თეონა აქუბარდია უმრავლესობას - გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს თქვენ მიღებთ ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, ასუსტებს ქვეყანას

გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს თქვენ მიღებთ ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, ასუსტებს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტში თქვენ შემოიტანეთ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა პოლიტიკური დასჯის გაგრძელებაა.

„დემოკრატიული რეფორმები ჩვენი პარტნიორებისთვის არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროკავშირში წევრობისთვის, არამედ ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ქვეყნისთვის, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის ინტერესია დემოკრატიული განვითარება, რაზეც ერი თანხმდება. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და მის უკუსვლაზე, ყველაზე დიდი გამოწვევა მართლმსაჯულებაა, სადაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი კრიტიკა გვაქვს ისევე, როგორც ძალაუფლების გადანაწილება. მოსამართლის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით იურისტების კვალიფიციური ჯგუფის მიერ შეფასდა, როგორც კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტის უხეში დარღვევა. ჩვენ რომ სასამართლო ისეთი არ გვაქვს, როგორიც დეკლარირებული უნდა გვქონდეს და რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. მინდა იმ მძიმე გადაწყვეტილების წინ, რაზეც უკვე გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ განაჩენი გამოუტანოთ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძეს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, სანამ ღილაკს ხელს დააჭერთ, იცოდეთ, რომ ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან შეფასებული, როგორც პოლიტიკური დასჯის გაგრძელება, რომელიც "ლელოს“ წინააღმდეგ 3 წელი სასამართლოში მიმდინარეობდა და შემდგომ უკვე დღეს ამ განაჩენის მოწმეები პარლამენტშიც უნდა გავხდეთ.

რატომ არის ეს პოლიტიკური დასჯა? - იმიტომ, რომ თქვენ მანდატს უუქმებთ ბადრი ჯაფარიძეს, რითაც ერთი მხრივ, პარლამენტში ფრაქციას უშლით, მეორე მხრივ, დაფინანსებას უწყვეტთ, რომელიც პირდაპირ არის მიბმული პარლამენტში წევრთა რაოდენობაზე. ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი „ლელოს“ პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათ შორის ცესკოში წარმომადგენლობის საკითხი. როდესაც შემდგომ ღიად ისაუბრებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება გსურთ და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, კარგად გაიხსენეთ დღევანდელი დღე და გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ დღეს თითის მიჭერით განახორციელებთ. ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტში თქვენ შემოიტანეთ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით და შეხსენებები სიების ჩახსნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ, რომელსაც დღეს თქვენ იღებთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო