პატარა მკითხველის გზა სრულფასოვანი წიგნიერებისკენ

,,ბავშვისთვის ხშირად წაკითხვა ერთ-ერთი მთავარია, რაც შეიძლება გავაკეთოთ მისი ცხოვრებისეული და კარიერული წარმატების, პიროვნული განვითარებისთვის. ამ დროს მდიდრდება მისი ლექსიკური მარაგი, აქტიურდება წარმოსახვა, ემოციები, აზროვნება და, რაც მთავარია, სურვილი, რომ თავადაც იკითხოს“.

მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები ნამდვილ თუ შეთხზულ ამბებს არ უზიარებენ ერთმანეთს. მიზეზი ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამბების გარეშე ცხოვრება. ხშირად ამ ამბებს უბრალოდ ვუყვებით ერთმანეთს, ზოგჯერ ელექტრონულად მივწერთ ან სხვების დაწერილს გავაზიარებთ ხოლმე.

არსებობს ამბის გადაცემის კიდევ ერთი ფორმატი -- წიგნის სხვისთვის ხმამაღლა წაკითხვა. თუ ბავშვობაში წიგნებს გიკითხავდნენ, ალბათ გაიხსენებთ განსხვავებულ, ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის საოცარ განცდას.

კვლევები გვეუბნება, რომ სკოლაში წასვლამდე ბავშვისთვის ხშირად წაკითხვა ერთ-ერთი მთავარია, რაც შეიძლება გავაკეთოთ მისი ცხოვრებისეული და კარიერული წარმატების, პიროვნული განვითარებისთვის. ამიტომ ხმამაღლა წაკითხვის ვარიაციები სკოლაშიც ინარჩუნებს განსაკუთრებულ როლს. კარგი მასწავლებლები პირველი კლასის შემდეგაც ხშირად ატარებენ ამ აქტივობის ნაირგვარ ვარიაციებს (იგულისხმება საჩვენებელი კითხვა, ერთობლივი კითხვა, ურთიერთწაკითხვა და არა ბავშვების მიერ გაგრძელებითი წაკითხვა).

ხმამაღლა წაკითხულის მოსმენა ბავშვისთვის ერთდროულად სასიამოვნოცაა და სასარგებლოც. ამ დროს მდიდრდება მისი ლექსიკური მარაგი, აქტიურდება წარმოსახვა, ემოციები, აზროვნება და, რაც მთავარია, სურვილი, რომ თავადაც იკითხოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის ხმამაღლა წაკითხვისათვის?

  • არ დაგვავიწყდეს, რომ ამბების გადაცემას დიდი გავლენა აქვს ბავშვის განვითარებაზე, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში. ბავშვისთვის ამბების ზეპირად თხრობა ამზადებს მას კითხვის სწავლისა და წაკითხულის გააზრებისთვის. ამიტომ გადავცეთ ამბები, ზოგჯერ მოყოლით, ზოგჯერ - ხმამაღლა წაკითხვით.
  • წავუკითხოთ ბავშვებს ხშირად, თუ შესაძლებელია, ყოველდღიურად. ბავშვისთვის დღეში 15 წუთით წაკითხვას შედეგად მოაქვს ბევრი წარმატება სწავლასა და ცხოვრებაში. ეს „სასიკეთო რუტინა“ დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე, თუნდაც ერთ წლამდე ასაკიდან.
  • წავუკითხოთ ყველგან - სახლში, სკოლაში, პარკში... თუ კომფორტულად ვმგზავრობთ, ავტობუსშიც.
  • თანდათანობით ჩავრთოთ ბავშვები ხმამაღლა წაკითხვის პროცესში. კითხვისას ვთხოვოთ, რომ წაიკითხოს ერთი სიტყვა, ფრაზა, წინადადება. არ შევწყვიტოთ ბავშვისთვის ხმამაღლა წაკითხვა მას შემდეგაც კი, როცა წერა-კითხვას ისწავლიან. ვცვალოთ როლები და ყურადღებით მოვუსმინოთ, როცა თვითონ წაგვიკითხავენ.
  • სასურველია, უარი არ ვუთხრათ ერთი და იმავე წიგნის ბევრჯერ წაკითხვაზე. ეს სასარგებლოა, ვინაიდან გამეორებითი კითხვის პროცესში ბავშვი უკეთ შეიგრძნობს წიგნის სამყაროს, თხრობის სტრუქტურას, პერსონაჟთა თვისებებს, ახალი სიტყვების მნიშვნელობას. ეს ყველაფერი ბევრჯერ გამოადგება სწავლაშიც და კომუნიკაციაშიც.
  • კვლევამ აჩვენა, რომ წაკითხულის გაგება-გააზრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოსმენილის გაგება და გააზრება. ამიტომ ხმამაღლა კითხვით რამდენიმე კურდღელს ვიჭერთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი არის ვარჯიში მოსმენილის გააზრებაში. რაც უფრო ნაკლებად წავუკითხავთ ბავშვს, მით უფრო ნაკლებ დროს დაუთმობს სიამოვნებისთვის კითხვას, ნაკლებად გაერთობა წიგნებთან მეგობრობით და მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებთან ურთიერთობას მიეჩვევა.
  • ბავშვისთვის წიგნის არჩევის საშუალების მიცემა კითხვის მოტივაციის გაღვივების მთავარი საშუალებაა. ეს ეხება წიგნების არჩევანს ოჯახშიც და სკოლაშიც. მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი მთელი სასწავლო წლის გავლა, სამწუხაროდ, გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. საუკეთესო საკლასო ოთახში ბავშვებს აქვთ საშუალება, აირჩიონ და იკითხონ სხვადასხვა თემატიკის, ჟანრისა და სირთულის წიგნები.
  • ყოველი მეხუთე ბავშვი ამა თუ იმ პრობლემას ავლენს წერა-კითხვის შესწავლის პროცესში. არავინაა დაზღვეული კითხვის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული სირთულეებისგან. ბავშვისთვის ხმამაღლა წაკითხვა ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია მომავალში კითხვის პრობლემებისგან თავის არიდებისთვის.
  • უამრავი მშობელი ჩივის, რომ მეოთხე-მეხუთეკლასელი ბავშვები არ კითხულობენ, არ აინტერესებთ წიგნები. მშობლები ითხოვენ რჩევებს, როგორ შეაყვარონ ბავშვებს კითხვა. სინამდვილეში ამაზე ზრუნვა ძალიან ადრეა დასაწყები, მანამ, სანამ ბავშვი კითხვის შესწავლას დაიწყებს სკოლაში.
  • როგორც აღვნიშნეთ, კითხვის დაწყება ერთ წლამდე ასაკიდანაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, პირველი წიგნები მხოლოდ მსუყე ფერებით დახატულ სურათებსა და რამდენიმესიტყვიან ტექსტებს შეიცავს. წიგნებისა და ტექსტების მრავალფეროვნება წლებთან ერთად სულ უფრო მატულობს. წიგნი სათანადო ადგილს იკავებს ბავშვის საყვარელი ნივთებისა და სათამაშოების გვერდით.
  • საუკეთესო მასწავლებლები კარგი მკითხველები არიან. ისინი მუდმივად უკითხავენ ბავშვებს ბევრნაირ წიგნებს არამხოლოდ პირველ და მეორე კლასებში, არამედ მას მერეც, რაც ბავშვები წერა-კითხვის საბაზო უნარებს დაეუფლებიან. ისინი ბავშვებსაც ხშირად სთხოვენ, სხვებს წაუკითხონ მათთვის საყვარელი წიგნები. რასაკვირველია, ეს მოითხოვს „სახელმძღვანელოს კომპლექსის“ დაძლევას და კლასში რაც შეიძლება ბევრი საინტერესო წიგნის გაცოცხლებას.
  • კარგი დირექტორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სკოლაში შექმნან წიგნიერი გარემო, რაც, სხვა ბევრი რამის გარდა, გულისხმობს ხმამაღლა კითხვისთვის საკლასო და სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნებით უზრუნველყოფას.

რამდენიმე მითი ხმამაღლა კითხვის შესახებ:

ყველაზე მავნე მითი ასეთია: წერა-კითხვა სკოლის საქმეა. ბავშვი წავა სკოლაში და იქ ისწავლის კითხვას. ნუ ჩავერევით მასწავლებლის საქმეში.

უცნაურია, მაგრამ ამ დამოკიდებულებას დღესაც ხშირად ვაწყდებით. სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში ცდილობენ, რომ ბავშვმა რაც შეიძლება ადრე დაიწყოს წიგნებთან ურთიერთობა და მისთვის წაკითხულის მოსმენა.

მეორე გავრცელებული მითი შეგვიძლია ასე გამოვთქვათ: დრო არ გვაქვს. ისედაც ბევრი საქმეა და ბავშვისთვის კითხვას საკმაო დრო სჭირდება.

სინამდვილეში, ბავშვისთვის წაკითხვას დიდი დრო არ მიაქვს. დღეში 10-დან 20 წუთამდე წაკითხვასაც კი ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს.

ბავშვებს უნდა ვუკითხოთ მხოლოდ მხატვრული ტექსტები.

არადა, მრავალი არამხატრვული მეტად საინტერესო გამოცემის ნახვა შეიძლება, რომელთაც სიამოვნებით მოუსმენენ წიგნების წაკითხვას მიჩვეული პატარები. მხატვრული და არამხატვრული წიგნების მონაცვლეობა სასარგებლოდ წაადგება ბავშვის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების აღმოცენებასა და განვითარებას.

კიდევ ერთი მითი ასეთია: როცა ვუკითხავთ, ბავშვი წყნარად უნდა იჯდეს ერთ ადგილას.

სინამდვილეში ასე არ არის. ზოგიერთ ბავშვს წყნარად მოსმენა უყვარს, ზოგიერთმა კი შეიძლება იმოძრაოს და ითამაშოს კიდეც — ასე უფრო კომფორტული აღმოჩნდეს მოსმენა.

ბავშვისთვის ხმამაღლა წასაკითხი წიგნის რამდენიმე მახასიათებელი

  • აღქმადი და მიმზიდველი ილუსტრაციები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ტექსტში აღწერილ მოვლენებს;
  • მარტივი, მოკლედ გადმოცემული ამბები ჩაუხლართავი სიუჟეტით;
  • კლასიკური ტექსტები ისეთ უნივერსალურ თემებზე, როგორიცაა მეგობრობა, თანადგომა, სიკეთე;
  • წიგნები, რომლებიც უჩვენებს ბავშვს, თუ როგორ ექცევიან სხვებს მათთვის საინტერესო პერსონაჟები სხვადასხვა სიტუაციაში;
  • შემეცნებითი, ინფორმაციული წიგნები, რომლებიც ეხმარება ბავშვს ბუნებისა და გარემოს შეცნობაში და რომლებიც ბავშვი იპოვის პასუხებს „რა?“, „რატომ?“, „როგორ?“ შეკითხვებზე;
  • მათივე ასაკის პერსონაჟები, ნაცნობი ემოციებით, სურვილებით, შიშებით, ინტერესებით, პრობლემებითა და თავგადასავლებით;
  • სულელური და უცნაური ამბები, რომლებიც სიცილს და გახალისებას იწვევს;
  • ტექსტები, რომლებიც არ არის გადატვირთული ძნელად გასაგები სიტყვებითა და ფრაზებით.

მასალა მომზადებულია USAID -ის საბაზისო განათლების წიგნიერების გუნდის მიერ

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა