პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი - განუხრელად ვიხელმძღვანელებ პრინციპებით, როგორიც არის - დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის - დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ლელა ჯანაშვილმა განაცხადა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში უსმენენ.

როგორც ის აღნიშნავს, მისთვის მთავარი კრიტერიუმი კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები იქნება.

“მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის - დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი. ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება.

როგორ გავაგრძელებ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში? მთავარი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმება, ასევე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი და ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ზუსტად ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მისი უფროსის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს იქნება მთავარი ფუნქცია, რაც აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი“,- აღნიშნავს ლალი ჯანაშვილი.

მისივე თქმით, პრინციპებიდან ის გამოყოფს დამოუკიდებლობის პრინციპს.

„დამისვეს კითხვა, რომ ამ პრინციპებიდან, რომელზედაც ვსაუბრობდი, რომელს გამოყოფთო. ყველა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მე გამოვყოფდი დამოუკიდებლობის პრინციპს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად გადანაცვლებული ვარ თეორიულ სფეროში. ჩემი მთავარი მიზანი იქნება ევროპული გამოცდილება დაინერგოს ჩვენთან. პერსონალური მონაცემთა დაცვის კულტურაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთელი საზოგადოების ძალისხმევა“,- აღნიშნავს ლალი ჯანაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს. დღესვე კომიტეტზე, დეპუტატებს კითხვებს უპასუხებს კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატის, ლელა ჯანაშვილის, განცხადებით, არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ის შესამოწმებლად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში შევა. როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას, შევიდეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დაცულ სფეროში, გაეცნოს და დააკვირდეს მის საქმიანობას. „აქ კითხვა იყო დასმული, როგორ განვახორციელებ ჩემს საქმიანობას, თუ ამირჩევენ - პირველ რიგში, დავიწყებ სამართალდამცავი ორგანოებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესწავლით. კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ შევიდეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დაცულ სფეროში და გაეცნოს მათ საქმიანობას და დააკვირდეს მას მიმდინარე რეჟიმში. ასევე, შეამოწმოს ის სამართლებრივი აქტები და ტექნიკური ინსტრუქცია, რომლითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ახორციელებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ელექტრონულ ბანკში მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები გახლავთ“, - განაცხადა ჯანაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში