ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”

„ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის დოკუმენტი სწორია და გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევები.

“რა კითხვები აქვთ ოპონენტებს - თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რეზოლუციაში მხარდაჭერა ჩადებულია; თუ საუბარია, რომ ჩვენ რაიმე ტიპის ესკალაცია უნდა დავგმოთ, ესეც არის ამ ტექსტში. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და იმაზე, რომ უკრანელი ხალხისთვის სოლიდარობა ერთდროულად გამოგვეცხადებინა, არამედ პიარ კამპანიაზე გათვლილი სტარტეგიაა. ამაზე მეტყველებს „ბოტების“, „ტროლების“, ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს კონსულტაციები და როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

მისი შინაარსი კი ასეთია:

“საქართველოს პარლამენტი -ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა