კახა ქემოკლიძე - უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა, ყველა მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა

უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა ყველა მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქემოკლიძე სოციალურ ქსელში უკრაინა-რუსეთის კრიზისის თაობაზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი კიევის წინააღმდეგ რთულად გამართლებადი იქნება გერმანიის და ზოგი დასავლურ ევროპული სახელმწიფოს წინაშე, რასაც რუსეთი სავარაუდოდ გაითვალისწინებს სამომავლოდ დაწესებული სანქციების გაუქმების კონტექსტში.

„ის რომ რუსეთს დაახლოებით 150 000 სამხედრო, ცოცხალი ძალა და სრული შეტევითი სამხედრო ტექნიკური რესურსი აქვს მობილიზებული ახლა უკრაინის ირგვლივ, ამაზე არ გავჩერდები...

მთავარი კითხვა (Key Intelligence Question - კლასიკური გაგებით) არის რატომ ახლა? რა არის რეალური მიზანი/მიზეზი რუსეთის ახლა ასე მძაფრად გააქტიურების?

კითხვა მრავალშრიანია, ამიტომ ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის რუსეთის სტრატეგიული მიზანი? როგორც დ. სუსლოვი (რუსი მკვლევარი) ამბობს და მგონია, აბსოლუტურად რეალურია - ეს არის: 1) უსაფრთხოება; 2) ეკონომიკური განვითარება და 3) დამოუკიდებელი ზესახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება.

რუსული სტრატეგიული ხედვა, სტრატეგიული მიზნებისკენ სვლა, მეტწილად ეფუძნება „რეალპოლიტიკურ“, ე.წ. მშრალ პრაგმატიზმს. პოლიტ ელიტას (დიდი ნაწილი ყოფილი უსაფრთხოების/დაზვერვის ოფიცრები) სჯერათ, რომ „სტრატეგიული მიზნები მიიღწევა მხოლოდ „ველიდან“ მოტანილი ტაქტიკური წარმატებებით“, ამიტომ ისინი არ ერიდებიან ბევრ ცდას, თუნდაც შეცდომის ან უკან გადადგმული ნაბიჯების ფასად. მათი საოპერაციო ხედვა მარტივია - „წაიქეცი სწრაფად, წაიქეცი იაფად და მოერგე“ (“fail fast, fail cheap and adjust”), როგორც ეს რუსეთის ერთ-ერთმა კარგმა მცოდნემ მაიკლ კოფმანმა აღწერა.

ამიტომ (უკრაინის კონტექსტშიც) რუსეთის სტრატეგიული მიზნების მიღწევა ეფუძნება ოპერატიულ-ტაქტიკურ ელასტიურობას და ადვილად მორგებადობას ახალ რეალობებთან და გარემოებებთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით დავუბრუნდეთ სადაზვერვო ანალიზის მთავარ კითხვას - რატომ ახლა?! ერთი შეხედვით რთული და კომპლექსური პასუხი შეგვიძლია გავამარტივოთ (როგორც თავად რუსი ყოფილი მზვერავები გააკეთებდნენ) და მივიღებთ შემდეგ:

იმიტომ რომ კრემლის მაღალი რანგის პოლიტ-სამხედრო-სადაზვერვო ელიტა ფიქრობს:

ფართე ხედვითი განზომილება:

1.დასავლური ლიბერალური დემოკრატია, როგორც პოლიტ. იდეოლოგია უკიდურესად დასუსტებულია და სულს ღაფავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლო მომავალში ამ იდეოლოგიას ეფექტიანად ჩაანაცვლებს ავტოკრატიის, პოპულიზმის, ფსევდო-პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის და რადიკალური კონსერვატიზმის „ქარებით“ წახალისებული ძალები (შენიშვნა: საქართველოში უკვე უბერავს ეს „ქარები“).

2.კრემლი ფიქრობს, რომ აშშ დღეის მოცემულობით ასევე უპრეცედენტო დონეზე არის დასუსტებული, რადგან ის არის ღრმად პოლარიზებული და შიდა პოლიტიკურ დონეზე დაქსაქსული. ამ თეზისს ისინი ამყარებენ ავღანეთიდან აშშ-ს მძიმე ფორმით გასვლისა, 1 წლის უკან კაპიტოლიუმში მომხდარი შეჭრის ფატქებით და არა მარტო... მოსკოვი ფიქრობს, რომ აშშ (ნაადრევად) გადაეწყო ჩინეთის შეკავების პოლიტიკაზე და ეს მოსკოვისთვის დამატებითი შესაძლებლობაა. ისინი აშშ-ს შიდა პოლიტიკური ველიდან (ოპერატიულ დონეზე) გრძნობენ მოთხოვნას, რომ ამერიკელები დღეის მოცემულობით „სხვების“ ომებში აღარ უნდა ჩაერთნენ, ამიტომ ესეც შესაძლებლობის ფანჯარაა მათთვის...

3.მოსკოვი ფიქრობს, რომ აშშ-ს მსგავსად ევროკავშირი, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი კიდევ უფრო მოწყვლადია. გერმანიის პრემიერის პარტიის - სოციალ-დემოკრატების ელექტორალური ბაზა გერმანიის საშუალო მუშა ფენაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დაბალი გადასახადი გაზზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ რუსული ჩრდილოეთ ნაკადის ამუშავებით, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი დაკავებულია აპრილში ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებით რაც მისთვის სერიოზული გამოწვევაა.

4.პრეზიდენტ პუტინის პირადი ამბიციები, რომ რაიმე ტიპის ფორმით აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ის ფიქრობს, რომ მალე 70 წლის გახდება. მას არ აქვს სიმდიდრის პრობლემა, ამიტომ ისტორიაში უნდა გაცილებით სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტატუსით შესვლა.

ლოკალური (უკრაინული) განზომილება

1.პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ერთი სლავური ერის „განუყოფელი შვილები“ არიან ამიტომ მათი დათმობა მისთვის მიუღებელია.

2.რუსეთში თვლიან, რომ უკრაინაში 2014 წლის ყირიმის მოვლენების შემდეგ ანტირუსული და პროდასავლური განწყობები მოსკოვისთვის სარისკო დონეზე გაიზარდა;

3.მოსკოვი თვლის, რომ ზელენსკის მიერ ბოლო ორ წელიწადში გადადგმული ნაბიჯები: უკრაინული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება, ანტი-ოლიგარქიული კანონი და უკრაინის ენის სახელმწიფო ენად აღიარება რუსეთის რბილი ძალის გავლენის უკრაინაზე სერიოზულად შემცირების პრაქტიკული დადასტურებაა. ეს კი მათი სტრატეგიული ინტერესებისთვის სარისკოა...

4.2014 წლის მოვლენების შემდეგ უკრაინული არმია საგრძნობლად გაძლიერდა, გადამზადდა და გადაიარაღდა. ამის გარდა, უკრაინული სამხედრო წარმოება მაღალ ხარისხში გადავიდა. ამის ნათელი დადასტურებაა ასევე თურქული (Bayraktar TB2) დრონების საერთო წარმოების დაწყება. მოსკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის სამხედრო დონეზე ასეთი სწრაფი გაძლიერებით მისი დომინანტური როლი შავ და აზოვის ზღვებში შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

5.მოსკოვი თვლის, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინული დაზვერვის და უსაფრთხოების სისტემები (სადაც მაღალი დონის ინფილტრაციის ხარისხი იყო მანამდე რუსეთის მხრიდან) ასევე გაძლიერდა და მათ მნიშვნელოვანწილად გაანეიტრალეს რუსული ჯაშუშური ქსელები საკვანძო მიმართულებებზე. პუტინი თვლის, რომ ამ „ტრენდის“ შენარჩუნების შემთხვევაში რუსული დაზვევრა თვალის და ყურის გარეშე დარჩება უკრაინულ მიწაზე საშუალო ვადიან პერსპექტივაში და მათი ზეწოლის ხარისხი უკრაინულ პოლიტ, ბიზნეს და კულტურულ ელიტაზე მინიმუმამდე დავა.

6.რუსეთს სჯეროდა, რომ მინსკი 2-ის შეთანხმებით ზელენსკის აიძულებდნენ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების უკრაინულ კონსტიტუციაში „ტროას ცხენის“ სტატუსით დამაგრებას და ამ ბერკეტით კიევის ევრო-ატლანტიკურ კურსზე ვეტოს უფლების მიღებას. საბოლო ჯამში აქ უკრაინელებმა მოახერხეს ტექსტის სათავისოდ გამოყენება და რუსული ყულფიდან თავის დაძვრენა.

მივედით კიდევ უფრო საინტერესო „სადაზვერვო კითხვამდე“ - რა იქნება შემდეგი? როგორ მოიქცევა რუსეთი?

ამ კითხვაზე პასუხი ისევ ზემოთ ნახსენები რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური ელასტიურობიდან გამომდინარეობს. დღეის მოცემულობით ომის ალბათობა უკიდურესად მაღალია! კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ ომი იქნება დიდი ალბათობა, რომ ეს იყოს უფრო ტაქტიკური მიზნებიდან გამომდინარე:

- მიზნობრივი კიბერ-თავდასხმები (ბანკები, ელექტროსადგურები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები) რათა უკრაინულ საზოგადოებაში დამკვიდრდეს უკონტროლო ქაოსი და შიში;

- მიზნობრივი საჰაერო სარაკეტო შეტევები მდინარე დნეპრის ყველა სტრატეგიული ხიდის მიმართულებით, რათა ფიზიკური კავშირ გაწყვიტონ აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის;

- მიზნობრივი სარაკეტო იერიშებით უკრაინის თავდაცვის ძალების სტრატეგიული შენობების, საწყობების და სხვა სტრატეგიული ობიექტების განადგურების მიზნით;

- სახმელეთო ოპერაციით სამხრეთ, და აღმოსავლეთის ფლანგიდან და ზღვიდან (შავი და აზოვის ზღვები) უკრაინის თავდაცვის ძალების მაქსიმალურად შევიწროება და გადადევნა მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე.

- ეფექტური კონტროლის დამყარება აზოვის ზღვის სახმელეთო სანაპირო ზოლზე

- ყირიმის ნახევარკუნძულსა და ლუგანსკ/დონეცკს შორის სახმელეთო კორიდორის გაჭრა;

- რუსეთისთვის სტრატგეიულად მნიშვნელოვან (ამჟამად უკრაინის კონტროლ ქვეშ) „ჩრდილოეთ ყირიმის წყლის არხზე“ სრული კონტროლის დამყარება. ეს არხი მნიშვნელოვანია ყირიმის ნახევარკუნძულის საირიგაციო წყლით მომარაგებისთვის და აზოვის ზღვის მარილიანობის დონის დასაწევად.

- იდიალურ შემთხვევაში უკრაინის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ეფექტური კონტროლის დამყარება.

- სამხრეთ აღმოსავლეთ მიმართულებაზე მსხვილი ქალაქების (ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი, ნოვა კახოვკა, მერიტოპოლი, ბერდიანსკი და მარიპოლი) აღება.

- იდეალურ შემთხვევაში დნესტრისპირეთის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გაჭრა.

- საბოლოო ჯამში ზელენსკის მთავრობის კიდევ უფრო განგრძობად პოლიტიკურ ვაჭრობებში შეყვანა ახლად აღებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და უკრაინის „ეკონომიკური გაგუდვა “ ზღვაზე გასასვლელის ჩაკეტვის გზით.

უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა (სახმელეთო ოპერაცია) ყველა მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა. ბელარუსის მიმართულებით რუსული მანევრები უკრაინული დაცვის ხაზის გაწელვას უფრო უნდა ემსახურებოდეს ვიდრე იქიდან შეტევის განხორციელებას. ამის გარდა სრულმასშტაბიანი ომი კიევის წინააღმდეგ რთულად გამართლებადი იქნება გერმანიის და ზოგი დასავლურ ევროპული სახელმწიფოს წინაშე, რასაც რუსეთი სავარაუდოდ გაითვალისწინებს სამომავლოდ დაწესებული სანქციების გაუქმების კონტექსტში...

ეს არის მოკლე ბლიც ანალიზი (სუბიექტურად ჩემი) უკრაინის ირგვლივ რუსეთის სტრატეგიულ/ტაქტიკურ მიზნებთან დაკავშირებით.

P.S. მშვიდობა და გამძლება თავისულფების მოყვარულ უკრაინელ ხალხს“, - წერს ქემოკლიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს