ნათია მერებაშვილი - მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვაში განისაზღვროს სწორი გენდერული პოლიტიკა

მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვაში განისაზღვროს სწორი გენდერული პოლიტიკა ,- ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა. აღნიშნულის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს, რამდენად პასუხობს საქართველოს პროკურატურის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შემუშავდა.

„გენდერული აუდიტით განსაზღვრული რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. ასევე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს და სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დისციპლინური წარმოების საკითხებს. სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, შეიქმნა მხარდაჭერის ჯგუფი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურაში გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წელს დაგეგმილია პროკურატურის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა გენდერული საკითხები და მათი განხორციელების პროგრამები პროკურატურის მიზნებსა და ამოცანებში ეფექტიანად ინტეგრირდეს.

„მნიშვნელოვანია, გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის მართვას ორგანიზაციაში თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდეს, გენდერული თანასწორობის პრინციპები აისახოს პროკურატურის სერვისებსა და საზოგადოებრივ იმიჯში, ხოლო ადამიანური რესურსების მართვაში დაინერგოს გენდერული პოლიტიკა“ , - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენის დროს პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის, შიდა რესურსის გამოყენებით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 130 აქტივობა განხორციელდა, რომელშიც 1200 მონაწილე იყო ჩართული.

მისივე ინფორმაციით, პროკურორებმა და გამომძიებლებმა სასწავლო კურსები გაიარეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კორუფციული დანაშაული, კიბერდანაშაული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლა; ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; პროკურატურის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა. ასევე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 2021 წელს მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებებისა და დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ერთობლივ აქტივობებში.

ნათია მერებაშვილმა სტაჟირების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის ახალი კადრებით შევსების ძირითადი საფუძველი სტაჟირების სისტემაა და პროკურატურა ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად, ყოველ წელს აცხადებს კონკურსს. სტაჟიორ-პროკურორის და სტაჟიორ-გამომძიებლის ხელფასი 2020 წელს გაიზარდა და ყოველთვიურად 960 ლარს შეადგენს. 2021 წელს გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 984-მა პირმა შემოიტანა.

გენერალური პროკურორის მოადგილემ საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენის დროს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების და წახალისების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს პირველი რანგი 34 პროკურორს და 9 გამომძიებელს მიენიჭა, ხოლო მეორე რანგი - 71 პროკურორს და 21 გამომძიებელს.

ასევე, 2021 წელს წახალისებული იქნა 278 თანამშრომელი, მათ შორის 196 თანამშრომელს გამოეცხადა მადლობა, 70 თანამშრომელს მიენიჭა ვადამდე წოდება, 8 თანამშრომელს მიენიჭა პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება და დაჯილდოვდა შესაბამისი სამკერდე ნიშნით, 4 თანამშრომელს ვადამდე მოეხსნა დისციპლინური სახდელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა