ბადრი ჯაფარიძე - რატომ არ პასუხობს ჩვენი რეზოლუცია უკრაინის რადას 25 იანვრის მიმართვას, დაიგმოს რუსეთის ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ?

რატომ არ პასუხობს ჩვენი რეზოლუცია უკრაინის უმაღლესი რადას 25 იანვრის მიმართვას, დაიგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ?- ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი ხელაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილება.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიც კი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის უკრაინას და საქართველოს და ამ ფონზე ისმის კითხვა, რატომ არ ხდება იმ საფრთხის კონსტანტირება, რომლის თავიდან აცილებასაც საქართველოსა და უკრაინისთვის მისი მეგობრები ცდილობენ.

„მე მაქვს ასეთი კითხვა, თუ თქვენთვის ცნობილია უკრაინის უმაღლესი რადას 25 იანვრის მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, უცხო სახელმწიფოების მთავრობებისა და პარლამენტებისადმი. ჩვენი რეზოლუცია უნდა პასუხობდეს თუ არა ამ მიმართვას და ამ თხოვნას, რომელიც მომდინარეობს უკრაინის უმაღლესი რადადან. მინდა მოვახდინო ციტირება ამ მიმართვიდან, სადაც პირდაპირ წერია, მოგვიწოდებენ და გვთხოვენ „დაიგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მკაცრად დაიგმოს რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევის პროგრესის დაბლოკვისაკენ, არ დაუშვან რუსეთის ფედერაციის მხრიდან შანტაჟისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მუქარის გაგრძელება“. ამ თხოვნას, ამ მოწოდებას რატომ არ პასუხობს ჩვენი რეზოლუცია? ამასთან ერთად, ჩვენ წავიკითხეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის უკრაინას და საქართველოს. რატომ არ ვახდენთ იმის კონსტანტირებას, რასაც ჩვენი მეგობრები გამუდმებით ცდილობენ, რომ აგვარიდონ ჩვენ და უკრაინა რუსეთის მხრიდან საფრთხეს,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო