ეკა ხერხეულიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს - თუ დაინტერესდებით, რატომ შეუწყდა უფლებამოსილება ვადაზე ადრე ლონდა თოლორაიას?

თქვენ მოხსენებაში ახსენეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დგახართ და ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მაინტერესებს, თუ დაინტერესდებით, რატომ შეუწყდა უფლებამოსილება ვადაზე ადრე ლონდა თოლორაიას? - ამ შეკითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს მიმართა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ეკა ხერხეულიძემ ლელა ჯანაშვილს განუმარტა, რომ მის კვალიფიკაციასთან არანაირი კითხვა არ აქვს, თუმცა კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდება მისი საქმიანობა, თუ აირჩევენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე.

„თქვენ წინამორბედს უფლებამოსილება შეუწყდება ვადაზე ადრე. მოხსენებაში ახსენეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დგახართ და ეს არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, თუ დაინტერესდებით რატომ შეუწყდა უფლებამოსილება ვადაზე ადრე ლონდა თოლორაიას? თქვენი პოზიციის დაფიქსირება ახლავე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, და საერთოდ, ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას გეტყვით, რომ დამოუკიდებელი ამ გადაწყვეტილებაშიც არ მგონიხართ, როდესაც კანდიდატად თქვენს საკითხს ვიხილავთ, მაგრამ დავუშვათ, ეს ჩემი პოზიციაა.

თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, რატომ გაგიჩნდათ სურვილი იმუშოთ იმ სამსახურში, რაზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი პოზიცია, რომ ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხალხი იმედით უყურებდა როგორც ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, მის ხელმძღვანელს გამოძიებასთან მიმართებაში უფლებამოსილება უწყდება. თქვენ ახლა სურვილი გაგიჩნდათ, რომ ამ პოზიციაზე იმუშაოთ და ჩაანაცვლოთ ეს ადამიანი, მაგრამ ამ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, ზოგადად სამსახურზე მაქვს საუბარი. მაინტერსებს, თქვენ გაქვთ დამოუკიდებლობის ისეთი ხარისხი, რომ შეგიძლით ისაუბროთ იმ კანონდარღვევებზე? ახლა, რატომ გაგიჩნდათ ეს სურვილი, ამით ვის უმხედრდებით? თუ პირიქით, შემგუებლობაა და სულ ერთია, როგორი იქნება მდგომარეობა და იმუშავებთ ამ პოზიციაზე. მინდა, ჩემი კითხვა კარგად გაიგოთ. თქვენთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. იცით, ამ საკითხთან მიმართებაში როგორი გარემოებები არსებობს და სურვილი გიჩნდებათ, სამსახურს სათავეში ჩაუდგეთ, სამსახურს, რომელსაც საზოგადოება იმედით უყურებს, იმიტომ რომ გარშემო არაფერი არსებობს, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლია. მაინტერესებს, რას აპირებთ, ყველაფერთან მიმართებაში თქვენი მკვეთრი, დამოუკიდებელი პოზიცია გექნებათ, თუ იქნებით შემგუებელი და უნდა დავემშვიდობოთ ამ სამსახურს?“- განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს. დღესვე კომიტეტზე, დეპუტატებს კითხვებს უპასუხებს კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო