პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით მართავს, “დროას” წევრმა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით მართავს, “დროას” წევრმა ნინო დოლიძემ დატოვა.

როგორც შეხვედრის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი სხვა უსამართლობა. მისივე განმარტებით, ზურაბიშვილმა ისაუბრა ჩვენს უახლეს წარსულზე, რათა გავიაზროთ, „საიდან მოდის ეს პოლარიზაცია”.

ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ ახლა ასეთი კვლევების დრო არ არის, რადგან სწრაფადაა მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს ბედს წყვეტს.

“ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პირადად ჩემი მოლოდინი საკმაოდ მაღალი იყო იმ განაცხადებიდან გამომდინარე, რაც იმთავითვე გააკეთა პრეზიდენტმა, როცა ეს პროცესი დაიწყო. მაშინ “დროა” ამ პროცესს შეუერთდა და ეროვნული თანხმობის იდეას მხარი დაუჭირა,რადგანაც ისეთი საკითხების მოგვარების შესაძლებლობა იდგა, რაც ძალიან მწვავეა. ეს არის შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი სხვა უსამართლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამას დღეს კიდევ ერთი მწვავე საკითხი დაემატა, რაც მგონი, კითხვის ნიშნის ქვეშ აღარც დგას - ეს არის ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოზიცია იმ მივლენებზე, რაც ევროპაში ხდება. ის, რომ დღეს ყალიბდება სრულიად ახალი ტიპის ევროპა, ახალი ფორმატები და ჩვენ ამ ყველაფრისგან ვართ მოშორებული ჩვენი ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს დღეს უმთავრესი საკითხი, რაზეც უნდა ხდებოდეს დისკუსია. ის ფორმატი, რაც დღეს ვნახე, კარგი ფორმატი იქნება განვითარებული ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც კრიზისში არ იმყოფება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით მწვავე საკითხი დგას და მოლოდინი მქონდა, რომ ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტებზე იქნებოდა საუბარი, იმ თემებზე, რაც ჩამოვთვალე.

ქალბატონმა სალომემ შემოგვთავაზა ფორმატი ქალების შეხვედრით და პირველი ჯგუფი არის ქალების ჯგუფი. მისი არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ქალები არიან მიმტევებლები და ახსენა კიდეც კრავაი ჯაყელი. ზოგადად, ასეთი დანაწილება, ცალ-ცალკე ქალი და კაცი პოლიტიკოსები, არ მგონია სწორი, რადგანაც ეს ისეთი პროცესია სადაც ქალები, კაცები, პრეზიდენტი და ხელისუფლება კი არა, თითოეული მოქლაქე განგაშის ზარს უნდა სცემდეს, რადგანაც შესაძლებლობის ფანჯარა რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გარეთ არ დავრჩეთ. ანუ პრეზიდენტმა ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლეს წარსულზე, რათა გავიაზროთ საიდან მოდის ეს პოლარიზაცია. თუმცა, მგონია, რომ ასეთი კვლევის და ნელი ფორმატის დრო სამწუხაროდ, არ გვაქვს. სწრაფადაა საკითხები გადასაწყვეტი”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა