პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი ოპოზიციის მხრიდან არ იკვეთება, ჩვენ უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები და ასეთ შემთხვევაში გვექნება მეტი მოტივაცია მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც თავის მხრის შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და საარჩევნო ბარიერის დაწევა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან არ დაუკავშირებია და მათი სურვილია, რომ ოპოზიციამ შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი.
,,ბევრი რამ არის ოპოზიციაზე და მათ მოქმედებებზე დამოკიდებული. მათ უნდა აჩვენონ, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ ყველაფრის მხარდაჭერა, ჩვენ ეს დავუკავშირეთ ქმედით სურვილს ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებთან დაკავშირებით, პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება, ჩვენ უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები და ასეთ შემთხვევაში, გვექნება მეტი მოტივაცია მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც, თავის მხრივ, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"