ხვალიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

28 დეკემბრიდან პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. პროექტის განხილვას გეგმავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გარდა ამისა, ახალშექმნილ საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო ქვემდებარობა გაეზრდება - სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას "სისხლის სამართლის კოდექსის" სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

„2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელმაც ერთი მხრივ, მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები შეითავსა, მეორე მხრივ კი, კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება დაემატა.

მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას. ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გარკვეული დანაშაულები გამოიძიოს, ხოლო მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, აღნიშნული ფუნქციები გაიმიჯნოს და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო