ნიკოლოზ ვაშაკიძე - დეოლიგარქიზაციის ახალი ტალღა აგორებას უკრაინაში იწყებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მალე მოადგება საქართველოსაც

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი წამყვანი ტრენდი ხდება აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დისკურსში. ეს ახალი, გაცილებით უფრო მძლავრი ტალღა აგორებას უკრაინიდან იწყებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მალე მოადგება საქართველოსაც, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვხედავთ თუ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები იქმნება სხვადასხვა დიდი ქვეყნებისა და უკრაინის მონაწილეობით. ყველანაირი ლოგიკა მოითხოვს ამ პროცესებში საქართველოს ჩართვას და შესაბამისად აქტიურად დგება დღის წესრიგში საქართველოში იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ამ ამოცანას თავს ვერ ან არ ართმევს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორი და ფლაგმანი არის უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.

„თავად სიტყვა "დეოლიგარქიზაცია" სწორედ მისი შემოღებულია და მან ის კიდევ ერთხელ გამოიყენა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერთან ბორის ჯონსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ. დეოლიგარქიზაციის პირველი და წარმატებული გამოვლინება ვიხილეთ მოლდოვაში 2019 წელს, როცა იქ ძალაუფლებას და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშორეს მილიარდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი და გადააყენეს მის მიერ კონტროლირებადი მთავრობა. თუმცა, ეს ბრძოლა, როგორც ჩანს, ახლა სულ სხვა მასშტაბს და გაქანებას იძენს. ეს ახალი, გაცილებით უფრო მძლავრი ტალღა, აგორებას უკრაინიდან იწყებს. პრეზიდენტი ზელენსკი ისეთი მონდომებით ახდენს დეოლიგარქიზაციის პროცესის ამოქოქვას და მის პიარ უზრუნველყოფას, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს პროცესი გახდება საერთაშორისო პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვფიქრობ, ამ თემას თანდათან აიტაცებენ (და ნაწილობრივად უკვე აიტაცეს) დასავლეთის მედიასაშუალებები, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსებიც. ეს ალბათ გარდაუვალია, რადგან დღეს დასავლეთს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული უკრაინა, ხოლო ასეთი უკრაინის აღმშენებლობის გზაზე დღეს მთავარ დაბრკოლებას სწორედ ოლიგარქები წარმოადგენენ“, - აცხადებს ვაშაკიძე.

ამასთან, ნიკოლოზ ვაშაკიძე საუბრობს ამ პროცესებში საქართველოს როლზე და მის ჩართულობაზე.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მალე მოადგება საქართველოსაც, რადგან საქართველო ამ თვალსაზრისით მჭიდრო ლოგიკურ და პოლიტიკურ ბმაში იმყოფება უკრაინასთან. ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები იქმნება სხვადასხვა დიდი ქვეყნებისა და უკრაინის მონაწილეობით. ყველანაირი ლოგიკა მოითხოვს ამ პროცესებში საქართველოს ჩართვას და აქტიურად დგება დღის წესრიგში საქართველოში იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ამ ამოცანას თავს ვერ ან არ ართმევს. შესაბამისად, გარდაუვლად იქმნება პოლიტიკიდან იმ ოლიგარქის ჩამოშორების აუცილებლობა, რომელზეც ეს ხელისუფლება დგას. აქ ამ ოლიგარქს უკვე არ უშველის პოლიტიკიდან ფორმალური და ფასადური წასვლა. ის მძლავრი პროცესი, რომელიც აგორდა უკრაინასა და დასავლეთში, მისგან უკვე კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს მოითხოვს პოლიტიკიდან ჩამოშორების კუთხით.

ბედის ირონიით ამ პროცესს მძლავრად დაეხმარება "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის პოზიციებისა და რეიტინგის სერიოზული დაქვეითება, რომელსაც თავად ოლიგარქმა და მისმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის დასუსტებამ პრაქტიკულად გამოაცალა ოლიგარქის ხელისუფლებას იდეოლოგიური ფუნდამენტი ე.წ. "სისხლიანი 9 წლის" დაბრუნების საფრთხის ნარატივის სახით. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დარჩება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მხოლოდ, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე. ამ ვითარებაში უკვე მაქსიმალურად არის მომწიფებული ძლიერი ახალი პოლიტიკური ცენტრების ფორმირების აუცილებლობა, რომლებმაც საქართველოს ახალი ხელისუფლების ბირთვი უნდა შეადგინონ და ვფიქრობ, ასეთი ცენტრების ფორმირებას დასავლელი პარტნიორები მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს“ , - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა