სერგი კაპანაძე - მთავარი არის, პოლიტიკურმა სპექტრმა გაიგოს, რომ არჩევნები ხვალ და ზეგ არ იქნება, ეს ცუდია თუ კარგია, რეალობაა ასეთი

მთავარია, პოლიტიკურმა სპექტრმა გაიგოს, რომ არჩევნები ხვალ და ზეგ არ იქნება, რეალობაა ასეთი - არჩევნები არის 2024 წელს, თუ ოპოზიციას უნდა წარმატების მიღწევა, უნდა დაიწყოს ძალიან გრძელვადიანი, დიდხნიანი საარჩევნო კამპანია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა არათანმიმდევრული და არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯებია.

„ჩემი აზრით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის არათანმიმდევრულობა და არაშორსმჭვრეტელობა ნაბიჯებში. დღეს რომ ერთს ამბობ და მეორე დღეს, ხვალ და მერე კიდევ პირველს, მუდმივად პოზიციის ცვლა, ძალიან ცუდია. ჯერ არ შედიხარ პარლამენტში, მერე შედიხარ, ჯერ სიებს ხურავ, მერე გახსნას ითხოვ, ცუდ განცდას ტოვებს. ჩემი პოზიცია ხშირად მითქვამს, ჩემი აზრით, ბოიკოტი სწორი იყო საწყის ეტაპზე, მაგრამ მიშელის შეთანხმების შემდეგ, ბოიკოტის დამთავრება და პარლამენტში შესვლა იქნებოდა სწორი. ოღონდ, როცა იცი, რომ უკვე გადადგმული გაქვს ნაბიჯები, სია დახურული გაქვს და მაინც ითხოვ სიის გახსნას, ცოტა უცნაურია.

ჩემი აზრით, მთავარი არის, პოლიტიკურმა სპექტრმა გაიგოს, რომ არჩევნები ხვალ და ზეგ არ იქნება, ეს ცუდია თუ კარგია, ამაზე არ არის საუბარი, რეალობაა ასეთი. როგორ მოვედით აქამდე, რა შეცდომებით, ამას დავანებოთ თავი, დღეს რა რეალობაა იმაზეა საუბარი. დაახლოებით იგივეა, ადამიანს რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა დაემართება და მერე იმაზე წუხს, რა უნდა ექნა, რომ ეს აეცილებინა თავიდან. დღეს რა რეალობაშიც ვართ, ვიცით, რომ არჩევნები არის 2024 წელს, თუ ოპოზიციას უნდა წარმატების მიღწევა, უნდა დაიწყოს ძალიან გრძელვადიანი, დიდხნიანი საარჩევნო კამპანია. რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ისე უნდა მიუდგეს, რომ დღეიდან 2024 წლამდე არის ერთიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც ყველაფერს გულისხმობს, ყველა ტრიბუნის გამოყენებას, პარლამენტსაც, საკრებულოსაც, ტელევიზიასაც, აქციასაც და ყველაფერს. არ შეიძლება პარლამენტი არ გამოიყენო, არ შეიძლება, რომ საკრებულო არ გამოიყენო, სხვა ინსტრუმენტები არ გამოიყენო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ასევე სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ კარლ ჰარცელის შეფასებები არ არის „ობიექტური და სამართლიანი“.

კაპანაძის თქმით, ბრიუსელში უკვე ჩამოყალიბებულები არიან იმაზე, საქართველოში რაც ხდება, თუმცა უკრაინის პრობლემის გამო „ქართული ოცნებისთვის“ არ სცალიათ.

„ეს ხომ მარტო განცხადებები და ელჩზე ცუდის თქმა არ არის, ამას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან მიმართებაში ხელმოწერილი შეთანხმების არ შესრულება, ევროკავშირის სესხზე უარი, წინ უძღოდა ევროპარლამენტარების ვიზიტზე უარი, ეს არ არის ახალი, ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს, ივანიშვილმა მიიღო, რომ ის აჩვენებს ძალას, მათ შორის ევროპარლამენტარებზე ხშირი დარტყმებით. ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე ოლიგარქები. მე არ მიკვირს ეს განცხადებები, კიდევ უფრო ხისტები რატომ არ არიან ის მიკვირს. ის, რომ ყველა კრიტიკას ასეთი მძიმე რეაქცია მოჰყვება „ქართული ოცნების“ მხრიდან, უკვე ბუნებრივი ამბავია. მე მგონია, რომ ბრიუსელში უკვე ჩამოყალიბებულები არიან იმაზე, საქართველოში რაც ხდება. ბოლო პერიოდში ხშირად მქონდა შეხვედრები, ვიზიტიც და ძალიან ნათლად ჩანს, მე არ ვიტყვი, რომ ჯვარი დაასვეს საქართველოს, მაგრამ იციან, საით მიდის ეს ქვეყანა, უკვე ამაზე ღიად საუბრობენ, ეს შემდგარი ფაქტია. არაფერი ახალი ბრიუსელისთვის არ არის, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ახლა დაკავებულია მთელი მსოფლიო უკრაინით, ჩვენთვის არ სცალიათ. ამით სარგებლობს „ქართული ოცნება“ და სანამ ასეთი ვითარება იქნება კიდევ გააგრძელებს სარგებლობას, ოღონდ კრიზისი ამოიწურება, არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ბოლომდე გაუვა. მე არ მგონია, რომ ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა ამ ხელისუფლებაზე გული შემოიბრუნონ, თუ რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებამ არ გადადგა ის ნაბიჯები რა მოლოდინიც აქვთ პარტნიორებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიება იყო და ამას არც კობახიძე მალავს.

„მე მგონი, ძალიან ნათლად ჩანს, ხშირად გულწრფელად ამბობს ხოლმე კობახიძე, რაც ხდება, შურისძიება იყო ჩვეულებრივად, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მალავს იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ მარტო „ლელო“ კი არ დასაჯეს და ცალკე, პირადად ბადრი ჯაფარიძე, არამედ ოპოზიციას მოაკლეს აქტიური დეპუტატები, რომელიც ოპოზიციას სჭირდება საგამოძიებო კომისიების შესაქმნელად ანუ პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა