დღეს რუსთავსა და ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს აირჩევენ

ბათუმში, გარდაბანსა და რუსთავში საოლქო საარჩევნო კომისიები 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა გასაუბრებები საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის იმ მონაწილეებთან გამართეს, რომელთაც თანხმობა განაცხადეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, როგორც დროებითი ისე საოლქო კომისიების მუდმივმოქმედი წევრები 203 კონკურსანტს შეხვდნენ. რუსთავში გასაუბრებები 156 პირთან, გარდაბანში - 11 კონკურსანტთან, ხოლო ბათუმში - 36-თან წარიმართა. სულ 1048 ვაკანტურ ადგილზე 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. აქედან 55 პირი ბოლო საერთო არჩევნებზე საუბნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრი იყო, შესაბამისად ისინი კონკურსის პროცესს გამოეთიშნენ. სულ ამ ეტაპზე კონკურსში 1151 პირი მონაწილეობს.

„14 თებერვალს როგორც რუსთავის, ისე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომები გაიმართება, სადაც საარჩევნო ოლქების წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს აირჩევენ. არჩევის პროცესი ყველა უფლებამოსილი პირისთვის ღიაა. საარჩევნო ადმინისტრაცია კი როგორც ყოველთვის, საზოგადოებას არჩევის მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს რეკომენდაციები წელსაც გაითვალისწინეს და გასაუბრებები კონკურსის მონაწილეებთან, სწორედ საჯაროობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გამართეს. საარჩევნო ოლქები, გარდა კონკურსანტებთან მიმართებაში კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა კრიტერიუმებითაც ხელმძღვანელობენ. მათ შორის, მათ პროფესიულ და საარჩევნო გამოცდილებას, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელ საქმიანობას ითვალისწინებენ. ასევე, გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მათი ჩართულობა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის განაცხადების წარდგენის მიზნით, ცესკომ საპილოტე რეჟიმში ახალი ელექტრონული პლატფორმა აამოქმედა. ცესკოს ამ ტექნოლოგიური სიახლით 478-მა პირმა ისარგებლა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში და გარდაბნის რამდენიმე უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს.

2 აპრილის შუალედური არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელი თითოეული ეტაპი საჯაროდ წარიმართება. დეტალები და ზუსტი ინფორმაცია ცესკოს სხვადასხვა პლატფორმაზე (ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები) მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენ პერიოდულად მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციას მედიას და საზოგადოებას გავაცნობთ“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს