ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას? - ამ სიტყვებით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, დაზარალებულმა მირანდა ბაღათურიამ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს მიმართა. მირანდა ბაღათურია თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოწმის სახით აძლევს ჩვენებას, ის საქმეში დაზარალებულის სტატუსითაა.
ბაღათურია დეტალურად ჰყვება 5 ივლისს მასსა და მის ოპერატორ, გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე.
"როცა შემოიჭრნენ, ვერ შეგვამჩნიეს, კიბის კუთხეში ვიყავით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არავისთვის კითხვა არ დამისვამს, არავისთვის მიკროფონი არ მიმიშვერია, ვიცოდი რომ გაღიზიანებულები იყვნენ და ვცდილობდი ხმა არ ამომეღო. ლექსოს ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, ერთ-ერთს ჰქონდა ხელი გადაჭრილი, მოატრიალა კამერა რომ გადაეღო, ამ დროს ამ ადამიანებმა აღიქვეს, რომ ჩვენ ვუღებდით, მაშინვე დაიწყო აგრესია, ნუ გვიღებთო. მე და ლექსო შუაში მოგვიქცეს, იყო ქაოსი, ვინ საიდან გვეჯაჯგურებოდა, არ ვიცი, პირველი სამიზნე იყო ლექსო, რადგან იღებდა, თუმცა პირველი ძალადობა იყო ჩემზე, მისი ამოცნობა არ შემიძლია. ლექსო გარდა იმისა რომ ოპერატორია, ის კაცია და უთხრა, რას აკეთებთ, ჟურნალისტია, გოგოაო. სამიზნე იყო ლექსო და ტექნიკა, ლექსოც და მეც წინააღმდეგობას ვუწევდით, ვცდილობდი ამ ადამიანებისგან თავი დამეღწია, ლექსო ჰაერში აიტაცეს, აპარატურას, კამერას ხსნიდნენ და მისი მტვრევა დაიწყეს, ფეხებს, ხელებს ურტყამდნენ, 51 კილო ვარ და მთელი ძალით ვურტყამდი ყველას წიხლებს, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ვერაფერი გავაკეთე. ლექსო ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, განწირულად ვყვიროდი, ჩემ გაჩუმებას ცდილობდნენ. არც ერთი წამით არ გვიშვებდნენ.... დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. ეს მაისური მხოლოდ დაკრძალვაზე მეცვა, მინდა რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?",- განაცხადა ბაღათურიამ.
აღნიშნულ მიმართვას ბრალდებულების და მათი ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს, რომ რეაგირება მოეხდინა, ვინაიდან მოწმეს შეფასების უფლება არ ჰქონდა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა კი განმარტა, რომ მირანდა ბაღათურია საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და მას ამის უფლება ჰქონდა. "დაწყნარდით დამშვიდდით, რამე რომ იყოს ზედმეტი, ვერავინ დამასწრებდა",- განაცხადა ელიეშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"