კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით. 18 თვიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „DIGITAL RE4M“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის ბაზრის განვითარების გუნდის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობენ EBRD-ის კონტრაქტორი „გალტ & თაგარტი“, ქვეკონტრაქტორ BDO Georgia-სთან ერთად.

CMS პროგრამა შედგება 3 ეტაპისგან, რომლის I ეტაპი ორიენტირებული იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლაზე და იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელს უშლის სხვადასხვა კომპანიებს კაპიტალის ბაზრის რესურსებზე წვდომაში.

პროექტის პირველი ფაზა დასრულებულია და უახლოეს მომავალში მომზადებული ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ.

CMS პროექტის II ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. აღნიშნული მექანიზმი დაეხმარება შერჩეულ კომპანიებს განახორცილონ კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციები როგორც სავალო, ასევე წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით. წახალისების მექანიზმი მოიცავს შერჩეული კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

პროექტში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ პროექტის ვებგვერდის მეშვეობით (https://cms.org.ge/). რეგისტრაციის პროცესის დაწყება იგეგმება 2022 წლის პირველ კვარტალში და ხელმისაწვდომი იქნება 1 თვის განმავლობაში. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ დამოუკიდებელი კომისიის მიერ მოხდება მაქსიმუმ 10 გამარჯვებული კანდიდატის შერჩევა.

შერჩევის პრიორიტეტები რიგითობის მიხედვით მოცემულია ქვემოთ:

  • ლარის ობლიგაციების პირველადი ემისიები (ისეთი კომპანიების ემისიები, რომელთაც წარსულში საჯარო ფასიანი ქაღალდი არ გამოუშვიათ),წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების ემისიები, გარემოსდაცვითი და სოციალური (ESG) მიზნობრიობის ფასიანი ქაღალდები (დენომინირებული როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში) როგორც პირველადი, ისე განმეორებითი ემიტენტებისგან;
  • უცხოური ვალუტის ობლიგაციების პირველადი ემისიები;
  • ლარის ობლიგაციების განმეორებითი ემისიები (ისეთი კომპანიების ემისიები, რომელთაც წარსულში საჯარო ფასიანი ქაღალდი აქვთ გამოშვებული);
  • უცხოური ვალუტის ობლიგაციების განმეორებითი ემისიები;

* შენიშვნა: კანდიდატების შეფასების ნაწილში გათვალისწინებული იქნება კომპანიების სავალუტო რისკები უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემთხვევაში.

აღნიშნული პრიორიტეტები შემუშავებულია პროგრამის ძირითად სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების წახალისებას, ასევე ადგილობრივი ვალუტისა და ეკონომიკის დე-დოლარიზაციის, გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით გამართლებული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში კომპანიების შერჩევა მოხდება 2 ეტაპიანი პროცედურით:

  • პირველადი გადარჩევა - რეგისტრაციის პროცესში კანდიდატებს მოეთხოვებათ გასცენ პასუხი 7 „კი ან არა“ ტიპის კითხვას. პასუხებზე დაყრდნობით მოხდება კანდიდატების ავტომატური გადარჩევა, წინასწარ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატი გადავა დეტალური დიაგნოსტიკის ეტაპზე.
  • დეტალური დიაგნოსტიკა - პროცესი გასტანს 2 თვეს. პროგრამის დიაგნოსტიკის გუნდი რეგისტრაციის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარებს შერჩეული კომპანიების დეტალურ ანალიზს. აღნიშნული ანალიზი თითოეულ კომპანიაზე შეიკრიბება დიაგნოსტიკის ანგარიშის სახით და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა პროგრამის შერჩევის დამოუკიდებელ კომიტეტს.

პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შერჩეული კანდიდატების საბოლოო სია. აღნიშნულ კომპანიებს მიეცემათ ვადა 2023 წლის I კვარტლის ბოლომდე საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის. ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემთხვევაში, კომპანიები მიიღებენ გრანტს 100-200 ათასი ლარის დიაპაზონში, რომელიც გამიზნული იქნება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილის დასაფარად.

დიაგნოსტიკის შედეგად, გამარჯვებულთა სიასთან ერთად შეიქმნება მოლოდინის სია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გამარჯვებული კანდიდატი ვერ განათავსებს ფასიან ქაღალდებს, მათ ნაცვლად გრანტს მიიღებს აღნიშნულ სიაში მყოფი კომპანია. მომლოდინე ორგანიზაციები დალაგდება რიგითობის მიხედვით. მათ მიერ გრანტის მიღებაც დამოკიდებული იქნება ემისიის წარმატებით განთავსებაზე.

CMS პროექტის ფარგლებში, 17 და 24 თებერვალს იგეგმება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრების ჩატარება. „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპის წარდგენა მოხდება 17 თებერვალს, 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.

24 თებერვლის ვებინარზე დეტალურად იქნება აღწერილი ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციებისა და აქციების ემისიების პროცესი. აღნიშნული ვებინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული განთავსდება Capital Market Support-ის Facebook გვერდზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო