საშინაო და საგარეო პოლიტიკის 2021 წლის შედეგები

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 2021 წლის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილსა და პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

ქვეყნისთვის რა შედეგებით სრულდება 2021 წელი საშინაო პოლიტიკაში?

ზაზა ფირალიშვილი - ოპოზიციამ ჯერაც ვერ შეძლო ქცევის ადეკვატური მოდელის მოძებნა, ხოლო „ქართული ოცნება“ ზედიზედ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ზედმეტად ბევრ ეჭვს აჩენს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით

ვაჟა ბერიძე - ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამ წლის მთავარ ნაკლად ისევ განვითარების სტრატეგიის არარსებობა დარჩა და ესაა ამ წლის მთავარი რეზულტატი

ზაზა ფირალიშვილის აზრით, მთავარი, ალბათ, ისაა თუ ამას შედეგი შეიძლება ეწოდოს, რომ „ოპოზიციამ ჯერაც ვერ შეძლო ქცევის ადეკვატური მოდელის მოძებნა, ხოლო „ქართული ოცნება“ ზედიზედ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ზედმეტად ბევრ ეჭვს აჩენს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.“

მისივე დაკვირვებით, გვყავს ოპოზიცია, რომლის განცხადებების და მოწოდებების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, უგრძნობელია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს ამით და შესაძლებლობა ეძლევა, პასუხი არ აგოს ცხოვრების გაძვირებაზე, ქვეყნის საერთაშორისო როლისა და მნიშვნელობის დაკნინებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ანაკლიის პროექტის ჩაშლაზე და ა.შ.

„ევროპული და ამერიკული პოლიტიკური წრეების ბევრმა წარმომადგენელმა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა პოლიტიკური ქცევა შეაფასა, როგორც პოლიტიკური უმწიფარობა და ინფანტილიზმი.“- შენიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, ამ გამოთქმებს იგი არ გამოიყენებდა, თავად მათგან რომ არ მოდიოდეს. აქ საუბარი აღარ იყო გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე. საქმე შეეხებოდა ჩვენი პოლიტიკური კლასის უნარს, რაგინდარა გეოპოლიტიკური ორიენტაციის პირობებში რევოლუციური თუ კონტრრევოლუციური რომანტიზმის ხიბლიდან გათავისუფლდნენ და სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.

„თანდათან მიძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უმწიფარობა. უკვე საკმაოდ დაგროვდა იმ შემთხვევათა ოდენობა, როდესაც სიტუაციის დამშვიდების ნიშნების გაჩენისთანავე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი თავისი განცხადებით სიტუაციას კვლავ ამღვრევს და ყველაფერს უკან აბრუნებს.“- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც,

მიუხედავად წინასწარი უიმედო განწყობისა, წალენჯიხაში დაწყებული პროცესი არ ჯდება ნაც-ქოცური დაპირისპირების კონტექსტში და რომ არც მერი და არც მისი გარემოცვა წალენჯიხას არ განიხილავენ მომავალი პოლიტიკური რევოლუციის ეპიცენტრად. „აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის ნიშნებია და ღმერთმა ქნას, არ ვცდებოდე.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვაჟა ბერიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, პანდემიის მძვინვარების მიუხედავად ეკონომიკა ფუნქციონირებდა, სოციალური ვალდებულებები შესრულდა და ახალი ვალდებულებები აღებულია.“

მისი თქმით, პანდემია მზაკვრული ფენომენია. ის გაცილებით ორგანიზებულ და ეფექტიანი ეკონომიკის ქვეყნებსაც სერიოზულად აზანზარებს. მეტი და უფრო მკაცრი რეგულაციები უფრო უკეთ მართულ პროცესს მოგვცემდა, გარდაცვლილთა რაოდენობაც ნაკლები იქნებოდა და ბუნებრივია, ადამიანების სიცოცხლე უმთავრესია, მაგრამ ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას მეტი რესურსი არ აქვს. ვალის აღების შესაძლებლობებიც ფაქტობრივად ამოწურულია.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო, ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი უამრავია, მაგრამ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამ წლის მთავარ ნაკლად ისევ განვითარების სტრატეგიის არარსებობა დარჩა და ესაა ამ წლის მთავარი რეზულტატი, რასაც დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდება სამთავრობო გუნდის მხრიდან.“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

რა შედეგით ასრულებენ 2021 წელს მმართველი გუნდი, ზოგადად ოპოზიცია და ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე წონიანი „ნაცმოძრაობა“?

ზაზა ფირალიშვილი - სააკაშვილი მუდამ ჩქარობდა და ახლაც ჩქარობს, „ოცნების“ მიერ ხალხისთვის შეთავაზებულ სტაბილურობას, რეალურად სტაგნაციის ზღვარზე რომ არის, უმალ ჰიპნოზური ეფექტი აღმოაჩნდა

ვაჟა ბერიძე - მმართველმა გუნდმა დასახული მიზანი გადაწყვიტა - 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ამ ეტაპზე, გამოირიცხა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება

ზაზა ფირალიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ „ძირითადი ოპოზიციური ძალების მთავარი პრობლემა სტრატეგიების კრიზისია. „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია მთლიანად ხელისუფლების სწრაფ დაბრუნებაზეა აგებული და ეს მათი ლიდერის ტემპერამენტით არის გამოწვეული. სააკაშვილი მუდამ ჩქარობდა და ახლაც ჩქარობს.“

მისივე დაკვირვებით, სააკაშვილმა თითქოს დაკარგა საზოგადოებრივი განწყობების შეგრძნების უნარი. ის ვერ გრძნობს, რომ უბრალო მოქალაქისათვის მის მიერ შეთავაზებული მუდმივად ეგზალტირებული პოლიტიკური ცხოვრება თანდათან უცხო ხდება. ამიტომაც არის, რომ პანდემიის პირობებში „ოცნების“ მიერ შეთავაზებულ სტაბილურობას, რეალურად სტაგნაციის ზღვარზე რომ არის, უმალ ჰიპნოზური ეფექტი აღმოაჩნდა.

ეჭვი არ მეპარება სააკაშვილის ნიჭიერებაში, მაგრამ ეს ნიჭიერება მისივე ტემპერამენტს ეწირება. წლების განმავლობაში მან უნებურად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი მმართველობის ნეგატიური მხარეები არ დაგვიწყებოდა და, სურდა თუ არა, „ქართული ოცნების“ მეხამრიდის როლში აღმოჩნდა.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, ყოველდღიურობაში არც ერთი გონიერი ადამიანი არ ააგებს ილუზიურ იმედებზე თავის ცხოვრებას. „როგორც ჩანს, პოლიტიკურ და სათამაშო სივრცეს ნარკოტიკული ეფექტი აქვს და მისგან თავის დაცვას ერთეულები თუ ახერხებენ.“

ვაჟა ბერიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ყველა მიმართულებით სახეზეა, „მმართველმა გუნდმა დასახული მიზანი გადაწყვიტა - 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ამ ეტაპზე, გამოირიცხა.“ თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ კრიზისების განსამუხტად ვადამდელი არჩევნები ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.

ვაჟა ბერიძის შეფასებით, ოპოზიციამ საკმაო გაბედულება და ამბიციები გამოამჟღავნა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლით საკუთარ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ნაცმოძრაობამ“ მიზანს ვერ მიაღწია, სააკაშვილის წონიანი ფიგურის არენაზე შემოვარდნითაც კი ვერ შეძლო ვითარების დესტაბილიზება, დაძაბვა და ინიციატივის ხელში ჩაგდება. სააკაშვილი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ადეკვატურია და ცდილობს ინიციატივის ხელში აღებას, რადგან ვინ - ვინ და სააკაშვილმა კარგად იცის რომ მშვიდი და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის პირობებში ის და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.“- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, შეძლებს თუ არა ის მასობრივი შიმშილობის მეშვეობით სიტუაციაში გარდატეხის შეტანას, ძნელი სათქმელია. რთულია, იმის პროგნოზირება, გამოდგება თუ არა, შიმშილობის აქტი ხელისუფლების დაშანტაჟების ინსტრუმენტად.

როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროცესს და სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი?

ზაზა ფირალიშვილი - თუ დადასტურდა ეჭვები, რომ პრეზიდენტის ინიციატივის ადრესატი მხოლოდ დასავლეთი იყო და მის მიერ ინიციირებულ პროცესს არავითარი არსებითი საშინაო პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყვება

ვაჟა ბერიძე - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისაღებია და შესაძლოა, გარკვეული შედეგითაც კი დასრულდეს

ზაზა ფირალიშვილის თქმით, „პრეზიდენტის ინიციატივა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საშინაო პოლიტიკური ბრძოლა არ ნიშნავს სამოქალაქო ომის ზღვარზე მუდმივ ყოფნას და რომ დაპირისპირებულ ძალებს, გარდა ურთიერთმხილებისა, თანხმობა და თანამშრომლობაც მოეთხოვებათ. უნდა ვიფიქროთ ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო მორალური კლიმატის შექმნაზეც და სამართლებრივ უზრუნველყოფაზეც.“

მაგრამ, მისივე მტკიცებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლო სისტემისა და მედიის პირობებში ასეთი რამ ვერ განხორციელდება. ბევრმა ეს „ქართველების ერთმანეთთან ჩახუტების,“ არაფრისმთქმელ იდეად გაიგო. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე კიდევ ერთ სადღეგრძელოს ჟანრში წარმოთქმულ მოწოდებად გვექნებოდა. იმედი მაქვს, ეს ასე არ არის.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის არსებობის უფლება. ძირითადი დაპირისპირებულ ძალებს სწორედ ერთმანეთის არსებობის დაშვება უჭირთ და ამას ქვეყნის აწმყოცა და მომავალიც ეწირება. აშკარაა, რომ ბოლშევიზმს უკვალოდ არ ჩაუვლია და ის თავს კიდევ დიდხანს შეგვახსენებს.“- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც სწორედ ბოლშევიზმის ინერციაა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების სავალალოდ დიდი ნაწილი საშინაო პოლიტიკური ბრძოლის მთავარ მიზნად ერთ-ერთი მხარის საბოლოო განადგურებას მიიჩნევს.

„თუ დადასტურდა ეჭვები, რომ პრეზიდენტის ინიციატივის ადრესატი მხოლოდ დასავლეთი იყო და მის მიერ ინიციირებულ პროცესს არავითარი არსებითი საშინაო პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყვება.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვაჟა ბერიძე თქმით, თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა შევნიშნოთ, სააკაშვილმა დაიწყო შერიგებაზე საუბარი და პრეზიდენტმა გააგრძელა, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც ცნება, ტერმინად გამოყენებული - შერიგება, ისე - ეროვნული თანხმობა, მოცემულ კონტექსტში, დაცლილია რაიმე კონკრეტული შინაარსისგან.

„შერიგებაზე საუბარს, სჯობს, ვისაუბროთ მორიგებაზე, გარიგებაზე, კომპრომისზე, შეთანხმებაზე, რაც არსებითად თანამედროვე პოლიტიკის პურია, საარსებო არეალია და არავინ პოლიტიკოსებისგან არ მოითხოვს უბიწოების აღთქმას.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

მისივე აზრით, საინტერესო იქნებოდა ეროვნული თანხმობის კონოტაციაში რა იგულისხმება, რაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური სუბიექტები? ასეა, რადგანაც ყველა სტრატეგიულ მიზანზე ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, დიდი ხნით და ცალსახად უკვე შეთანხმებულია - თავისუფლება, სუვერენიტეტი, ხალხის მმართველობა, კანონიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობა... ყველაფერი სხვა ტაქტიკური საკითხია, პოლიტიკის საგანი და ელემენტია და მისი სისწორე საარჩევნო ურნასთან მოწმდება.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისაღებია და შესაძლოა, გარკვეული შედეგითაც კი დასრულდეს.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

პოლიტიკაში სააკაშვილი „გაჭრილი კარტია“? სავარაუდოდ, როგორია მისი პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში?

ზაზა ფირალიშვილი - ცხადია, სააკაშვილი არ არის „გაჭრილი კარტი,“ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შეუძლია, რაიმე ძირეულად შეცვალოს

ვაჟა ბერიძე - ყველაფერი შეიძლება. ვისურვებდი, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურების მეშვეობით გამოვსულიყავით შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან

ზაზა ფირალიშვილი თქმით, „ცხადია, სააკაშვილი არ არის „გაჭრილი კარტი,“ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შეუძლია, რაიმე ძირეულად შეცვალოს,“ მას მომავალშიც შეეძლება შფოთის დათესვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ შფოთის ინტენსივობა მცირდება.

ზაზა ფირალიშვილის აზრით, როგორც ჩანს, „სააკაშვილს ფსიქოლოგიურად უჭირს იმის დაჯერება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს და ძველი არსენალით ზვავისებრ პროცესებს ვეღარ გამოიწვევს. თუ შეძლებს ამის აღქმას, მაშინ მისგან ჯერაც უნდა მოველოდეთ რაღაცას. თუ ვერ შეძლებს და კვლავ ძველ ტაქტიკას მიჰყვება, მისი გავლენის კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდეთ. ხელისუფლებაც ეცდება მისი ბედი მეხამრიდის უმადური როლის შენარჩუნებით გადაწყვიტოს.“

მისივე თქმით, შიმშილობის აქცია გამოიწვია იმან, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ ვერ შეძლო ადამიანთა დიდი მასების მობილიზება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, უკიდურეს ნაბიჯებს ის საფრთხე ახლავს, რომ თუ სხვადასხვა მიზეზით თავი ვერ მოაბი ან მეტოქე არ შეშინდა და უკან არ დაიხია, შენი მდგომარეობა სავალალო ხდება.

„ეს მითუმეტეს ასეა, რომ ხელიდან უშვებ ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა საპარლამენტო ცხოვრება. ესაა სწორედ ის ინფანტილიზმი, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე მიგვანიშნეს.“- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, „ყველაფერი ეს ხდება ცხოვრების გაძვირების, უკიდურესად გართულებული სოციალური მდგომარეობისა და დასავლეთის პარტნიორებისადმი საეჭვო დამოკიდებულების პირობებში ხელისუფლება უკეთეს „ნაცმოძრაობაზე“ უკეთეს ოპონენტს ვერ ინატრებდა.“

ვაჟა ბერიძე დაკვირვებით, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. როცა ადრე საუბარი იყო სააკაშვილის დაპატიმრებაზე, უკრაინისთვის მისი გადმოცემის მოთხოვნაზე და ასე შემდეგ, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ იყო.

„სხვა საკითხია, სააკაშვილს ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მის მიმართ დასაბუთებული ბრალის ინკრიმინირების, შესაძლოა, არაერთისას“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე, რომლის თქმითაც, ამაზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და სააკაშვილის მმართველობის პირობებში პროკურატურის, ხშირად უსამართლო გადაწყვეტილებების რეგისტრატორად ქცეული სასამართლო სისტემა ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა, ასეთ ვითარებაში, „სააკაშვილის გასამართლება, ბუნებრივია, იქნებოდა, პრობლემატური ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.“

მისივე აზრით, „სააკაშვილმა ხელისუფლებას დააშვებინა შეცდომა და ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაცია შექმნა.“ იგი დარწმუნებულია, რომ „სააკაშვილი „გაჭრილი კარტი“ არ არის. ის უნარიანი, ენერგიული, პოლიტტექნოლოგიებში საკმაოდ კარგად ჩახედული პიროვნებაა და კიდევ ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს საქართველოშიც და არა მარტო აქ.

ვაჟა ბერიძის აზრით, სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა, მანამდე, დაშვებული შეცდომებისათვის და სამართლებრივი გადაცდომებისთვის, მან პასუხი უნდა აგოს და ყველაფერი, ყველა ფაქტი, მკაფიოდ და ცალსახად უნდა შეაფასოს.

„ყველაფერი შეიძლება. ვისურვებდი, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურების მეშვეობით გამოვსულიყავით შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

საგარეო პოლიტიკაში წარმატება-წარუმატებლობის კუთხით ქვეყნისთვის რა შედეგით სრულდება 2021 წელი?

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენს უახლეს ისტორიაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამდენი უკმაყოფილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ხანებშიც კი არ გამოუთქვამთ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ნელა იზრდება და ყურადღების ცენტრში ხშირად ისინი არიან, ვინც არ უნდა იყოს

ვაჟა ბერიძე - სასურველი იყო მეტი საგარეო - პოლიტიკური აქტივობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან

ზაზა ფირალიშვილის მტკიცებით, „ჩვენი პოლიტიკური წრეების კრიტიკულად დიდ ნაწილს, მათი კვაზირევოლუციური თუ კვაზიკონტრრევოლუციური ქცევის გამო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულფასოვან პარტნიორებად ნაკლებად აღიქვამენ. ის, რაც ეპატიება პოლიტიკური ჯგუფის ეგზალტირებულ „გულშემატკივარს“, არ ეპატიება პოლიტიკოსს.“

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ჩვენს უახლეს ისტორიაში ამდენი უკმაყოფილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ხანებშიც კი არ გამოუთქვამთ. მაშინ ჯერ კიდევ გვეპატიებოდა გულუბრყვილო და ემოციური ქცევა. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ნელა იზრდება და ყურადღების ცენტრში ხშირად ისინი არიან, ვინც არ უნდა იყოს. ამაში დიდი როლი ჩვენს მასმედიასაც მიუძღვის.“

ზაზა ფირალიშვილის აზრით, „თუ სოციალურ მედიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე პოლიტიკური კლასი. ამ უკანასკნელს კვლავ ემოციური და ბავშვური ბუნების სოციალური ბაზა სჭირდება და სავალალოდ შორდება საზოგადოებას.“

მისივე აზრით, შესაძლოა ეს იყო იმ უიმედობის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ქვეყნიდან მიდიან არა მხოლოდ უნარიანი ახალგაზრდები, არამედ თითქმის ყველა, ვისაც ამაში ხელს ასაკი და ცოდნა უწყობს.

„ხომ არ მივექანებით იმ მდგომარეობისაკენ, რომელშიც აღმოჩნდა იტალია გასული საუკუნის დასაწყისში? საბოლოოდ ხომ არ აღმოვჩნდებით სხვადასხვა კლანების მიერ პატრიარქალური წესებით მართული პერიფერიის მდგომარეობაში?“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვაჟა ბერიძის თქმით, „საყურადღებოა ყველა შენიშვნა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის. კარგია, რომ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი კიდევ უფრო უკეთ ერკვევა ქართულ და რეგიონულ პრობლემებში. სასურველი იყო მეტი საგარეო - პოლიტიკური აქტივობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.“

მისივე აზრით, მართალია, დიდი ხნის განმავლობაში ვაშინგტონი თავად არ იყო ჩამოყალიბებული თავის საგარეო-პოლიტიკურ აქცენტებზე, მაგრამ ჩვენს დიპლომატებს მაინც უფრო მეტი აქტიურობა მართებდათ.

რაც შეეხება მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლას, „ობიექტურობისთვის, მოდით, შევნიშნოთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ არ ყოფილა ხელმოწერილი და მასზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა მას შემდეგ, რაც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, - „ნაცმოძრაობამ“ მას არ მოაწერა ხელი.“ - აცხადებს ვაჟა ბერიძე, მაგრამ თუ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ მმართველო პარტიის მხრიდან იყო მართებული და მიზანშეწონილი, ასეთი რამ თავიდან უნდა ყოფილიყო დათქმული.

მისივე აზრით, მთავარია, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანი უცვლელი და ურყევია. ამ კურსის კრიტიკოსებისა და ოპონენტებისთვის, ხაზს გავუსვამდი, რომ ეს არჩევანი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავს დღემდე.

მაგრამ, მისივე თქმით, და თუ გაჩნდება გარკვეული ეჭვი, ამის თაობაზე კი არ უნდა ვიმარჩიელოთ, არამედ საერთო-ეროვნული გამოკითხვა ჩავატაროთ. ამ კურსის ალტერნატივის მომხრეები ვერ ასაბუთებენ, ვინ და რა იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ქვეყნის მიერ პოზიციის შეცვლის შემთხვევაში.

როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მას შემდეგ რაც რუსეთმა დასავლეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, მაგრამ შემდეგ მისივე განცხადებების ტონი აშკარად შეიცვალა?

ზაზა ფირალიშვილი - თუკი რაიმე შეაკავებს რუსეთს სამხედრო აგრესიისაგან, ეს, პირველ რიგში ერდოღანია, ვინც, დასავლეთისაგან განსხვავებით, დაპირისპირების ცხელი ფაზისათვის მზად არის და უკრაინას ღიად უცხადებს მხარდაჭერას

ვაჟა ბერიძე - დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ლეთარგიული ძილის ტყვეობაში იყო, თუმცა, თანდათან გამოდის ამ მდგომარეობიდან და რაღაც კონკრეტული და მიზანმიმართული პოლიტიკის მსგავსი უკვე გამოიკვეთა

ზაზა ფირალიშვილის აზრით, „ბოლო განცხადებებში პუტინმა ტონი კვლავ გაამკაცრა. მისი ტაქტიკა ხულიგნის ტაქტიკაა. საქმე ზღვრამდე მიჰყავს იმის იმედით, რომ კომფორტს და მშვიდობიანობას მიჩვეული ოპონენტი უკან დაიხევს.“

მისივე თქმით, ამაში მას ხელს ისიც უწყობს, რომ გრძელდება ის, რასაც დიდი ხანია შროდერიზაცია უწოდეს, ანუ, გარკვეული დამსახურებების გამო, ბევრი დასავლელი პოლიტიკოსის რუსულ ენერგოკომპანიებში მაღალანაზღაურებადი თანამდებობებით ჯილდოვდება.

„თითქოს დღეს დასავლეთი შედარებით გამოფხიზლებულია და ამერიკაც დაუბრუნდა თავის საერთაშორისო როლს. ვნახოთ, ჯერ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. მე მაინც მგონია, რომ ვაშინგტონი შეძლებს იმას, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია და დაძაბულობას მეორეხარისხოვანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით გაანელებს ისე, რომ თავის პოზიციას არ დათმობს.“ -აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, როგორც ჩანს, პუტინს ასაკობრივი კრიზისი აქვს და გრძნობს, რომ მიზნის - მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს არსებული რუსული იმპერიის აღდგენას და „რუსული მიწების“ დიდი შემომკრების სახელის მოპოვებას შეიძლება ვეღარ მოესწროს. ის უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

„დასავლეთი თითქოს გამოაფხიზლა ამან, თითქოს აშკარაა, რომ იქ არავინ დათანხმდება იალტა 2-ის გამართვაზე, მითუმეტეს, რომ ეს რეალურად „მიუნხენი - 2“ იქნება. და მაინც, არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო. დასავლეთში დღესაც ბევრი პოლიტიკური მოღვაწეა, ვინც პუტინის დაშოშმინების კურსს ემხრობა.“- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომელიც ასევე შენიშნავს - ერდოღანის ბოლო წლების პოლიტიკის წყალობით თურქეთი სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსეთისა და დასავლეთის მიმდინარე დაპირისპირებაში.

„თუკი რაიმე შეაკავებს რუსეთს სამხედრო აგრესიისაგან, ეს, პირველ რიგში ერდოღანია, ვინც, დასავლეთისაგან განსხვავებით, დაპირისპირების ცხელი ფაზისათვის მზად არის და უკრაინას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. მისი მხარდაჭერის ფასი ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რუსეთში კარგად იციან.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვაჟა ბერიძის დაკვირვებით „მოსკოვის ულტიმატუმი ადეკვატურად იქნა აღქმული. ბოლო პერიოდში დასავლეთის არათანმიმდევრულობამ რუსეთს და მის ლიდერს, პუტინს, გაუჩინა ილუზია, რომ ვაშინგტონი და დასავლეთი აღარ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული თავისი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.“

მისივე თქმით, კრემლის იდეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი გამოიყენებს ატომურ იარაღს, შტატები და დასავლეთი კი ვერა. რუსების ეს რწმენა კიდევ უფრო გააძლიერა და აგრესიული გახადა ახალი ჰიპერზებგერითი იარაღის შექმნამ და ფლობამ.

„დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ლეთარგიული ძილის ტყვეობაში იყო, თუმცა, თანდათან გამოდის ამ მდგომარეობიდან და რაღაც კონკრეტული და მიზანმიმართული პოლიტიკის მსგავსი უკვე გამოიკვეთა.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც, ულტიმატუმით გამოწვეულმა ეიფორიამ რუსებს უკვე გადაუარა. ბოლო დღეებში მათი რიტორიკა საგრძნობლად შეიცვალა, რადგან აღმოაჩინეს, რომ სამხედრო დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა სულაც არ დაიწყოს ატომური ბომბების დაშენით ერთმანეთისთვის, რასაც ატომური აპოკალიფსი მოჰყვებოდა.

„რაც მთავარია, დასავლეთის ვექტორის რუსულ ვექტორზე გაცვლა, მოყოყმანე ქვეყნებისთვის, მიმზიდველი არ არის. დღევანდელი რუსეთი ვერ სთავაზობს თავის სატელიტებს უკეთეს პირობებს, უფრო ეფექტურ ეკონომიკურ მოდელებს, უფრო მეტ სოციალურ დაცულობას და კეთილდღეობას, ვიდრე ეს დასავლეთშია. ეს ტრანსფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფასადაც კი არ უღირთ პოსტსაბჭოთა პერიმეტრის ქვეყნებს.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე, რის გამოც მისი აზრით, რუსულმა ულტიმატუმმა ძალა დაკარგა, მაგრამ „ორივე მხარე, ფაქტობრივად, ცუგცვანგის მდგომარეობაშია, როცა მომდევნო სვლა ყველა შემთხვევაში წამგებიანია.“

რა შანსები აქვს საქართველოს, რომ რუსული საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ, რისი გაკეთებაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური და სინქრონული მუშაობით მიიღწევა?

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ჩვენს ისტორიას შემორჩება, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო და მავნებლური

ზაზა ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ „ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ჩვენს ისტორიას შემორჩება, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო და მავნებელი რამ.“

მისივე განმარტებით, ერთია, ზრუნავდე, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსული ნეოიმპერიული რევანშიზმის უპირველეს სამიზნეებს შორის და მეორე, ამგვარ განცხადებებს აკეთებდე. თუ ამას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებასაც დაუმატეთ და იოლად დარწმუნდებით, რომ ეს უკვე აღარ არის დიპლომატიური ზომიერება. ეს უკვე რაღაც სხვას ჰგავს.

დასავლეთის წარმომადგენლები ჩვენში მიმდინარე მოვლენებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პუტინის ბოლოდროინდელი აგრესიული გააქტიურების კონტექსტში ხედავენ. დარწმუნებული ვარ, ამავე კონტექსტში განიხილავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მათ მიმართ ხელისუფლების განცხადებებსაც.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

ვაჟა ბერიძე - საფრთხეების პრევენციისთვის აუცილებელია ურთიერთობების ინტენსიფიკაცია როგორც დასავლეთთან, ისე ჩვენს სამეზობლოსთან, ორმხრივი დიალოგი და ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან

ვაჟა ბერიძის აზრით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების განცხადებების რიტორიკა დასახვეწია. პოლიტიკოსების განცხადებები ყოველთვის გაწონასწორებული უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებს ზიანს არ უნდა აყენებდეს. ვფიქრობ, ვერც ერთი განცხადება საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩრდილს ვერ მიაყენებს და საქართველო შეძლებს რუსული თუ სხვა საფრთხეების პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას.

„საფრთხეების პრევენციისთვის აუცილებელია ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, როგორც დასავლეთთან, ისე ჩვენს სამეზობლოსთან, განსაკუთრებით სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, ორმხრივი დიალოგი და ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან. - დასძენს ვაჟა ბერიძე.

თუმცა, მისი აზრით, მითი, რომ რუსებთან პირისპირ დარჩენილი საქართველო დაწოლას ვერ გაუძლებს და მიუღებელ დათმობებზე წავა, უნდა დაიმსხვრეს. დადგება დრო. და იმედი მაქვს, მალე, როცა დიდი და პატარა ქვეყნები რეალურად თანასწორად ისაუბრებენ ერთმანეთთან. თუმცა, არსებული რეალობა ამ მიმართებით, შემაშფოთებელია.

ვაჟაა ბერიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 3+3 ფორმატი, რომელიც, ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილების მექანიზმია, საქართველოს გარეშე იწყებს ფუნქციონირებას. „ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ფორმატის მონაწილეთაგან ჩვენი მონაწილეობის გარეშე ამ ფორმატის გაუქმება, ან უწოდონ ფორმატს 3+2.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც, „მანამდე კი ჩვენ მოძმე ქვეყნებთანაც აზერბაიჯანი, სომხეთი და მეგობარ ქვეყნებთანაც თურქეთი, ირანი, მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. პარალელურად, ამ ფორმატთან - 3+3, ჩვენი მიერთების პირობები უნდა დავაყენოთ.“

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა