ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას, საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების მცდელობა გააგრძელოთ

ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას, საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების მცდელობა გააგრძელოთ, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქართულ ოცნებას".

მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი არის "ერთგვარი ჯიბის წიგნაკში ჩაწერილი ნაჯღაბნი, რომლის გადახაზვა - გადმოხაზვა შეუძლიათ".

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" საკრებულოებში გადაწყვეტილებების ფარული კენჭისყრით მიღების წესს საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებს და მათი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც ამ წესის შეცვლას გულისხმობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რასაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა გასცეს დადებითი დასკვნა კანონპროექტის შესახებ.

"როგორც მოგეხსენებათ 10 დეკემბერს, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა, პარტიამ „საქართველოსთვის'' წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანას და მიზნად ისახავდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და მოთხოვნილი გვქონდა, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. საზოგადოებისთვის რომ განვმარტო და უფრო ნათელი რომ იყოს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის ბიურო ჩვენი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ბუნებრივია, რეგლამენტის სრული დაცვით, წარვადგინეთ ბარათში წერილობითი დასაბუთება, თუ რატომ ვითხოვდით ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მოგახსენებთ, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ სწორედ ახლა მიმდინარეობს საკრებულოების თანამდებობების პირთა არჩევა/დანიშვნის პროცესები, სამწუხაროდ არსებულ ფარულობის წესს "ოცნება'" იყენებს ბოროტად და ამ წესის გამოყენებით მიმდინარეობს საკრებულოების წევრთა ხმების უხეშად რომ ვთქვათ - ყიდვა/გაყიდვის პროცესი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრინციპულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი კანონპროექტი განხილულიყო დაჩქარებული წესით. ამის შესახებ ჩვენ ამავე ტრიბუნის გამოყენებით, ჩავატარეთ 13 დეკემბერს საჯარო ბრიფინგი, თუ რატომ იყო საჭირო ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. 14 დეკემბერს უკვე სესიის დარბაზში ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა, შალვა კერესელიძემ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის ბიუროს სხდომა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ და "ოცნების" დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ჩვენს მოთხოვნას, რომ დაჩქარებული წესით დაწყებულიყო ამ კანონპროექტის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა გასცეს დადებითი დასკვნა ჩვენი კანონპროექტის შესახებ, რაც მარტივად რომ ავხსნათ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დაადასტურეს ჩვენი კანონპროექტის უხარვეზობა, დაადასტურეს, რომ ეს კანონპროექტი სრულად აკმაყოფილებდა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, მათ შორის დაჩქარებული წესით განხილვის დასაბუთების ნაწილში. საბოლოო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათთვის კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის მათი ერთგვარი ჯიბის წიგნაკში ჩაწერილი ნაჯღაბნი, რომლის გადახაზვა და გადმოხაზვა შეუძლიათ, მაგრამ არა ბატონებო, ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გააგრძელოთ, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების მცდელობა და ბუნებრივია, ყოველდღიურად გავაგრძელებთ ჩვენი გუნდი ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს კონსტიტუციით და რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ ეს ტრიბუნა, რაც ჩვენ ხალხმა მოგვცა და მოგვანიჭა მანდატი, გამოყენებული იყოს მოქალაქეების ინტერესებისთვის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო