თენგიზ ფხალაძე - ომი უკრაინაში რომ რუსეთისთვის ადვილი გასეირნება არ იქნება, ეს ცხადია, მაგრამ დღეს მთელი დასავლეთის ძალისხმევა ომის პრევენციისაკენაა მიმართული და არა ესკალაციისკენ

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის ირგვლივ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებსა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ახლა გასაგები მიზეზების გამო მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის საზღვრისა და იქ მიმდინარე პროცესებისადმია მიპყრობილი.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე რუსეთს წერილობითი პასუხი გასცა, ცნობილი გახდა, რომ კრემლი პასუხით უკმაყოფილო დარჩა, ახლა მთავარია თემაა როგორი იქნება მოსკოვის პასუხი აშშ-ს პასუხზე. დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მოსკოვის პასუხი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დამთავრებამდე არ იქნება, მაგრამ შემდეგ გამორიცხული არაფერია.

ამ პროცესების ფონზე აშშ, ბრიტანეთი, კანადა და სხვა ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდებას, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიასთან გამკლავება. ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ კიევში იყავით და იქედან გუშინ ჩამოდით, გვინდა გთხოვოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება.

ახლა როცა აშშ-რუსეთ, ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოზე მეტად დაძაბულია, საინტერესოა, თქვენი დაკვირვებით რა ხდება უკრაინის დედაქალაქში, უკრაინაში საერთოდ? რა განწყობები დომინირებს ქვეყანაში, რომელიც რუსული სივრცისგან თავის დაცვისა და თავისივე სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის რეჟიმშია ჩაყენებული?

- დავიწყებ იმით, რომ რუსულ აგრესიასთან 8 წლიანმა ბრძოლამ უკრაინა საგრძნობლად შეცვალა. უპირველეს ყოვლისა, გაჩნდა საერთო მტრის ერთიანი აღქმა, რამაც საზოგადოების მაკონსოლიდირებელი როლი შეასრულა. შესაბამისად გაცილებით ადეკვატურია საფრთხეების შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმებიც.

თავდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. საგრძნობლად გაიზარდა უკრაინის არმიის პროფესიონალიზმიც. უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებამ საგრძნობლად გაზარდა უკრაინის დაცულობა, აქ ვგულისხმობ როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე შეიარაღებას, წვრთნასა და სწავლებას, ასევე სადაზვერვო ინფორმაციას მოწინააღმდეგის გადაადგილების შესახებ, რასაც უკრაინა პარტნიორთა დახმარებით ფაქტობრივად ლაივ-რეჟიმში იღებს.

პარტნიორთა დახმარებით მიმდინარეობს საფრთხეთა განვითარების შესაძლო სცენარების შესწავლა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღიკვეთა დივერსიისა და ტერაქტის რამდენიმე მცდელობა.

20 თებერვალი უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო მანევრების დასრულების თარიღია. თუკი ამის შემდეგ საბრძოლო შენაერთები დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანებას მიიღებენ და უკრაინის საზღვრებს დაშორდებიან, მაშინ შეიძლება საფრთხის გადავლაზე საუბარი. მანამდე კი ვითარება დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს

შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთის უპრეცედენტო ძალისხმევამ ცოტა შეარბილა ახალი აგრესიის განხორციელების ალბათობა, თუმცა საფრთხე განეიტრალებული არ არის და გამწვავება ყოველ წუთს შესაძლებელია.

რაც შეეხება დროს, აქ პეკინის ოლიმპიადაზე მეტად საყურადღებოა ის მასშტაბური წვრთნები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ახორციელებს. 20 თებერვალი უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო მანევრების დასრულების თარიღია. თუკი ამის შემდეგ საბრძოლო შენაერთები დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანებას მიიღებენ და უკრაინის საზღვრებს დაშორდებიან, მაშინ შეიძლება საფრთხის გადავლაზე საუბარი. მანამდე კი ვითარება დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს.

პარტნიორთა დახმარებით მიმდინარეობს საფრთხეთა განვითარების შესაძლო სცენარების შესწავლა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღიკვეთა დივერსიისა და ტერაქტის რამდენიმე მცდელობა

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული სახელმწიფო და საზოგადოების აქტიური ნაწილი მზად არიან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ აგრესორ რუსეთს, რუსული მედიის მტკიცებით უკრაინის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოების ნაწილში სულაც არაა ანტირუსული განწყობები, ხალხს არ უნდა ომი რუსეთთან.

ხალხს რომ შესაძლოა ომი არ უნდოდეს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2014 წლიდან აწარმოებს და ომს მას შემდეგაც აგრძელებს რაც 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის რეგიონის დაახლოებით 1/3 დაიკავა.

უკრაინის თემაზე რუსული პროპაგანდა რომ აქტიურად მუშაობს, ფაქტია, მაგრამ ახლა როცა ქვეყანა რუსული აგრესიის წინაშე რეალურად დგას, რამდენად დიდია უკრაინულ საზოგადოებაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრორუსული ჯგუფების გავლენა? და რა გავლენას ახდენს რუსული პროპაგანდა ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინული საზოგადოების საზოგადოებრივ აზრზე?

- შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოება სწორედაც რომ წინააღმდეგობის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში პარტიზანული ომისთვის ემზადება. ქვეყანაში პანიკა ნამდვილად არ არის, მაგრამ წინააღმდეგობის სულისკვეთება ძალიან მაღალია. ამას პრორუსული ჯგუფებიც გრძნობენ და მათი აქტიურობა მინიმუმამდეა დასული.

საზოგადოება სწორედაც რომ წინააღმდეგობის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში პარტიზანული ომისთვის ემზადება. ქვეყანაში პანიკა ნამდვილად არ არის, მაგრამ წინააღმდეგობის სულისკვეთება ძალიან მაღალია. ამას პრორუსული ჯგუფებიც გრძნობენ და მათი აქტიურობა მინიმუმამდეა დასული

ეს ერთი მხრივ საზოგადოების შემართების დამსახურებაა, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთის და იმ სანქციების, რომელიც რამდენიმე უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს სწორედ ანტიუკრაინული და პრორუსული აქტივობისათვის დაუწესდა. ამიტომ ეს ჯგუფები ღიად ვერ მუშაობენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ საფარ ქვეშ მუშაობას.

რუსული პროპაგანდა უკრაინაში შეზღუდულია, თუმცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ძირითადად ინტერნეტ-არხები, მაინც მუშაობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს საინფორმაციო საფრთხის არ არსებობას, მაგრამ თუ ვითარებას იგივე 2014 წელს შევადარებთ, როდესაც ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია განხორციელდა, ვითარება საკმაოდ შეცვლილია.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკიზე დიდი გავლენა აქვს პრეზიდენტის მრჩეველს ანდრეი ერმაკს, რომელსაც ბევრი კრემლის კრეატურად მიიჩნევს.

სხვათა შორის, იმის ფონზე, როცა აშშ და დასავლეთი უკრაინას უპრეცედენტო პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევენ, საკვანძო საკითხებზე თავად პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო განცხადებები აშკარად წინააღმდეგობრივია.

ბევრი მიიჩნევს, რომ იმაზე, სავარაუდოდ, თუ როგორ შეიძლება დაიწყოს ომი, ლავროვს წამოსცდა - ხელისუფლებიდან უკონტროლო ჯგუფები დაიწყებენ საომარ მოქმედებებს.

რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგობრივი განცხადებები, რეალურად რამდენად დიდია მის ადმინისტრაციაზე კრემლის გავლენა და იმის ალბათობა რომ ე.წ. „უკონტროლო ჯგუფები“ დაიწყებენ ომს?

- „უკონტროლო ჯგუფები“ ის სცენარია, რომლის განხორციელებაც რუსეთს ხელს აძლევს, რათა პირდაპირ აგრესიაში არ დაადანაშაულონ. თუმცა, ასეთი ჯგუფები არ არსებობს და სწორედ მათ შექმნას ცდილობს კრემლი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცების შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდულია, გარკვეული პირები მაინც ახერხებენ შეღწევას.

როგორც აღვნიშნე, ბოლო ორ კვირაში რამდენიმე ასეთი პირი დააკავეს, რომლებიც პროვოკაციის და დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ. ასე, რომ „უკონტროლო ჯგუფების“ კი არა, კრემლის მიერ კონტროლირებადი ჯგუფების გამოვლენა და განეიტრალება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას, რადგან ამ გზით არეულობის გამოწვევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

„უკონტროლო ჯგუფების“ კი არა, კრემლის მიერ კონტროლირებადი ჯგუფების გამოვლენა და განეიტრალება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას, რადგან ამ გზით არეულობის გამოწვევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს

რაც შეეხება ანდრეი ერმაკს, ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და გიდასტურებთ რომ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

- კრემლთან დაახლოებული „მოლაპარაკე თავების“ მტკიცებით, მინსკის შეთანხმების შესრულება კიევი შეიძლება მხოლოდ ვაშინგტონმა აიძულოს, ამას ვერც გერმანელები და ვერც ფრანგები ვერ გააკეთებენ.

მინსკის შეთანხმების თანახმად რუსეთმა უნდა გაიყვანოს დონბასიდან მისი შენაერთები და საზღვარზე კონტროლი კიევმა უნდა დაამყაროს, მაგრამ დონბასში რუსული შენაერთების არსებობას კრემლი დღემდე უარყოფს. ანუ მინსკის შეთანხმებას თავად არ ასრულებს. არადა ვიდრე რუსი შენაერთები იქიდან არ გავლენ, ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.

აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის ისეა დაძაბული ურთიერთობები, ამგვარი მტკიცებები ნაკლებადსარწმუნოდ გამოიყურება, მაგრამ მაინც გკითხავთ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონმა კიევის ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულება მოითხოვოს?

- აქ სწორედ რომ ინტერპრეტაციის საკითხია მთავარი. უკრაინა მინსკის შეთანხმებაზე უარს არ აცხადებს, მაგრამ ვალდებულებების ცალმხრივი შესრულება ნიშნავს სეპარატისტული რეჟიმების და რუსული ბოევიკების ლეგიტიმაციას.

ამიტომ თუკი ვინმეს რამე შეიძლება მოეთხოვოს, ეს პირველ რიგში რუსეთია, რომელმაც უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების შეიარაღება და საკუთარი ბოევიკებიც უნდა გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან.

- უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინას იმ ტიპის იარაღი მიეწოდება, რომელიც მას გაუადვილებს ბრძოლას აგრესორთან. არ გამორიცხავენ უკრაინაში არა მარტო ბრიტანელი სამხედროების ჩასვლას.

კი ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილს უკრაინის საზღვრიდან უკან აბრუნებს, მაგრამ სხვა ინფორმაციებით, მოსკოვმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გადაისროლა.

სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, რუსეთ-უკრაინის ომი 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსად ხუთდღიანი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ თუ ომი მაინც დაიწყო, შესაძლოა იგი რუსეთისათვის მეორე ავღანეთადაც კი იქცეს.

უკრაინა დახმარების სახით ბევრ იარაღს კი იღებს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ოდენობასა და ხარისხს? რამდენად თავისუფალია უკრაინული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსული გავლენებისაგან და შეძლებს თუ არა ამ იარაღის ეფექტურად გამოყენება უკრაინა?

- უკრაინის არმია შეიარაღებასთან ერთად შესაბამის განათლებასაც იღებს. მათ მიღებული იარაღის გამოყენებაც იციან და შესაბამისად წინააღმდეგობის გაწევის უნარიც საგრძნობლად გაზრდილია.

ომი უკრაინაში რომ რუსეთისთვის ადვილი გასეირნება არ იქნება, ეს ცხადია, მაგრამ დღეს მთელი დასავლეთის ძალისხმევა პირველ რიგში ომის პრევენციისაკენ არის მიმართული და არა ესკალაციისკენ.

ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონვენციური ომისა და ფართომასშტაბიანი შეტევის გარდა არსებობს ჰიბრიდული ომი და წერტილოვანი დარტყმები, რაც შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს. ამიტომაც საფრთხეების შეფასებისას ყველა სცენარი უნდა იყოს დამუშავებული და გათვალისწინებული.

- როგორც ჩანს, სწორი აღმოჩნდა ამერიკულ გამოცემა „Voice of America» - ში ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ვერშბოუს პროგნოზი - „რუსეთმა უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შექმნა და შედეგად შესაძლოა ის მიიღოს, რის წინააღმდეგაც იბრძვის“.

ახლა, როცა ვიცით, რომ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, რომ ომი, თუ იგი დაიწყო, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ახლა ყველაზე აქტუალურია სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები.

სავარაუდოდ, როგორია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების შესაძლო სცენარები?

- დღეს ძნელია რამის პროგნოზირება, მაგრამ ერთი რამ ცხადია - რუსეთი უნდა შეჩერდეს! არ შეიძლება მსოფლიო მუდმივი შანტაჟისა და მოსალოდნელი ომის რეჟიმში ცხოვრობდეს. კრემლის ქმედებები ეგზისტენციალური საფრთხეა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის და თუ მისი შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდა, მაშინ ყველა განწირულნი ვართ ხანგრძლივი არასტაბილურობისათვის.

კრემლის ქმედებები ეგზისტენციალური საფრთხეა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის და თუ მისი შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდა, მაშინ ყველა განწირულნი ვართ ხანგრძლივი არასტაბილურობისათვის

რუსეთის ქმედებები, სხვა არაფერია თუ არა იმპერიული რევანშიზმი, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნების სახელმწიფოებრიობასაც ემუქრება და ევროპის სტაბილურობასაც.

ვფიქრობ, ეს უკვე ყველასთვის ცხადია. ამიტომაც რუსეთის შეჩერება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი რეალიზაციისათვის.

- რადგან აშშ-სა და რუსეთს, ნატო-რუსეთს, ეუთო-რუსეთს შორის კონსულტაციები დაწყებულია ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, წესით, იგი რაღაც შედეგითაც უნდა დასრულდეს.

გასაგებია, რომ შესაძლოა, ახლა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურებზე საუბარი ნაადრევიც კი იყო, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას, გამორიცხულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა და როგორი ადგილი ექნება საქართველოს ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს აშშ-რუსეთ, ნატო-რუსეთ, ეუთო-რუსეთს შორის კონსულტაციები ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე და ამ ახალ რეალობაში რა და როგორი ადგილი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

- ვფიქრობ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ შორი გზაა, რადგან ისინი წესიერად არც კი დაწყებულა. რუსეთმა ღია ულტიმატუმი წაუყენა დასავლეთს, რაზედაც ის პასუხი მიიღო, რაც უნდა მიეღო. თუმცა, ამერიკულმა დიპლომატიამ მოლაპარაკებების სივრცე ბოლომდე არ დახურა და ამით რუსეთს სახის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუტოვა. ნათლად ითქვა, რომ არ გადაიხედება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ვერ ინება ვაჭრობის საგანი.

ამერიკულმა დიპლომატიამ მოლაპარაკებების სივრცე ბოლომდე არ დახურა და ამით რუსეთს სახის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუტოვა

რაც შეეხება სხვა თემებს, მაგალითად განიარაღება და ბირთვული იარაღის კონტროლი, აქ მოლაპარაკება შესაძლებელია და დასავლეთი ამისთვის მზად არის. ასეთი მიდგომა რუსულ რევანშიზმთან ვერასოდეს იქნება თანაფარდობაში, ამიტომ რუსეთმა სპეკულაციების ახალი რაუნდი წამოიწყო და ეუთოს წევრ ქვეყნებს ე.წ. „უსაფრთხოების განუყოფლობის“ იდეაზე ევაჭრება. მართლაც ცინიზმის მწვერვალია, რომ რუსეთი ვინმეს ადანაშაულებს სხვის ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ცინიზმია, რომ დღეს რუსეთი 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტის ვალდებულებების შეუსრულებლობაში სხვას ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ეუთო-ს სამიტია, რომელმაც რუსეთს საქართველოდან და მოლდოვადან ბაზების გაყვანის ვალდებულება დააკისრა. ცხადია, რომ რუსული დიპლომატია დროს წელავს. ამ ხერხს კი რუსები, როგორც წესი მაშინ მიმართავენ, როდესაც ახალი აგრესია აქვთ ჩაფიქრებული და ყურადღების გადატანას ცდილობენ.

რუსული დიპლომატია დროს წელავს. ამ ხერხს კი რუსები, როგორც წესი მაშინ მიმართავენ, როდესაც ახალი აგრესია აქვთ ჩაფიქრებული და ყურადღების გადატანას ცდილობენ

ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არ ეხება მარტო უკრაინას, ეს გვეხება ჩვენც და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი განვითარებისათვის.

- უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართვა გავრცელდა, რომლითაც ოფიციალური კიევი პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტებისაგან ითხოვს პოზიციის გამოხატვას რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ შანტაჟის მიუღებლობის თაობაზე, რომელიც მიმართულია უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაუშვებლობისკენ.

თემა აქტუალურია ჩვენთვისაც, რადგან უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა.

გასულ კვირას საპარლამენტო ოპოზიცია იმას აპროტესტებდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის პროექტში, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა, აგრესორი ქვეყანა რუსეთი, ნახსენები საერთოდ არაა.

ახლა როცა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე კიევმა პარტნიორ ქვეყნებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, საქართველოს პარლამენტი ვალდებულიც კია თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

გაქვთ განცდა, რომ უკრაინის საკითხზე საქართველოს პარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია ისეთი იქნება, როგორიც, საქართველოს, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას შეეფერება?

- სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ რეზოლუციის ირგვლივ შექმნილი მოცემულობით. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს უკრაინის შესახებ განცხადებაც აქვს მიღებული, რეზოლუციაც და არც ერთ დოკუმენტში არ მორიდებია რუსეთის ხსენებას და აგრესიის ფაქტის აღიარებას.

ამასთანავე ჩვენ და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გაფორმებული. ჩვენ ასევე, მოლდოვასთან ერთად, ვართ ასოცირებული ტრიო და არაერთხელ გაგვიცხადებია ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ეს ყველაფერი ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა და პარადოქსია, რომ ამ საკითხზე დავა მიმდინარეობდეს.

უკრაინაში ყოფნისას, ნათლად ვხედავდი ჩვენი საელჩოს აქტივობას, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაშია უკრაინელ კოლეგებთან. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ საუბარს და ამ სოლიდარობის ფონზე სრულიად გაუგებარია რატომ გახდა საკამათო რეზოლუციაში რუსეთის ხსენება.

მით უფრო, რომ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია იმ საშიში პოლიტიკის შემადგენელი ნაწილებია, რასაც რუსეთი „პრივილეგირებული ინტერესები სფეროების პოლიტიკას“ უწოდებს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ 2014 წელი 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელება იყო და სწორედ იმიტომ განხორციელდა, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის სათანადო პასუხი არ მოეთხოვა. სწორედ ამიტომ, რეზოლუციაში რუსეთის არ ხსენება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია და თუკი ის პოლიტიკურ შეფასებას არ იძლევა, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი რეზოლუციის მიღებას?!

უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არ ეხება მარტო უკრაინას, ეს გვეხება ჩვენც და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი განვითარებისათვის

რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა უკრაინის მიმართ კიდევ ერთი დასტურია თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე ვართ იმპერიის მეზობლები. რაოდენ დიდია საფრთხე ახალგაზრდა დემოკრატიებისათვის. რაოდენ რთულია საქართველოსთვის მცოცავი ოკუპაცია და რაოდენ დიდი საშიშროებაა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების მუდმივი მუქარა.

ამიტომაც კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ მსოფლიოს ყურადღება, რომ საფრთხე საერთოა და დაცულობა არამხოლოდ უკრაინას არამედ საქართველოსაც სჭირდება და რომ ასოცირებული ქვეყნები და ნატოს ასპირანტი სახელმწიფოები უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს საჭიროებენ.

ეს ყველაფერი დღეს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც ალიანსი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს, სადაც შავი ზღვის რეგიონის თემა ძალზედ მნიშვნელოვანია. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს აქტიურობა და არსებული საფრთხეების განზოგადება სწორედ შავი ზღვის რეგიონისა და საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა