პაატა დავითაია - საქართველოს მთავრობაზე მიმდინარეობს ზეწოლა 3 + 3 ფორმატში გაერთიანების მიზნით, რუსეთიდან რეალური საფრთხის საშიშროება არსებობს

საქართველოს მთავრობაზე მიმდინარეობს ზეწოლა 3 + 3 ფორმატში გაერთიანების მიზნით. ოკუპანტი ქვეყანა ყველა მცდელობას იყენებს ამ ფორმატში ჩვენს ჩასათრევად. რეგიონში დღითიდღე ძლიერდება რუსეთის პოლიტიკა, რომელმაც გადალახა წითელი ხაზები, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენთვის , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, რეგიონში რუსეთის სცენარით იმართება პროცესები ჩვენ საწინააღმდეგოდ, რაც დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დაკავებული ვართ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებით, გარჩევებით და ე.წ. „შერიგება - მორიგებით“, რეგიონში პროცესები ჩვენ საწინააღმდეგოდ ვითარდება რუსეთის სცენარით, რაც ჩვენთვის დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ბაიდენის და პუტინის ვიდეოკონფერენციის შემდეგ რუსეთი უკვე ოფიციალურად უყენებს ულტიმატუმს ევროპას და ამერიკას, მან გადაკვეთა წითელი ხაზები, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენთვის.

რუსეთის პოლიტიკა რეგიონში დღითიდღე ძლიერდება. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აფხაზეთის ახალდანიშნული ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას შორის გამართული შეხვედრა, განსაკუთრებით იმ ინფორმაციების ფონზე, რაც არსებობს ინალ არძინბასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანეს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის გასაფორმებლად, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს არცერთი გადაადგილება და ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ინალ არძინბას მხრიდან.

როგორც ცნობილია, სერგეი ლავროვისა და ინალ არძინბას შეხვედრაზე მოხდა გეოპოლიტიკური საკითხების განხილვა, რაც რა თქმა უნდა მოკლებულია სერიოზულობას, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელიც განიხილავს საგარეო პოლიტიკის და გეოსტრატეგიულ საკითხებს რეგიონში.

ეს არის პირდაპირი მინიშნება, თუ როგორ ემზადება რუსეთი გარკვეული ქმედებებისთვის. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს სტამბოლში ე.წ. 3 + 3 ფორმატის შეხვედრაზე. ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, სადაც ჩემი აზრით, ეს თემა აუცილებლად უნდა ყოფილიყო განხილული.

საქართველოს მთავრობაზე მიმდინარეობს ზეწოლა 3 + 3 ფორმატში გაერთიანების მიზნით. რუსეთი ყველა მცდელობას იყენებს, თავისი მიზნების სისრულეში მოსაყვანად, არ ერიდება ისეთ პროვოკაციებსაც კი, როგორიც იყო მოსკოვში 3 + 3-ის ფორმატის შეხვედრაზე ჩვენი სახელმწიფო დროშის წარმოდგენა მაშინ, როცა შეხვედრაში ქართული მხარე არ მონაწილეობდა.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმ განცხადებების მიუხედავად, რაც კეთდება მათი მხრიდან, არცერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს რუსეთთან ერთად ამ ფორმატში. ყოვლად მიუღებელია ჩვენი პარტნიორების გარეშე ოკუპანტ ქვეყანასთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკებები.

ახლა, როდესაც რუსეთიდან რეალური საფრთხის საშიშროება არსებობს, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ქართულ პოლიტიკურ სპექტს. უნდა დასრულდეს შიდა დაპირისპირება და პოლიტიკური ქაოსი, რომლითაც სარგებლობს რუსეთი. როდესაც ლავროვი გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე ესაუბრება სეპარატისტული მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ასპარეზზე აფხაზეთის ანექსიისთვის გამოიყვანეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესები დაპირისპირებას არ უნდა გადავაყოლოთ.

პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და ყველაფერი გავაკეთოთ კონსოლიდაციისთვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო მიმართულებით”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა