მედია - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება „რესი“ იუწყება.
იმპიჩმენტის ინიციატივა ე.წ. ოპოზიციის ნაწილს ეკუთვნის. ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, პარტია „ნიხასის“, სახალხო პარტიისა და დეპუტატთა გაერთიანების ნაწილმა - 13-მა „დეპუტატმა“ ბიბილოვის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, 20 ბიულეტენი კი, გაუქმდა.
მანამდე, ფრაქციებმა - „ერთიანმა ოსეთმა“, „სახალხო ერთობამ“ და "კომუნისტებმა" სხდომათა დარბაზი დატოვეს და განსახილველ საკითხში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბიბილოვის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ დეკრეტთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. ოპოზიციის განცხადებით, "ბიბილოვი არასანქცირებულად მიიჩნევს მე-2 ბრძანებულებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ", ხოლო, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი იწყება ამ განკარგულებით, რადგან ეს არის ისტორიაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სამხრეთ ოსეთს, როგორც სახელმწიფო-ტერიტორიულ ერთეულს, ლეგიტიმაციას უწევს".

























