თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მიწვევას არ აპირებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მიწვევას არ აპირებს. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ავრცელებენ.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა "ნაციონალური მოძრაობის" გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია უპასუხისმგებლო და დესტრუქციული სუბიექტებისგან, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების მორყევა და ამ მიზნით უსაფრთხოების სამსახურის, მისი უფროსის და პირადი შემადგენლობის დისკრედიტაცია.

აღნიშნული ქმედება არ არის ერთადერთი და შემთხვევითი. ეს არის ქვეყნისა და სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის სერიის გაგრძელება და ერთ-ერთი მორიგი გამოვლინება. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ამ სუბიექტების გააქტიურება უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესების ფონზე, რაც პირდაპირ შედის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და ინსტიტუტების რეპუტაციული დაზიანების მცდელობით.

ჩვენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას. სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სამსახურთან, ვიყენებთ ზედამხედველობის სფეროში არსებულ ყველა ინსტრუმენტს და ვაცხადებთ, რომ სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ცილისმწამებლური გამონათქვამები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ატარებენ ვიწროპოლიტიკურ, პროვოკაციულ ხასიათს, წარმოადგენენ მავნებლური დღის წესრიგის ნაწილს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა, თუმცა, რეალურად საერთაშორისო გამოძიება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის პერსონით დაინტერესდა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით