ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულებაზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკომ საბჭოს წევრებს ორი თვის წინ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და სხდომის მონაწილეები საბჭოს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე შეჯერდნენ.

„ის ამოცანები, რაც პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს აქვს დაკისრებული, საკმაოდ ბევრ სფეროს და აქტივობას მოიცავს. ამიტომ აუცილებლად ჩაითვალა, რომ საბჭოს შეემუშავებინა საკვანძო ინდიკატორები, რომელიც ამ აქტივობებზე სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების და შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის საშუალებას მოგვცემდა. საბჭოს წევრებს დღეს ორი თვის წინ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია გავაცანით, გავცვალეთ მოსაზრებები და შევჯერდით, რომ ეს არჩეული გზა არის ოპტიმალური იმისათვის, რომ საბჭომ თავისი ფუნქციები მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ სხდომის დასრულების შემდეგ.

საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც საუბარია ბავშვთა უფლებებზე და ბავშვთა კეთილდღეობებზე, ძალიან რთულია გამოიყოს რომელიმე საკითხი, რადგანაც ამ სფეროში ყველა პირველი პრიორიტეტია და აქ მეორე პრიორიტეტი არ არსებობს, თუმცა საბჭომ გარკვეული გამონაკლისი მაინც დაუშვა.

„მონიტორინგისა და ეფექტიანობის შეფასებისთვის ჩვენ გამოვყავით განსაკუთრებული პრიორიტეტები, როგორიც არის ბავშვთა სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები, ბავშვზე ძალადობის პრევენცია, დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მაქსიმალურად ბიოლოგიურ ოჯახში ან მასთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ანა ბუჩუკური, ანა წითლიძე, ტარიელ ნაკაიძე, ასევე პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე. სხდომაზე მოწვეული იყვნენ ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია მგელიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა