ბადრი ჯაფარიძე კახა კუჭავას მიერ პოსტის დატოვებაზე - „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი სტილია - ვფიქრობ, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება, - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი საკადრო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი სტილია.

მისი თქმით, სპიკერის თანამდებობაზე კუჭავას გადადგომითა და სხვა პირის დანიშვნით არაფერი შეიცვლება.

„ეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი სტილია. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ალბათ, რაღაც მიზნებს ემსახურება. შემდგომ კვირაში არის საგანგებო სესია და შესაძლოა ამ სესიაზე სურთ, რომ მოხდეს ახალი სპიკერის დამტკიცება. „ქართული ოცნების“ მართვის სტილი ისეთია, გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და არა იქ, სადაც კონკრეტული ადამიანი თანამდებობას იკავებს.

კომუნიკაციისთვის, რა თქმა უნდა, ბატონი კახა არის ძალიან კარგი პიროვნება, მასთან კომუნიკაცია არის ძალიან ადვილი, თუმცა, გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება სხვაგან. ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება. სპიკერის ცვლილება არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებას, ან პარლამენტის საქმიანობაში ან პარლამენტის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმ თვალსაზრისით, რომ როგორც იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „ქართული ოცნებაში,“ იგივე რჩება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ეროვნული შერიგების შესახებ ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ინტენსიური საუბარი მოუწევს.

„ქართული ოცნების“ მონაწილეობის გარეშე ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღწეული თანხმობა. დღეს ისინი წარმოადგენენ მმართველ ძალას. შესაბამისად, პრეზიდენტს ალბათ მოუხდება ინტენსიური საუბარი „ქართულ ოცნებასთან" იმისათვის, რომ ისინი გახდნენ ამ პროცესის მონაწილე. ყველა ძირითადი აქტორი უნდა იყოს ჩართული, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. საზოგადოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ეს არის პრეზიდენტის იდეა. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეულ დროსაც, ძალისხმევას, სურვილსაც ყველა მონაწილის მხრიდან. ეს პროცესი მთავარია, რომ მართლაც შეუქცევადი გახდეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტების, - მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას, რომელიც დაანონსებულია, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა იქნება უბრალოდ ორი ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა.

მისი თქმით, არა თუ ყოფილ პრეზიდენტს, მოქმედ პრეზიდენტსაც არ გააჩნია ბერკეტები, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად გამოდგება.

ჯაფარიძის შეფასებითვე, გიორგი მარგველაშვილს შუამავლის როლი არ უკისრია.

„ორი ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა არის ორი ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა, არცერთ მათგანს არ აქვს ბერკეტი. დღევანდელ მოქმედ პრეზიდენტს არ აქვს ბერკეტები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ბევრი პრობლემა გადაჭრას, ყოფილ პრეზიდენტს მითუმეტეს, ეს ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ დიალოგი არის კარგი. რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ამ შეხვედრაზე არ შეიძლება მქონდეს. უბრალოდ კარგია, რომ ასეთი შეხვედრაც შედგება და მოხდება აზრების გაცვლა. აქ მარგველაშვილის ამოცანა არ არის შუამავალი იყოს, შუამავლის როლი არ უკისრია, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ასეთი გეგმა მას არც აქვს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შიმშილობაზეც, მისი თქმით, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა, შესაძლოა ვინმესთვის მისაღები იყოს და ვინმესთვის არა.

„ეს არის თავგანწირვა იმ ადამიანების, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შეფასებაზე საუბარიც კი არ მიმაჩნია სწორად, რადგან ადამიანებმა ასე მიიჩნიეს საჭიროდ, რომ თავი გაწირონ და გადაწყდეს პრობლემა, რაც არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის პატიმრობასთან მიმართებაში. როდესაც ხედავ ასეთ თავგანწირვას, ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები არ არის შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ვიღაცისთვის მისაღები, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ისინი რეალურად საფრთხეში აგდებენ თავიანთ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის ფორმა და ემსახურება პარტიის დამფუძნებლის პატიმრობის პრობლემის გადაჭრას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა