თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი 79-ჯერაა ნახსენები - ევროპარლამენტმა მოახერხა ის, რაც ამ პარლამენტმა უნდა მოახერხოს, შეიმუშავა ინტერფრაქციული ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა ამ ტექსტზე, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი ხელაშვილს, რომელმაც დეპუტატებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას რეზოლუციის ინიციატორი ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დაასახელა და ხელაშვილს მასზე ჰკითხა, არის თუ არა რუსეთის ხსენების გამო ომის რიტორიკის ინიციატორი, რაშიც მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებს.

„როდესაც რეზოლუციის ტექსტზე შეჯერების მცდელობა გვქონდა და ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ერთობლივი ტექსტი შეემუშავებინა, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დავაყენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, მისი შინაარსის განხილვა, პათოსის შენარჩუნება და გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. რამდენჯერ არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები? თქვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ გაეცანით, ამიტომ შემიძლია დაგეხმაროთ - ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ. არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ.

მათ შორის, ამ რეზოლუციას ჰყავს ინიციატორები თქვენი პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტმა მოახერხა ის, რაც ამ პარლამენტმა უნდა მოახერხოს - მან შეიმუშავა ინტერფრაქციული ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა ამ ტექსტზე, ინიციატორებს შორის არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის არაერთი წარმომადგენელიც. ჩვენ რომ პროპაგანდისტულად, ყალბად და უღირსად ომის რიტორიკაში გვადანაშაულებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს მტერი გვინდა ვუწოდოთ, აგრესორს - აგრესორი, ოკუპანტს - ოკუპანტი, მაინტერესებს, ბატონი სვენ მიქსერი, რომელიც თანაინიციატორია ევროპარლამენტის რეზოლუციის, სადაც რუსეთი 79-ჯერ არის ნახსენები, ომის რიტორიკის ინიციატორია? მიპასუხეთ კონკრეტულად, ან ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებეთ ცილისმწამებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. კმარა, ამდენი სიცრუე, პოპულიზმი, ცილისწამება და ოპონენტებისგან მუდმივად მტრის ხატის შექმნა იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საკითხის წინაშე ვდგავართ და ამ ყალბი და მდაბიო პოლიტიკური თამაშების დრო უბრალოდ არ არის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო