ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2022

რა შანსი და აქვს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში - “ენმ-ს მხარდაჭერამ შეიძლება მას ცუდი სამსახური გაუწიოს”

როგორია პუტინის “გეგმა ბ” - “ტოქსიკური სარტყელი” უკრაინის გარშემო და ქვეყნის ეკონომიკური მოგუდვა

ინფლაციის მოსათოკად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადასახადი უნდა შემცირდეს!

* * *

რა შანსი და აქვს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში - “ენმ-ს მხარდაჭერამ შეიძლება მას ცუდი სამსახური გაუწიოს”

“ლელოდან” 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. მას დიდი ალბათობით ენმ-ს მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, პარტია “საქართველოსთვის” მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. თავად “ლელოში” კი აცხადებენ, რომ ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებისთვის პარტიის “კარი ღიაა”. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შანსი აქვს, თუმცა ვარაუობენ, რომ ენმ-ის მხარდაჭერამ მას შესაძლოა ცუდი სამსახური გაუსწიოს, ხოლო მის მიმართ გამამტყუნებელი გამნაჩენი და მანდატის შეწყვეტა შესაძლოა ქართველი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შანსი და აქვს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში - “ენმ-ს მხარდაჭერამ შეიძლება მას ცუდი სამსახური გაუწიოს”.

“ჩვენი განწყობა არის, რომ უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო, ჩვენი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ენმ რუსთავში, შუალედურ არჩევნებში “ლელოს” მიერ წარდგენილ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს. “ძალიან სწორი და ღირსეული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ დიდწილად, ბადრი ჯაფარიძე იმსახურებს, რომ ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა რუსთავში. იცით, რომ რუსთავში გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით და ვფიქრობ, კარგი იქნება ერთიანი კანდიდატი იყოს, დიდწილად ალბათ, ის მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. პარტია “საქართველოსთვის” ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამავე პარტიიდან ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდი რუსთავში საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს და ამ ეტაპზე პარტია არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ გეგმავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერად აირჩიეს. ცესკოს გადაწყვეტილებით, რუსთავში შუალედური არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს ჩატარდება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. “ქართულმა ოცნებამ” კი რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იურისტი ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა... პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ბადრი ჯაფარიძესთვის “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა გამარჯვების გარანტია არაა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც თავად მისმა პიროვნებამ იქონიონ გადამწყვეტი მნიშვნელობა”, - დასძენს გამოცემა.

“ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა ადგილობრივ არჩევნებში “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებსაც ჰქონდათ და როგორც ვნახეთ, ეს გარანტია არაა. ვიღაცეებმა კი გაიმარჯვეს, მაგრამ ყველგან არა. ამდენად, ამ მხარდაჭერის მიხედვით გადამწყვეტი დასკვნის გაკეთება ძნელია. აქ მაინც უფრო მნიშვნელოვანი თვითონ პიროვნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაა. მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ უფრო ნეიტრალურია და დიდად სერიოზული არაა, მაგრამ თუკი ბადრი ჯაფარიძის ფიგურაზე დაფიქრდებიან, რომელსაც პარლამენტში ყოფნის და სხვა კონსტრუქციული მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ისედაც სტილისტიკით გაწონასწორებული და საქმიანი ადამიანია, შეიძლება დაასკვნა, რომ კონკრეტულად მისი კანდიდატურა მხარდასაჭერია, მიუხედავად იმისა სხვა პარტიები უჭერენ თუ არა მხარს. ის კი არა, ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძისთვის „ნაციონალების" მხარდაჭერამ შეიძლება ცუდი სამსახურიც გაუწიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ადგილობრივი არჩევნების მაჟორიტარობის პრინციპი და სპეციფიკა იმაშია, რომ გადამწყვეტი პიროვნებები არიან ხოლმე. შეიძლება პარტიული მხარდაჭერა არ აღმოჩნდეს ისე მნიშვნელოვანი, როგორც მისი პირადი დამსახურებები. “ოცნების” კანდიდატის გვარი და სახელი არაფერს მეუბნება, მაგრამ შესაძლოა ადგილობრივებისთვის ის უფრო წონიანი ფიგურა იყოს. ამ შემთხვევაში კი ვის რა წონა აქვს, ამის თქმა მიჭირს. ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტამ, ბრალის წაყენებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა წესით უნდა იმოქმედოს - გამამტყუნებელმა განაჩენმა მით უმეტეს. შედეგად მივიღებთ, რომ პარლამენტში გვეყოლება ადამიანი, რომელზედაც ბრალი მოხსნილი არაა. მაგრამ თვითონ ბრალის ხასიათი, კერძოდ, ფინანსური დარღვევების ხაზი, თავისთავად ჯაფარიძის სტილი - საზოგადოების წინაშე ღიაობა და ა.შ., არ აჩენს მაინცდამაინც იმის განცდას, რომ ის ისეთი კრიმინალია, რომელიც პარლამენტს არ უნდა გააკარო. ამიტომ ეს პრინციპი ქართველი ამომრჩევლისთვის, რომელიც ისედაც კანონების მუხლებს დიდად არ მიჰყვება ხოლმე, შეიძლება გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს, თორემ ლოგიკური არის, რომ მაგ ფაქტორმა უნდა იმუშავოს. ჩემი თვალსაზრისით ჯაფარიძეს შანსები აქვს”, - დაასკვნის საყვარელიძე.

როგორია პუტინის “გეგმა ბ” - “ტოქსიკური სარტყელი” უკრაინის გარშემო და ქვეყნის ეკონომიკური მოგუდვა

“რუსეთი ამ დრომდე ირწმუნება, რომ უკრაინაში ომს არ აპირებს და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა დასავლეთი და თავად უკრაინა დეესკალაციის რეალურ ნაბიჯებს ვერ ხედავენ. ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. ერთი ვერსიით, რუსეთს სწრაფი სამხედრო ინტერვენციის გეგმა ჩაუვარდა და ახლა შეეცდება მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს უკრაინა - ხანგრძლივი დროით დატოვოს ჯარები მის საზღვართან, შექმნას მის გარშემო ერთგვარი “ტოქსიკური სარტყელი”და საბოლოოდ, თანდათანობით ეკონომიკურად მოგუდოს უკრაინა და ამ გზით დაამყაროს მასზე კონტროლი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორია პუტინის “გეგმა ბ” - “ტოქსიკური სარტყელი” უკრაინის გარშემო და ქვეყნის ეკონომიკური მოგუდვა.

“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს რომ ქვეყანა ყველანაირი სცენარისთვის მზადაა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ოთხშაბათს ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ათასობით მოქალაქე კიევის ქუჩებსა და ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა, ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის სახელმწიფო დროშები აღმართეს. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. “დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენთაგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, რელიგიის, მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, ჩვენ ვართ უკრაინაში და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი”, - ასე მიმართა ზელენსკიმ უკრაინელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სამშაბათს გვიან ღამით საგანგებო მიმართვა გაავრცელა. თეთრი სახლის ლიდერი მიესალმება რუსეთის განცხადებას, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება აშშ-ს არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც ისევ რჩება. “უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც ნატოს არ გააჩნიათ რაკეტები უკრაინაში. ჩვენ არ გვაქვს მათი იქ განთავსების გეგმები. ჩვენ არ გვყავს მიზანში ამოღებული რუსეთის მოსახლეობა. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს იქნება ომი მიზეზის გარეშე. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის რუსებისადმი მიმართვას თუმცა, ეს რუს ხალხზე უფრო დიდი შთაბეჭდილებასმოახდენდა, თუ ამერიკელი ლიდერის გამოსვლა „რუსეთის წინააღმდეგ მუქარის გარეშე იქნებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოუხედავად კრემლის განცხადებებისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და სიტუაცია ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს. საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ინსტიტუტის, კარნეგის ფონდის მკვლევარი ალექსანდრ ბაუნოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაზე კონტროლის დამყარების სწრაფი გეგმა ჩაეშალა, ახლა კი სხვა ტაქტიკაზე გადადის. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ამ სცენარს რეალისტურად მიიჩნევს. “ახლა როლები შეიცვალა. სხვა დროს რუსული პროპაგანდა საინფორმაციო პანიკას ტეხდა და ახლა დასავლეთმა დაასწრო. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანი ის იყო, რომ რუსეთისთვის ომის გაჩაღებაში რაღაცნაირად ხელი შეეშალათ. ისეთი საინფოირმაციო ფონი შექმნეს, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებდა, ეს მის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა და რუსული პროპაგანდა აღარ იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, მოსკოვი ამ თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღოჩნდა. ახლა ვეღარ დააბრალებენ, რომ უკრაინამ ომი დაიწყო, ან დონბასში შეჭრას აპირებს”, - განაცხადა კაკაჩიამ. მისივე თქმით, სხვა სცენარებთან ერთად კარნეგის ფონდის მკვლევარის სცენარიც რეალობას მოკლებული არაა”, - დასძენს გამოცემა.

“ეს სცენარიც არაა გამორიცხული. თუმცა პუტინს რა გეგმები აქვს, არავინ არ იცის. შესაძლოა სხვადასხვა ვარაუდები გამოითქვას და მათ შორის ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ რუსების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინაზე ფსიქოლოგიური და პლიტიკური ზეწოლა მოახდინონ, რათა რაღაცნაირად ე.წ. ნორმანდიის ფორმატში მონაწილეობაზე დათანხმდეს და ფაქტიურად კაპიტულაცია გამოაცხადოს. როცა უკრაინის ხელისუფლებასა და მოსახლეობას ყოველდღე ესმის, რომ რუსები დღეს-ხვალ შეიჭრებიან, ესაა სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ოლიგარქი გაიქცა ქვეყნიდან. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ხალხი ასე თუ ისე პანიკაშია, ეს კი უკვე ნერვების ომიცაა. ინვესტიციების ჩადების რისკია, რადგან ხალხს ნდობა შეერყა, ომის საფრთხეა და გარბიან. ეს მთლიანად მაგაზეა გათვლილი, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდეს, დასავლეთსაც ესმის ეს და ამიტომაც ამდენი მილიარდის გამოყოფას აპირებენ”, - თვლის კაკაჩია, რომლის აზრით, “სავარაუდოდ, დასავლეთს ეს სცენარიც აქვს გათვალისწინებული, მაგრამ ერთადერთი რისიც ეშინია, ესაა სამხედრო შეჭრა, რადგან ამ დროს ის პირდაპირ ფიზიკურად ვერ დაეხმარება”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე ისევ დიდია, თუმცა უკრაინელი ხალხი რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის ფონზე ერთიანია. “კიევიდან ახლახანს წამოვედი, დღეს უკრაინაში ერთობის დღეა. იმ შესაძლო აგრესიის ფონზე, რომლითაც რუსეთი უკრაინას ემუქრება, ეს უკრაინელი ხალხის ძალიან სამაგალითო ჟესტი იყო. იყო პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლაც. უკრაინელი ხალხი ერთიანია. ერთიანია როგორც მოწინააღმდეგის შეფასებაში, ისე სამშობლოს დაცვაში. დღეს ამ ერთიანობის დემონსტრირების დღე იყო. შეჭრის საფრთხე დიდია და არ გადაუვლია. საქართველოს ყველაზე მეტი საფუძველი აქვს არ სჯეროდეს იმ საუბრები, რაც ჩვენ ახლა მოსკოვიდან გვესმის”, - ამბობს ფხალაძე. მისივე თქმით, "ჯერ ერთი, იმ ადამიანის ზეპირი განცხადების როგორ უნდა გჯეროდეს, რომელიც ხელმოწერილ შეთანმებას არღვევს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ორ ფაქტს გაგახსეენებთ. როცა სამხედრო წვრთნები “კავკაზ 2008” დამთავრდა და რუსეთმა თქვა, რომ მისი სამხედრო შენაერთები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არავინ არსად არ დაბრუნებულა და საქართველოში შემოჭრისთვის მზად იყვნენ. ცოტა კიდევ უფრო ადრინდელი ფაქტი, 1998 წელი რომ გავიხსენოთ, რუსეთმა ვითომდა აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა და ზუსტად იმ მძიმე ტექნიკით სოხუმს ბომბავდნენ. ასე რომ, ამ ქვეყნის და პუტინის სიტყვაზე ნდობა ნამდვილად არ შეიძლება. როცა მართლა გაბრუნდებიან და ამას საერთაშორისო მონიტორინგი დაადასტურებს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ საფრთხე მინელდა. თუმცა აქ მხოლოდ არმიის შეჭრის საფრთხეზე არაა საუბარი, აქ სხვა ტიპის საფრთხეებიც განიხილება. 15 თებერვალს უკრაინაზე ძალიან სერიოზული კიბერთავდასხმა განხორციელდა. ასე რომ, წერტილოვანი დარტყმების, არეულობის, დივერსიის, ტერაქტის მოწყობის და ა.შ. სცენარები განიხილება. საფრთხე დიდია. ვიცით, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიოდებლობის აღიარების მოთხოვნით რუსეთის პრეზიდენტს სამშაბათს დუმამ ოფიციალურად მიმართა. ასეთი მზაკვრული სცენარების საფრთხე არსებობს. ამიტომ ძალიან ნაადრევია საფრთხის მინელებაზე საუბარი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

ინფლაციის მოსათოკად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადასახადი უნდა შემცირდეს!

“მსოფლიომ 2022 წლის ორიენტირად ფასების შემცირება აირჩია. სწორედ ამიტომ ქვეყნებმა ინფლაციასთან საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ფაქტია გარკვეული ზომების მიღება საქართველოშიც საჭიროა, რადგან 2021 წელს ქვეყანა ინფლაციამ “შეჭამა”. რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და ფასების შესამცირებლად რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? სპეციალისტების აზრით, აუცილებელია გადასახადების შემცირება, რათა მოსახლეობასაც და ბიზნესსაც მეტი სტიმული მიეცეს. შარშან არანორმალურად გაზრდილმა ფასებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და გამონაკლისი არც საქართველოს აღმოჩნდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებმა ინფლაციასთან ბრძოლა აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) შემცირებით გადაწყვიტეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფლაციის მოსათოკად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადასახადი უნდა შემცირდეს! / ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში ამ გზას უკვე დაადგნენ, ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია.

“მაგალითად, პოლონეთსა და მეზობელ თურქეთში, დღგ-ს გადასახადი შემცირდა. პოლონეთის შემთხვევაში, 2022 წლის თებერვლიდან 31 ივლისამდე 0%-მდე დავიდა სურსათის, ბუნებრივი აირისა და სასუქის დღგ. გადასახადები დაკლებულია ენერგოპროდუქტებზეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საწვავს შეეხო, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან 8%-მდე ჩამოვიდა. რაც შეეხება თურქეთს, მეზობელი ქვეყნის მთავრობამ, 3 დღის წინ, დღგ-ს განაკვეთი 8%-დან 1%-ზე ჩამოიყვანა. ასეთი განაკვეთის ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი. მაგალითად, თუ 14 თებერვლამდე მარილი, ზეთი, მაკარონი, ფქვილი, ყველი და ჩაი 242 თურქული ლირა (17.75 დოლარი) ღირდა, ორშაბათს დილიდან იგივე პროდუქტები 14,5 ლირით (1.06 დოლარით) ნაკლებია და 227 ლირა (16.67 დოლარი) ღირს. საქართველოში ინფლაციას მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან, რასაც სპეციალისტების შეფასებით, შედეგი არ მოაქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქვეყანა ახლა საწვავის გაძვირების ზღვარზე დგას, რომელსაც ინფლაციურ ჭრილში დიდი ადგილი უკავია. საინტერესოა, როგორი იქნებობა, მაგალითად, ნავთობპროდუქტის ღირებულება აქციზის და დღგ-ს გარეშე. საქართველოში 1 ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ყოველ ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.12 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 48 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 86 თეთრია და მის გარეშე საცალო ქსელში “რეგულარის” მარკის საწვავი 2.25 ლარი ეღირებოდა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს ავტომფლობელებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1 160 000 000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ აქციზის და დღგ-ს შემცირება ნამდვილად კარგი გამოსავალია, თუმცა როგორც ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, ეს არ იქნება მარტივი არჩევანი, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა უზარმაზარ შემოსავლებზე უარის თქმას ნიშნავს”, - დასძენს გამოცემა.

“თურქეთი რასაც აკეთებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, არაფრის მაგალითად არ გამოდგება. იქ გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მიიღება. ერდოღანმა 4-ჯერ მოხსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ფასები ზრდა დღევანდელ მსოფლიოში არის მთავარი პრობლემა. რასაკვირველია, საქართველოს მსგავსი არჩევნის გაკეთების საშუალება აქვს, რომ აქციზი და დღგ დროებით შეამციროს ან გააუქმოს, რაც ფასებს შეამცირებს, მაგრამ ეს არ არის მარტივი არჩევანი, რადგან ნიშნავს უზარმაზარ შემოსავლებზე უარის თქმას. სხვა საკითხია, რადგანად შეუძლია სახელმწიფოს ამ ნაბიჯის გადადგმა. თეორულად ეს შესაძლებელია, თუმცა სახელმწიფოს მოუწევს ქამრების შემოჭერა, ხარჯების შემცირება, თანამშრომლების და ვიღაცების სახლში გაშვება, რადგან უზარმაზარ შემოსავლებზე უარი უნდა თქვას, რაც მოკლევადიან პერიოდში პრობლემა იქნება. გრძელვადიან პერიოდში ფასების ზრდის შემცირება შეუძლებელია, მაინც გაიზრდება, თუმცა თუ აქციზი და დღგ ნაკლები გვქნება, ზრდა მოხდება სხვა ნიშნულიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ბერიკაშვილი.

“ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ გაზაფხულიდან ინფლაცია უნდა შემცირდეს, თუმცა აქვე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ინფლაციის შემცირება ფასების კლებას არ ნიშნავს. გაძვირება გაგრძელდება ისევ, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე აქამდე”, - დასძენს რესპონდდენტი. მართალია, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და ამის გათვალისწინებით მსოფლიო ტენდენციებთან ფეხის აწყობა უწევს, საერთაშორისო სიტუაცია ქვეყანაზე გავლენას ახდენს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას ამ ყველაფერთან საბრძოლველად ბერკეტები უნდა გააჩნდეს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ნამვილად შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე ფიქრი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ინფლაცია დიდი პრობლემაა და უნდა მოვაგვაროთ, უნდა შევამციროთ. რაღაც კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელიც პირველადი მოხმარებისაა, შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე საუბარი, მაგრამ ინფლაცია რაიმე ერთი პროდუქციის გაძვირება კი არაა, არამედ ეს არის ფასების საერთო დონის ზრდა. პროდუქციის დიდი ნაწილი გაძვირებულია და ყველაფერზე ფასს ვერანაირად ვერ შეამცირებ. ისეთ საქონელზე, რომლის ღირებულებას ვერანაირად აკონტროლებ, მაგალითად, ნავთობი და ხორბალი, შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე ფიქრი, მაგრამ აქ მეორე საკითხია, როდესაც ვიღაცას საგადასახადო შეღავათს აძლევ, ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს, ფასი რომ შემცირდეს. ჩვენთან კი კონკურენციის სერიოზული პრობლემაა, იგივე ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გადასახადი შემცირებამ დიდი კლება არ გამოიწვიოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

“ეროვნული ბანკი ერთი ხელით თუ ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, მეორე ხელით ხელს უწყობს მიმოქცევაში მიბმულ ვალუტის რაოდენობის ზრდას. ერთი ხელით ცდილობს ინფლაციის მოთოკვას და მეორე ხელით ზრდის ინფლაციას და შესაბამისად, ამ პირობებში ძნელი იქნება მისი მოთოკვა. არ ვარ იმ იდეის მომხრე, რომ საქართველოში არსებული 14%-იანი ინფლაცია, თურმე მთლიანად იმპორტირებულია და მონეტარული პოლიტიკა ძალიან კარგ დონეზე გვაქვს”, - ამბობს ჯანიაშვილი. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან საბრძოლველად, გასულ წელს, რეფინანსირების განაკვეთი არაერთხელ გაზარდა. ამჯერად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რომელიც სებ-მა უცვლელად რამდენიმე დღის წინ დატოვა. სებ-ის პროგნოზით ინფლაცია მარტიდან უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, რეფინანსირების განაკვეთიც ეტაპობრივად დაიკლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა