იაგო კაჭკაჭიშვილი - მომავალ არჩევნებში ვერც „ანტი-მიშას ფენომენი“ და ვერც მაჟორიტარები ვეღარ იქნებიან ხელისუფლების მაშველი რგოლები

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, მიუხედავად იმისა, რომ ენ-დი-აი-ბოლო კვლევა საკმაოდ ბევრი ითქვა, ამ თემაზე თქვენთან მსჯელობისა და საუბრის გაგრძელებისთვის შეგეხმიანეთ. გასაგებია, რომ ენ-დი-აი-კვლევების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ერთგვაროვანი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მიმართ პოლიტიკური კლასი და საზოგადოებაც გულგრილი აშკარად არასდროს არაა.

უცნაური ისაა, რომ რომ ამ კვლევებს პოლიტიკური სუბიექტები მხოლოდ მაშინ დაიმოწმებენ ხოლმე, თუ კვლევის რომელიმე ასპექტს სათავისოდ ჩათვლიან. ფაქტია, რომ ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევამ იმაზე მეტი საფიქრალი გაუჩინა ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ყველა სოციოლოგიური კვლევა რომ ყოველთვის ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა, ვიცით, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ იმის გამო დაგიკავშირდით, რომ ჩვენში თქვენ, როგორც სოციოლოგი, საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობთ. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ და გკითხავთ - რამდენადაც შესაძლებელია ჩვენს ფორმატში გაგვარკვიოთ ჩვენც და ჩვენი მკითხველიც რა აჩვენა ენ-დი-აი-ბოლო კვლევამ?

- ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევამ სხვადასხვა რამ აჩვენა - 1. ხელისუფლების მიმართ ნდობა შემცირებულია და ლამის ქვეყნის საჯარო მოხელეების მასშტაბს ფარავს, 2. ოპოზიცია ფერდაკარგულია და მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს ვერ პასუხობს, 3. ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ აკმაყოფილებს ვერც სოციალური კეთილდღეობის და ვერც დემოკრატიული განვითარების სტანდარტებს და თავდაღმართში მიდის, 4. საგარეო პრიორიტეტები, ევროკავშირის და ნატოს სახით, შენარჩუნებულია, 5. კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავების ძირითად სტრატეგიად მოსახლეობა კვლავ არ მიიჩნევს ვაქცინაციას და ა.შ.

თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფონზე, მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სტანდარტებისგან დაშორებულად მიიჩნევს და მისი ხედვით, საქართველო ევროპული განვითარების ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფონზე, მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სტანდარტებისგან დაშორებულად მიიჩნევს და მისი ხედვით, საქართველო ევროპული განვითარების ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

მეტიც, მოსახლეობის განწყობებში გაუარესების ტენდენციაა, რაც იმედგაცრუების გაძლიერების მაპროვოცირებელია. ეს კი, რაღაც დროს, აქტიურ პროტესტში შეიძლება გადაიზარდოს. „ქართული ოცნება,“ ერთი მხრივ, ანტი-მიშას და ანტი-„ნაცმოძრაობის“ პროპაგანდით და, მეორე მხრივ, მაჟორიტარების „კოზირით“ გადიოდა არჩევნებში ფონს და ინარჩუნებდა ძალაუფლებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მომავალ არჩევნებში ვერც „ანტი-მიშას ფენომენი“ და ვერც მაჟორიტარები ვეღარ იქნებიან ხელისუფლების მაშველი რგოლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მომავალ არჩევნებში ვერც „ანტი-მიშას ფენომენი“ და ვერც მაჟორიტარები ვეღარ იქნებიან ხელისუფლების მაშველი რგოლები

- ბევრი სხვა თემის აქტუალურობის მიუხედავად მართლაც თვალშისაცემია ორი ასპექტი - საგარეო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მაჩვენებელი და ასევე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის საკმაოდ დაბალი რეიტინგები.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნებას“ ახლა ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორც 2003 წლის არჩევნებზე შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს“. კიდევ უფრო უარეს დღეშია მთელი ოპოზიციური სპექტრი. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას „ნაცმოძრაობას“ ახლა მხარს 9% უჭერს, დანარჩენებს, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, პულსი არ ესინჯებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პოლიტიკოსთა სიმცირეს აშკარად არ უჩივის, ზოგი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური სცენა პრაქტიკულად ნახევრადცარიელია, უკეთეს შემთხვევაში ამ სცენაზე ორი - ივანიშვილისა და სააკაშვილის ფიგურები ჩანან.

ივანიშვილის მხარდამჭერები კი ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ იგი პოლიტიკას განერიდა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამის მათ თავადაც არ სჯერათ.

რაც შეეხება სააკაშვილს, იგი ციხის საკანშია და ითხოვს სამართლიან სასამართლოს, ციხიდან გათავისუფლებას, მაგრამ რამდენად რეალიზებადია ეს, ჯერ არ ჩანს.

ვინც ქართულ პოლიტიკურ სცენას კარგა ხანია აკვირდება, მათგან ხშირად გაიგონებთ - „შუა ისე გაიკრიფა,“ თან რამდენიმეჯერ, სცენაზე ანგარიშგასაწევი კი არა პოლიტიკოსებიც კი აღარ ჩანან. თქვენ როგორ შეაფასებდით ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არსებულ ვითარებას და სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმ ვითარების მიზეზი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს?

- ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სცენაზე ერთგვარი ტაიმ-აუტია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში მთავარი საკითხი იყო პატიმარი სააკაშვილის შიმშილობა და მისი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა.

ოპოზიციამ ბევრი ენერგია დახარჯა იმაზე, რომ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაეყვანათ. და როდესაც ეს მოთხოვნა შესრულდა, ოპოზიციამ თითქოს საკუთარი მისია ამოწურა. შემდეგ იყო სააკაშვილის გამოსვლები სასამართლოზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე...

ანუ, სხვანაირად თუ ვიტყვით, ოპოზიცია თავდაცვის რეჟიმში იყო გადასული და ყურადღებას და ენერგიას ისეთ საკითხებზე ხარჯავდა, რომელთაგან ზოგიერთი, ობიექტურად, პრინციპულად იყო შეუსრულებელი (მაგალითად, ასეთი იყო და არის მოთხოვნა სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ). რაც მთავარია, ეს საკითხები ამომრჩეველთა ძირეული ინტერესების მიღმა გადიოდა.

ოპოზიციას იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს, მოუწევს საკუთარი დღის წესრიგის შექმნა, რომელშიც რეალისტური და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო თემები გააქტიურდება.

ოპოზიციას იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს, მოუწევს საკუთარი დღის წესრიგის შექმნა, რომელშიც რეალისტური და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო თემები გააქტიურდება

- ფაქტია, რომ საკმაოდ შორსა ვართ გვქონდეს გამართული მმართველობის სისტემა და ჯანმრთელ კონკურენციაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი, მაგრამ გაუგებარი სხვა რამაა - ძნელი დასაჯერებელია, რომ მმართველი გუნდი ვერ ხედავდეს იმას, რომ ბევრი სფეროს მართვაში აშკარად გვაქვს ჩავარდნები და ხელისუფლების პოლიტიკა კორექტივებს საჭიროებს.

ასევე გაუგებარია, ის, რომ მაშინ როცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ „ნაცმოძრაობას“ ახლა 9% უჭერს მხარს, რისი იმედით ითხოვს ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციის პრობლემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ აჯობებს საუბარი მმართველ გუნდზე გავაგრძელოთ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უმრავლესობა და არსებობს ოპოზიცია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მმართველ ძალას ოპოზიციური სპექტრის ერთსულოვანი პოზიცია გაეთვალისწინებინოს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და კონსენსუსის პრინციპის ამუშავებაზე უარი თქვა, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს კონტროლისა და შეკავების სისტემა, მმართველი გუნდი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.

აქცენტს ხელისუფლებაზე იმიტომ ვაკეთებ, რომ კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფლებას გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი. გასაგებია, რომ მმართველი გუნდი კრიზის არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია რომ პოლიტიკური პროცესი აშკარად არაა ისეთი ჯანსაღი, როგორიც უნდა იყოს.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მმართველი გუნდი არ ავლენს ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნებასა და კონსენსუსის უნარს?

- მმართველი გუნდი ძალაუფლების ხიბლშია ჩავარდნილი და ყველაფერს ბლოკავს ან ანადგურებს, რაც ამ ვნებას პრობლემებს შეუქმნის. ბოლო წლებში არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ ითანამშრომლა ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან და რაიმე კომპრომისზე წავიდა.

მეტიც, ხელისუფლება იმ საჯარო სტრუქტურებსაც უპირისპირდება, რომლებსაც თავად მიანიჭა ლეგიტიმაცია. სანიმუშოდ შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტი დავასახელოთ, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს არათუ მხოლოდ დაუპირისპირდა, არამედ საერთოდ გააუქმა კიდეც.

ხელისუფლება ავტოკრატიულად სარგებლობს იმით, რომ ოპოზიციის გავლენა მოსახლეობაში დაბალია და მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგიც მნიშვნელოვნად შემცირებულია, აქტიურად იყენებს ძალაუფლების გამყარების არადემოკრატიულ მეთოდებს - ძალადობას, დაშინებას, მარგინალიზაციას, უკანონო მანიპულაციებს.

ხელისუფლება ავტოკრატიულად სარგებლობს იმით, რომ ოპოზიციის გავლენა მოსახლეობაში დაბალია და მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგიც მნიშვნელოვნად შემცირებულია, აქტიურად იყენებს ძალაუფლების გამყარების არადემოკრატიულ მეთოდებს - ძალადობას, დაშინებას, მარგინალიზაციას, უკანონო მანიპულაციებს

ყველაზე რელიეფურად ეს მეთოდები არჩევნების პერიოდში და, აგრეთვე, ოპოზიციური მედია-საშუალებების მიმართ გამოიყენება. ბოლო ხანს, ძალაუფლების გამყარებისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება არც საერთაშორისო პარტნიორების „გაშავებას“ ერიდება, რაც, პრინციპში, ბოლო ოცწლეულის ახალი ტენდენციაა. მიშელის დოკუმენტის უაპელაციო გაუქმება ამის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელია.

- მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მეუღლემ ბაკურიანში ცნობილი ტყის ნაწილი შეიძინა, ასევე საბადურის ტყის მფლობელი გახდა თბილისის ექს-მერის მეუღლე, ასევე კიკეთის ტყეში ეზო შეიძინა ცაგერის მერის შვილმა, იყო მოლოდინი, რომ ამ თემებზე პრემიერისა და ყველა სხვა ოფიციალური პირებისაგან განმარტებებს მოისმენდა საზოგადოება.

ამ თემაზე დაგვიანებული განმარტებები კი გაკეთდა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეებისთვის დამაჯერებელი იყო.

ბიზნესსაქმიანობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მეუღლეებსაც, მაგრამ ბიზნესში მათ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე დაგვიანებულმა და გაუგებარმა განმარტებებმა საზოგადოების ნაწილში იმაზე მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია.

ისინიც კი, ვინც ფიქრობდა, რომ ღარიბაშვილს უნდა ვაცალოთ, ახლა დაბნეული იფშვნეტს ხელებს. იმ ტიპის გადაწყვეტილებები რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებით იღებენ ასეთი კითხვა გააჩინა - ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათთან დაახლოებულებს ხომ არ გაუჩნდათ განცდა, რომ ისე წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ? თუ ასე არაა, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

-კი, ასეა - ტყეებისა და მიწების ოჯახის წევრებისთვის, თუნდაც, იჯარით გადაცემაც ძალაუფლების ხიბლის ნაწილია, რაზეც უკვე ვისაუბრე. ზოგადად, ავტორიტარიზმის გამოხატული ფორმისთვის დამახასიათებელია უმწიფარი პოლიტიკური სოციალიზაცია, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც პირველადი ჯგუფის წევრებისთვის - პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, აგრეთვე, მეგობრებისთვის ძალაუფლების განაწილება, რასაც ფაქტობრივად ძალაუფლების უნივერსალიზაციისკენ მივყავართ.

უფრო ვიწროპოლიტიკურ ენაზე ამას „ნეპოტიზმი“ ჰქვია, რომელიც ნეგატიური ძალაუფლებაა იმ აზრით, რომ ძალაუფლების ნეპოტიზმის გზით გაფართოება, ადრე თუ გვიან, მისი დაკარგვის წინაპირობა ხდება.

საქმე ისაა, რომ ნეპოტიზმი ძალაუფლების გამყარების და გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე არალეგიტიმური გზაა, რომელიც გარედან დამკვირვებელში და ამომრჩევლებში ანტიპათიას იწვევს.

და აქ საინტერესო ისაა, რომ ნეპოტისტური პრაქტიკები თვით ხელისუფლების გულწრფელ და „უბრალო“ ამომრჩევლებში აჩენს უარყოფით რეაქციას. ნეპოტიზმი ჩიხია, საიდანაც „სუფთა“ გამოსავალი არ არსებობს.

ძალაუფლების ნეპოტიზმის გზით გაფართოება, ადრე თუ გვიან, მისი დაკარგვის წინაპირობა ხდება... საქმე ისაა, რომ ნეპოტიზმი ძალაუფლების გამყარების და გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე არალეგიტიმური გზაა, რომელიც გარედან დამკვირვებელში და ამომრჩევლებში ანტიპათიას იწვევს... ნეპოტიზმი ჩიხია, საიდანაც „სუფთა“ გამოსავალი არ არსებობს

- უკვე ვახსენე, მაგრამ გავიმეორებ, მაშინ როცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ „ნაცმოძრაობას“ ახლა 9% უჭერს მხარს, სხვას კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, გაუგებარია რისი იმედით ითხოვენ ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა საკუთარი პარტიული პროპაგანდის, ჩაკეტილი ორგანიზაციული კულტურის მძევლებად არიან ქცეული. ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე კი არიან ორიენტირებული, ზოგჯერ ამას ძალიან ნიჭიერად, კრეატიულადაც კი აკეთებენ, ზოგჯერ ნამეტნავად უნიჭოდაც, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ მიმართულებით მათი ლამის ყოველდღიური მცდელობები არ მუშაობს. მეტიც, რაც მეტი დრო გადის, მეტად აზიანებენ თავის თავს, როგორც პოლიტიკურ ძალებს. პრიმიტიული მიდგომა - ჩემიანი ყველა კარგია, ხოლო სხვა მტერია, თამაშის ის წესებია, რომელიც ოპოზიციური ფრთის გარდა, ქვეყანას ვნებს და აზიანებს.

მესმის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა კარგ დღეში არაა, მათი აღიარებული ლიდერი და მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და ბოლო თვეები ისინი ბრძოლის გაგრძელების ტაქტიკას ხშირად ცვლიდნენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ყველაზე დიდმა და გავლენიანმა ოპოზიციურმა ძალამ „ნაცმოძრაობამ“ აქამდე ვერ მოახერხა სწორი და ეფექტური ბრძოლის ფორმების მოძებნა?

- ჯერ-ერთი, ვიტყვი იმას, რომ პარტიათა შესახებ ის მონაცემები, რაც ენ-დი-აი-მ გამოაქვეყნა, მკაცრი გაგებით, არც არის პარტიათა რეიტინგები. კვლევაში შეკითხვა დასმული იყო ასე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“. ხოლო რეიტინგების გამზომი ტიპური შეკითხვა ასეთია - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“.

საქმე ისაა, რომ ამომრჩეველმა შეიძლება პრაგმატული არჩევანი გააკეთოს და ხმა მისცეს რომელიმე პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს საერთოდ არ არის. ამდენად, ენ-დი-აი-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები პარტიულ მხარდაჭერას მხოლოდ ირიბად, ტენდენციის სახით გამოხატავს და არ შეიძლება პარტიული რეიტინგების გაზომვის პრეტენზია ჰქონდეს.

ენ-დი-აი-მიერ გამოქვეყნებული მონაცემები პარტიულ მხარდაჭერას მხოლოდ ირიბად, ტენდენციის სახით გამოხატავს და არ შეიძლება პარტიული რეიტინგების გაზომვის პრეტენზია ჰქონდეს

ახლა რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ბოლოდროინდელ ტაქტიკას - „ნაცმოძრაობა“ მთლიანად კონცენტრირდა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. შემიძლია ვთქვა, რომ ნაცმოძრაობა, გარკვეული აზრით, მიხეილ სააკაშვილის მძევალი გახდა და მის, ხშირად არაადეკვატურ, მითითებებს მისდევდა. საკმარისია გავიხსენოთ ბოლო მასობრივი შიმშილობა.

ამ ორბიტაზე „ნაცმოძრაობამ“ გარკვეულ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება, მისი შიმშილობის ფონზე, შეილახა. თუმცა, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის „დაკრულზე“ დაიწყო აქტიურობა, ამით მას ოპოზიციური ამომრჩევლის შემკრების და ოპოზიციურ ძალებთან და, ზოგადად, ამომრჩეველთან თანამშრომლობის პერსპექტივა მნიშვნელოვნად შეუსუსტდა.

სხვათა შორის, თავად „ნაცმოძრაობის“ ნახევარმილიონიანი ამომრჩევლის გააქტიურებისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკა. ჩემი დაკვირვებით, ამას თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერებიც მიხვდნენ და, ვფიქრობ, მომავალში მათი მოქმედებების ფოკუსი შეიცვლება.

- ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ნაცმოძრაობა“ მოქმედების ახალ ტაქტიკაზე გადავა.

„ნაცმოძრაობის სტრატეგიული ამოცანები ცნობილია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონ დეკანოიძის განცხადებები „ნაცმოძრაობის“ მოქმედების ახალი ტაქტიკის ნაწილია? თუ კი როგორ, შეაფასებდით ამ ტაქტიკის პერსპექტივებს?

- „ნაცმოძრაობას“ მოუწევს ფოკუსის შეცვლა და აქცენტების გადანაცვლება. ანუ, მოუწევს, სააკაშვილისგან გარკვეული დისტანცირება. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება შეიძლება სწორედ ამ გადანაცვლების დასაწყისად მივიჩნიოთ.

- ენ-დი-აი-ბოლო სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ „ნაციონალების“ გარდა სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ ნდობა იმაზე დაბალია, ვიდრე ჩანდა.

ენ-დი-აი-ბოლო კვლევამდე და მას შემდეგაც დამკვირვებელთა ნაწილი ხშირად გამოთქვამდა ასეთ აზრს - ჩვენი პოლიტიკური კლასი ან ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს, ან მისი ახლით ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება.

პოლიტიკურ სცენაზე ახლა მყოფ პარტიათაგან ახალ სტანდარტზე გადაწყობის შანსები ვის აქვს, და ვის არა?

- ფაქტია, რომ ამომრჩეველთა 42%, ამ ეტაპზე, არცერთ პარტიას არ მიიჩნევს მისი შეხედულებების გამომხატველად. და ეს წილი გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პარტიის მიმართ გამოხატული ლოიალობა.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომრჩევლების ეს სოლიდური ნაწილი პრაქტიკულად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია, რომელიც ელოდება, რომ „დამაგრდება“ რომელიმე პარტიაზე.

ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი ამომრჩეველი მაინცდამაინც ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. უფრო მიმაჩნია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ოპოზიციური პარტიებისგან ელოდება გააქტიურებას, ამა თუ იმ მათგანის გამოკვეთას, რომელიც შეძლებს განსხვავებული და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პრობლემების საპროტესტო ენერგიად კონვერტირებას.

ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი ამომრჩეველი მაინცდამაინც ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. უფრო მიმაჩნია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ოპოზიციური პარტიებისგან ელოდება გააქტიურებას, ამა თუ იმ მათგანის გამოკვეთას, რომელიც შეძლებს განსხვავებული და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პრობლემების საპროტესტო ენერგიად კონვერტირებას

„ნაცმოძრაობის“ მიღმა არსებულ ოპოზიციურ პარტიებს ახლა ასეთი ამოცანა უდგათ - „ნაცმოძრაობასთან“ ითანამშრომლონ, რადგან სჭირდებათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პლატფორმის გამოყენება, მაგრამ, ამავე დროს, მოახერხონ საკუთარი ავტონომიურობის შენარჩუნება და საკუთარი პოლიტიკური ხაზის გამოკვეთა.

თითქოს არ არის რთული ამოცანა, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთი ბალანსის დაცვა ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდათ. მიუხედეავად ამისა, არ ველოდები „ნაცმოძრაობის“ მიღმა არსებული ოპოზიციური სპექტრის გამოცვლას ან ჩანაცვლებას.

- პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, - დღეს „ოცნების“ და „ნაციონალების“ მხარდამჭერი არის არა მოსახლეობა, არამედ სახელისუფლებო და ყოფილი სახელისუფლებო ნომენკლატურა - ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება კიდევ უფრო ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ქვეყანამ კიდევ უფრო ერთპარტიული პარლამენტი მიიღოს?

- მე ყველაფერს ველოდები 2024 წლის არჩევნებზე, ერთპარტიული პარლამენტის გარდა. ბოლო არჩევნებზე მისული ოპოზიციური ამომრჩევლის დაახლოებით 20%-იანი წილი, ვინც ხმა „ნაცმოძრაობის“ მიღმა არსებულ ოპოზიციურ პარტიებს მისცა და ამ წილის გაზრდის პერსპექტივა ამის გარანტიას იძლევა.

გასათვალისწინებელია დაბალი საარჩევნო ბარიერით და მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება 2024 წელს.

ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა სუსტდება და ეს პროცესი გაღრმავდება, მომავალი პარლამენტი კოალიციური ხელისუფლების პირმშო იქნება საქართველოში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა