გია ხუხაშვილი - ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ავაშენებთ „ტიტანიკს“, რომელიც განწირულია ჩაძირვისთვის

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში არსებული პრობლემების გაშიშვლება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს პოლიტიკური პრიორიტეტები ლაგდება ასე: დილას სააკაშვილს წნევა უნდა გავუზომოთ, საღამოს სიცხე და შუალედებში კიდევ შეიძლება ვიღაცამ რაღაცაზე ილაპარაკოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიცია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, დღის წესრიგში სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში არსებული პრობლემები უკანა პლანზე გადავიდა.

„მდგომარეობა სავალალოა. ოპოზიცია ვერ აყალიბებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ვერანაირ დღის წესრიგს. ოპოზიციის ფუნქცია არის, რომ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოკვეთოს, მოახდინოს ამის კაპიტალიზაცია და გარკვეული პოლიტიკური პროცესი წარმართოს. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული აცდენა აქვს ოპოზიციას იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც საზოგადოებაში არსებობს.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. ობიექტურად შეიძლება დავასახელოთ ის, რომ ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააშრო რესურსებისგან. ეს არის, როგორც მატერიალური რესურსები, ასევე, ორგანიზაციული რესურსები და ა.შ. მოახერხა გარკვეულწილად ოპოზიციის კომპრომეტირება და ოპოზიციაც ხშირად აღმოჩნდებოდა იმ ხაფანგის მარწუხებში, რომელსაც ხელისუფლება ამა თუ იმ ეტაპზე უგებდა. მეორე მხრივ, საკუთრივ მათი შეცდომები. ისინი ვერ ალაგებენ სწორად პრიორიტეტებს, ვერ პასუხობენ ხალხის მოთხოვნებს.

მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გაშიშვლება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა, რაც დიდი ოდენობით იყო დაგროვებული, უკანა პლანზე გადავიდა. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კურსში, რაზეც ოპოზიციას შეეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ეს თემები უკანა პლანზე გადავიდა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება, როდესაც პოლიტიკური პრიორიტეტები ლაგდება ასე: დილას სააკაშვილს წნევა უნდა გავუზომოთ, საღამოს სიცხე და შუალედებში კიდევ შეიძლება ვიღაცამ რაღაცაზე ილაპარაკოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური პროცესების აგება ნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრი საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას ვერასდროს მოახერხებს და სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილი ამას ხვდება.

„ნაწილი მე მგონი, ხვდება ამას, რომ ეს არ არის ის თემა, რაზეც შეიძლება საზოგადოების კონსოლიდაცია. იმიტომ, რომ კი ბატონო, ნებისმიერ თემაზე შეიძლება პოლიტიკური პროცესის აგება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის თემაზე აგება ნიშნავს იმას, რომ შენ ვერასდროს მოახერხებ საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას. იმიტომ, რომ, სააკაშვილს ბუნებრივია, თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს. რაც მთავარია, არის ძალიან დიდი რაოდენობის პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე, რომელიც აღმოჩნდა კონტრპროპაგანდის მარწუხებში ანუ პროპაგანდა ამბობს, რომ სააკაშვილი არის მონსტრი, კაციჭამია და ა.შ. კონტრპროპაგანდა ამბობს, რომ სააკაშვილი არის ფრთიანი ანგელოზი. ამ მარწუხებშია მოქცეული საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე და ვეღარ გაერკვა სიტუაციაში,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს, რათა მას მშვენივრად ესმის, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა დაბალ ნიშნულზეა.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა „როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება საქმე გვაქვს ძირითადად ორ სიმართლესთან. მათი ურთიერთბრალდებები არის ისეთი, რომელსაც აქვს გარკვეული საფუძველი. ამაშია პრობლემა. შესაბამისად, ეს ვერასოდეს გადავა დიალოგში და ექნება მონოლოგის სახე. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, თავისთავად პოლიტიკურია, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი. ის სასამართლოსაც იყენებს პოლიტიკურ ტრიბუნად. მას მშვენივრად ესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდომა საქართველოში დაბალ ნიშნულზეა და შესაბამისად აქვს არგუმენტები. როდესაც ის აფრიალებს ამ სურათებს, ამას აქვს საფუძველი. სხვა საკითხია, რომ თვითონაც არაა ფრთიანი ანგელოზი.

მიხეილ სააკაშვილიც მართალია, როდესაც ლაპარაკობს და მის მიმართ რაც არის პრეტენზიები, იქაც არის სიმართლე, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ადამიანები ვეღარ გაერკვნენ რასთან გვაქვს საქმე და იმისათვის, რომ გავერკვეთ, ჩვენ გვჭირდება ნდობით აღჭურვილი მართლმსაჯულების სისტემა.

მიხეილ სააკაშვილი რაღაცაში შეიძლება მართალი იყოს, რაღაცაში მტყუანი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდი კომპრომეტირებულია, ისინი მართლა ჩადიოდნენ დანაშაულს. სააკაშვილს რაღაც პოზიტივიც ჰქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი ნეგატივიც ჰქონდა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პატიობს მას დღემდე, ანუ ტრავმირებულია მისი მხრიდან საზოგადოება. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს გაერთიანება, ამას სულ სხვა ტონალობა სჭირდება,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ეჩხუბება, თუ „რომელმა უფრო მეტი დააშავა“. მისივე თქმით, აღნიშნული ორი პოლიტიკური ძალა მოქალაქეებს აიძულებენ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის გააკეთონ და მომავლის არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ.

„ის რომ დღევანდელი ხელისუფლება დამნაშავეა, ეს არ აუქმებს ამომრჩევლის თვალში მიხეილ სააკაშვილის დანაშაულს. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ორი ეჭვმიტანილი მხარე ერთმანეთს ეჩხუბება, რომელმა უფრო მეტი დააშავა. როგორც საინფორმაციო, ისე რესურსული თვალსაზრისით, ეს ორი პოლიტიკური ცენტრი მუდმივად ცდილობს, რომ ამომრჩეველი ამყოფოს კომპრომეტირებულ წარსულსა და კომპრომეტირებულ აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ, არ დაუტოვოს მომავლის არჩევანი. სინამდვილეში ადამიანს უნდა უკეთესი მომავლის არჩევანი და ეს ორი კომპრომენტირებული ძალა მას ეუბნება, რომ შენ არ გაქვს არჩევანი. შენ, ან წარსულში უნდა დაბრუნდე, ან უნდა შეეგუო ამ აწმყოს. ამ მოცემულობაში ვართ. ეს ორი ძალა ამ მომავალს მუდმივად უკეტავს გზას.

ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადის უკანა პლანზე და ჩვენ მუდმივად ამ სანახაობას ვუყურებთ და ამაზე აგებს თავის პოლიტიკას. სააკაშვილი სარგებლობს იმით, რომ თუ ხელისუფლებაში ვერ მოდის, ყოველ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალას ოპოზიციურ ფლანგზე არ უშვებს და მთავარ ოპოზიციურ ცენტრად რჩება, შესაბამისად მნიშვნელოვნებას ინარჩუნებს. ორივე ნახულობს სარგებელს ამ ბრძოლაში,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, რა დროსაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანება შესთავაზა და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოხდება, ეს ხელსაყრელი მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდისთვის იქნება.

„მე არ მგონია, რომ უგულავა იმდენად არაკვალიფიციური იყოს, რომ არ ესმოდეს, რომ ეს არის მკვდრადშობილი პროექტი. სწორედ ეს არის ხელისუფლების გეგმაც, მატრიცა. ამ პარტიებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარ ტიტანიკად იქცევა, იმიტომ, რომ ჩვენ თუ სეგმენტაციას მოვახდენთ, მივიღებთ ასეთ სურათს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, ამომრჩევლის დაახლოებით 25% მოიზიდოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იგივე რესურსი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში და მთელი დანარჩენი ელექტორატი ითხოვს მომავლის არჩევას. საბოლო ჯამში, ორპოლუსიანობის შემთხვევაში, ხელისუფლების სამობილიზაციო რესურსი არის ბევრად მეტი. ხელისუფლება იგებს ამ თამაშში.

შესაბამისად, უგულავას შეთავაზება ხელისუფლების ინტერესშია. ჩვენ ფრონტის ხაზის ასე გატარება კი არ გვჭირდება, პირიქით, ოპოზიციურ ფლანგზე ფრონტის ხაზის მაქსიმალურად გაშლა გვჭირდება, იმისათვის, რომ ყველა ეს უკმაყოფილება, ყველა ეს სეგმენტი მოვიცვათ და არ ავაშენოთ „ტიტანიკი“, რომელიც განწირულია ჩაძირვისთვის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა