სუს-ი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებს.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.

კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“,-აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს