უკრაინის ელჩი - რთულია იმის თქმა, რა სახის დახმარება შეიძლება საქართველოსგან დაგვჭირდეს ომის შემთხვევაში - ყველაფერი საჭიროა, პირველ რიგში, რაც გვჭირდება არის სოლიდარობა, პრევენციული ზომები და მზაობა

ჩვენ ძალიან ვაფასებთ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნებისმიერი სახის მანიფესტაციას. ჩვენ არ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას ,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, რეზოლუციის პარალელურად, საქართველოში არაერთი მანიფესტაცია და აქცია იმართება, სადაც სხვადასხვა ორგანიზაცია, ახალგაზრდები და ზოგადად საზოგადოება სტრატეგიული პარტნიორისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

„ჩვენ ვნახეთ არაერთი მანიფესტაცია აქ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ახლოს. საჯარო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდებმა გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერის გამომხატველ ძალიან ბევრ წერილს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენთვის. რეზოლუციას, რომელიც ახსენეთ, უმაღლესი რადა მიესალმება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს რეზოლუციის მიღებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანი მხოლოდ ომის თავიდან არიდება არ არის, არამედ სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

„მხოლოდ ომის თავის არიდება არ არის საკმარისი, რასაც ხშირად ახსენებენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. უკრაინისთვის ეს არ არის ერთადერთი მიზანი. ჩვენ არამხოლოდ გვინდა მშვიდობა შევინარჩუნოთ, არამედ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უმთავრესი საკითხი უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა უკან დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

თანამედროვე ომი აბსოლუტურად განსხვავებულია, იმისგან, რაც თუნდაც 10 წლის წინ იყო. ჩვენ გვაქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის გამოცდილება. ტაქტიკები, შეიარაღება და საბრძოლო აღჭურვილობა, რომლებიც ახლა გამოიყენება, 2014 წელთან შედარებით სრულიად განსხვავებულია. ომის ბუნება განსხვავებულია.

ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, რა სახის დახმარება შეიძლება საქართველოსგან დაგვჭირდეს ომის შემთხვევაში. ყველაფერი საჭიროა, პირველ რიგში, რაც ჩვენ გვჭირდება არის სოლიდარობა, პრევენციული ზომები და მზაობა. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს