„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს

ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას ართულებს და ბაზისურ ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებებზე წვდომას უზღუდავს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ - ადამიანები, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, -ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას გალის მოსახლეობა, გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების საკითხია.

„2017 წლიდან დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღებისა და ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების შესახებ. ბინადრობის მოწმობის აღება განსაკუთრებით პრობლემურია კოდორის ხეობაში მცხოვრები პირებისთვის. მათ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომელსაც ადგილზე გასცემს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური 2 კვირის ვადით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი შესაძლოა იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, მაგრამ აფხაზეთში 1994 წლიდან 1999 წლამდე ცხოვრობდა და არ არის სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ეს დებულება არ ვრცელდება გალის რეგიონში ომამდე მცხოვრებ 80 000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200 000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის გამო აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს.

გალელებისთვის დოკუმენტების აღებას ართულებს კორუფციული გარემოც. ადგილობრივების ინფორმაციით, საბუთების ჩასაბარებლად შენობაში შესვლაც კი რთულია, ვინაიდან გრძელ რიგებში უწევთ დგომა და თითოეულ ჩასაბარებელ საბუთზე 1.500 რუბლის (დაახლოებით, 29 აშშ დოლარის) გადახდა უხდებათ; სხვა შემთხვევაში, რიგში დგომა რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ. კიდევ დამატებით 2.000 რუბლს (დაახლოებით, 34 აშშ დოლარი) იხდიან, როგორც ქრთამს, როდესაც საბუთები საბოლოოდ გამზადდება. გალის მოსახლეობის დოკუმენტების თემას გავლენა აქვს გალის რაიონისთვის დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ წილზეც. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გალის რაიონს სუბსიდირება უნდა შეუმცირდეს სწორედ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.

დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები ართულებს კონფლიქტის შედეგად ისედაც მოწყვლადი მოსახლეობის ყოველდღიურ არსებობას, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა