ბაკურ აბულაძე - კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს

კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა, მათი სტაბილური ფუნქციონირება, განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.

მისი თქმით, საქართველოში კორუფციული დანაშაულების გამოძიებას საქართველოს პროკურატურასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

„ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაციას საქართველოს პროკურატურა ახორციელებს,“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფი - კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო, რომლის ფუნქციას წარმოადგენს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში კორუფციულ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო პროცესებზე ზედამხედველობის განხორციელება და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია.

მისივე თქმით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის გაძლიერებას და ყველა რეგიონალურ დანაყოფში სპეციალიზებული გამომძიებლების დანიშვნას.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2021 წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო კორუფციული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 280 პირის მიმართ, მათ შორის 16 იურიდიული პირის მიმართ.

„წინა წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია 22%-ით. 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 112 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სექტორში, რაც ფიზიკურ ბრალდებულ პირთა საერთო მაჩვენებლის 42%-ს შეადგენს, ხოლო მათგან 14 ბრალდებული წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს. 2021 წელს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 135 პირის მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კორუფციული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 7 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას. ყველა მათგანი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა