„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული ვითარება გამოწვეულია სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასათანადო გააზრებითა და შესრულებით.

„საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს, რაც საჯარო დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას ფრაგმენტულსა და არაკოორდინირებულს ხდის.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა. დაინტერესებული საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, დღემდე არ დაწყებულა ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იქნებოდნენ ჩართულები.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესებულ მდგომარეობას, რაც უკანასკნელ პერიოდში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ პოლიტიზაციაში, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების უკიდურესად შესუსტებაში, ძალადობის წახალისებაში, შეკრების თავისუფლების უხეშად დარღვევაში, უსახლკარობის საფრთხის წინაშე მდგომი პირებისა და დევნილების პრობლემების უგულებელყოფაში გამოიხატა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული ვითარება გამოწვეულია სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასათანადო გააზრებითა და შესრულებით.

2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული არაერთი ხარვეზის გაუმჯობესება. რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად, სტრატეგია წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა სისტემურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განუსაზღვრავდა პრიორიტეტულ მიმართულებებს.

დოკუმენტის მოქმედების ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა, თუმცა დაინტერესებული საზოგადოებისთვის უცნობია, რა ნაბიჯები გადაიდგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. 2014-2020 წლის სტრატეგიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი სტრატეგიის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომლითაც ავტორიტეტულ საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, განისაზღვრება საქართველოში ადამიანის უფლებათა განმტკიცების ფართო ხედვა, მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა