მამუკა ხაზარაძე - შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული" მის სიაში

შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი შარშან, რომ იქნებ დავამთავროთო, რადგან მას უნდა, რომ ყველა მასთან იყოს ვალში. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის სხდომა დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ამის გაკეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა.

„სუს-ის, მოსყიდვის მეშვეობით, კრედიტების საშუალებით მან ეს შეძლო და ეს რეალობაა. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში და მე არ მინდა ამ ჭაობში ყოფნა. ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე. თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასე დაჩაჩანაკებული. „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ საკმაოდ არის ადამიანების ის რაოდენობა, ვისაც აქვს სინდისი, ნამუსი და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არის დიდი სისტემა, რომელიც გადმოიბარა მან წინა ხელისუფლებისგან. სწორედ ამ ადამიანებს ახორციელებინებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, რეალურად ეს არ არის "ფულის გათეთრების" თემა და აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური მიზნები ახლავს თან.

„მგონი, მედია ამას ბოლო 3 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა და მადლობა ამისთვის მედიის წარმომადგენლებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და მოქალაქეებს, ვინც გვეხმიანება და ამ ქვეყანაში სამართალი, სახელმწიფო და ხვალინდელი დღე აინტერესებს. ჩემს დასკვნით სიტყვაში ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. თუ გეოპოლიტიკას გადახედავთ - რაც ხდება ყაზახეთში, ხდებოდა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბუნებრივია, რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება. ეს ხელისუფლება ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად შევცვალოთ ის და ეროვნული ნიშნით სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მოვიყვანოთ ახალი ხელისუფლება, პროკურორები, მოსამართლეები და შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება შეუქცევადი და მოემსახურება არა ერთ ადამიანს, როგორც დღეს ხდება - დღეს მთავარი პროკურორი, მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა. თუ ვინმეს სხვანაირად ჰგონია, ძალიან ღრმა შეცდომაში არის შეყვანილი.

ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია გვქონდა - 200 მილიონი მოზიდული სხვა კომპანიაში, ყველაზე დიდი საექსპორტო კომპანიის, „ბორჯომის“ მფლობელები ვიყავით და ამ დროს დაგვეგეგმა 17 მილიონის გათეთრება? ეს ხომ არის აბსურდი. აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და იმასთან, რომ აქ იყოს ეს ოლიგარქიული სისტემა, რუსული მენტალიტეტით ქვეყნის მართვა და ისეთ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა, სადაც მანიპულირება, არჩევნების გაყალბება და ხალხის მოტყუება არის ნორმა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა