ზურაბ ბატიაშვილი - რაც ახლა უკრაინაში ხდება, ზუსტად ის მოხდა საქართველოში - ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, რომელსაც მეთოდები დაუძველდა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, თითქოს დაიწყეს ჯარის გაყვანა, რეალურად პირიქით მოხდა, დაამატეს კიდეც. ამას ადასტურებს ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო ინფორმაციები, რის შესახებ განცხადება გააკეთეს ამ ქვეყნების ხელმძღვანელებმა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია უკრაინის პროვოცირებას და სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმას ცდილობს.

„რუსეთი დეზორიენტაციის შეტანას და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს არამხოლოდ ჯარის ნაწილებთან დაკავშირებით, არამედ დონბასის სიტუაციასთან მიმართებით, როდესაც რუსები თავად ხსნიან ცეცხლს უკრაინელების მიმართულებით და ელოდებიან უკრაინის პროვოკაციაზე წამოგებას, რათა შემდეგ გადაიღონ და გაასაღონ, როგორც უკრაინელების თავდასხმა დონბასზე. უკრაინელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ. გუშინ ისინი მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და არ ხსნიდნენ საპასუხო ცეცხლს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო პროვოკაციებთან ერთად, რუსეთს სათადარიგო ვარიანტიც აქვს, რომლის გააქტიურებაც კრემლმა უკვე დაიწყო.

„გამომდინარე იქედან, რომ რუსეთმა უკრაინა პროვოკაციაზე ვერ წამოაგო, სათადარიგო ვარიანტის გააქტიურება დაიწყეს და კრემლთან დაახლოებული ჯგუფები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინელები აპირებდნენ დივერსიული ჯგუფების შეგზავნას დონბასში, სადაც ისინი თითქოს დივერსიულ აქტებს მოაწყობდნენ. რეალურად ეს არის რუსული სცენარი - ჩვენ გვახსოვს დაახლოებით მსგავსი სცენარი, როდესაც ჩეჩნეთში შესაჭრელად რუსებს საბაბი სჭირდებოდათ. მაშინ თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს ტერორისტული აქტები და ეს გამოიყენეს, როგორც ჩეჩნეთში შესაჭრელი საბაბი. სწორედ ამიტომ, სიტუაცია არის დაძაბული და რთული, თუმცა უკრაინელები ინარჩუნებენ სიმშვიდეს, დასავლეთი, როგორც არასდროს, მობილიზებულია. ვფიქრობ, რომ ის სცენარი, რომელიც რუსებს ჰქონდათ გაწერილი, ისე არ სრულდება, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, რადგან ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას შეეჩეხნენ როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მხრიდან“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ამასთანავე, მან უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში 2008 წელს რუსეთის აგრესიას შორის გაავლო პარალელი.

„მოსკოვში ახალს არაფერს წერენ, ეს ძველი დაწერილი სცენარია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც მუშაობდა და რუსეთის ფედერაციაც ამას იყენებდა. საქართველოში ზუსტად ის მოხდა, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, რომელსაც მეთოდები დაუძველდა. პუტინის ფანატიკოსების გარდა მთელ მსოფლიოში ამის უკვე აღარავის სჯერა. ის მცდელობა, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, თითქოს უკრაინელები იწყებენ შეტევას საწყალი სეპარატისტების წინააღმდეგ, აღარ მუშაობს. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. თუნდაც გაუმჯობესებული სადაზვერვო ტექნიკური საშუალებებით ეს ყველაფერი ჩანს და ამის დამალვა და შეფუთვა უკვე ფიზიკურად შეუძლებელია“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო