძებს, პროგრამებს მოგვიანებით კითხულობს, ან სულაც არ კითხულობენ”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “ანალიტიკოსები თქვენს მთავარ შეცდომად “ნაციონალებთან” “ფლირტს” მიიჩნევენ” - პასუხობს:

“როდესაც ამხელა ძალა, “ქართული ოცნება”, მყარად არის გამჯდარი ყველგან და შენ მისი დამარცხება გინდა, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შეაფასო. ჩვენ მარტო მას ვერ დავამარცხებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ნაციონალებს” ყველაფერში ვეთანხმებით. ვიცი, შემახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას დავუჭირეთ მხარი, ამიტომ მეც შეგახსენებთ, რომ იმ კაბინეტში 50%-ზე მეტი “ლელოს” წევრები იყვნენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს - ორიენტაცია უნდა ავიღოთ ან კოალიციურ მთავრობაზე, ან “ოცნების” ერთპიროვნულ მმართველობას შევეგუოთ.”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო