„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის ბოლო კვირაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დე-ფაქტო მთავრობის ოპოზიციამ ხელისუფლების რევოლუციური გზით ხელში ჩაგდება სცადა, თუმცა წარუმატებლად.

„ასლან ბჟანიას მთავრობამ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება - როგორ ჩანს, რუსეთის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა მხარდაჭერის სანაცვლოდ. ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა რუსეთის მთავრობამ აფხაზურ „ამბებში“ ამჟამინდელი პროტეჟეს მხარდაჭერა? რატომ შეიძლება მიუღებელი იყოს მისი წინამორბედი, რომელიც არანაკლები ლოიალობით გამოირჩევა?“ - აცხადებენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აფხაზურ საზოგადოებაში კრემლის მესვეურთა გეგმების შესახებ ერთი ძირითადი ვერსია იკვეთება.

„აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაში ბოლო პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება საგარეო საქმეთა მინისტრად ახალგაზრდა ინალ არძინბას დანიშვნა იყო. როგორც აფხაზურ, ისე, ზოგადად, საქართველოს მედიაში ამ საკითხს დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ. ითქვა კიდეც, რომ არძინბა მოსკოვის ინტერესების გამტარი იქნება. მას ზედმეტსახელიც კი შეარქვეს - „მოსკოველი ბიჭუნა“. სოხუმში შექმნილი კრიზისის ფონზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სოჭში გამართული შეხვედრა და ძალადობრივი გზებით ვითარების განმუხტვაც, აფხაზურმა საზოგადოებამ იმის დასტურად მიიღო, რომ ინალ არძინბა „მოსკოვის კაცია,“ რომელიც ასლან ბჟანიას მთავრობას სტაბილურობის გარანტიებს სძენს და რომ რამდენიმე წელიწადში კრემლი აფხაზეთის სწორედ არძინბასთვის „გადაბარებას“ გეგმავს. როგორც ჩანს, აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და საპრეზიდენტო ასაკის დაწევა არარეალურია, ამის გამო ბჟანიას მთავრობა ერთგვარი გარდამავალი მთავრობაა, სანამ არძინბა 35 წლის ასაკს მიაღწევს.

შეიძლება სწორედ ამ მოსალოდნელი საფრთხის გამო დაჩქარდა საპროტესტო მოძრაობა აფხაზეთში, რომელმაც სოხუმის პოლიტიკური სპექტრის ნაციონალისტური ნაწილი ბჟანიას წინააღმდეგ გამოიყვანა. ყოფილი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები, როგორც ჩანს, შიშობენ, რომ ბჟანიას მთავრობა და შემდგომ უკვე არძინბა, უფრო მეტ დათმობებზე წავლენ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც აფხაზებს ომით მიღებულ მონაპოვარს დაუკარგავს. აფხაზების ნაწილს განსაკუთრებით ეშინია, რომ გაიშლება ფართო პრივატიზაციის პროცესი, რომელიც მიწასაც შეეხება, რაც რუსეთის ფედერაციის მდიდარ მოქალაქეებს აფხაზებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. გარდა ამისა, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა პოლიტიკოსის გაპრეზიდენტება, იმის საფრთხესაც შეიცავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა და მასზე ზეწოლის სივრცე უკიდურესად და ხანგრძლივად შემცირდება.

და ბოლოს, რა შედეგს იქონიებს აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებული ამ ვერსიის რეალისტურობა გალის რეგიონისთვის? რა თქმა უნდა, თავისი უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გალის ქართული საზოგადოება ამ პროცესებს გამოთიშულია. თუმცა, სოხუმში გაშლილ საპროტესტო მოძრაობას გალელები დიდი ინტერესით და ფრთხილი მოლოდინით აკვირდებოდნენ. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი წყარო იტყობინება, რაულ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები თავიანთი ანტიქართული და ეთნონაციონალისტური განწყობებით მათთვის უფრო საშიშად გამოიყურებიან, ვიდრე ასლან ბჟანიას მთავრობა. ცხადია, მსგავსი შიშებით რუსეთის ფედერაციას გალის რეგიონის მცხოვრებლების ლოიალობის მოპოვება თუ არა, მათი ინერტულობით სარგებლობა მაინც შეუძლია. თუ ამ შესაძლებლობას აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შემდგომი, ეტაპობრივი ინკორპორაციის და ანექსიის კონტექსტში განვიხილავთ, ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე აფხაზი პოლიტიკოსებისთვის. ამ უკანასკნელთ უფრო მეტად მართებთ დაფიქრება იმაზე, რა იქნება მართებული იმისთვის, რომ რეგიონის საზოგადოებამ პასუხისმგებლიანი მონაწილეობა მიიღოს აფხაზურ პოლიტიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის