ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი და „ბუსტერით“ ვაქცინაცია გაიზრდება, ივნისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000-მდე დაიკლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ „ომიკრონის“ პიკი გადაიარა და ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი და „ბუსტერით“ ვაქცინაცია გაიზრდება, ივნისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000-მდე დაიკლებს.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, თუმცა დამშვიდებისკენ მიდის. შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ, ციფრები ამაზე მეტყველებს. მონაცემებს ყოველ სამშაბათს ვადარებთ ხოლმე - წინა სამშაბათს იყო 15 315 შემთხვევა, ორი კვირის წინ 24 616, სამი კვირის წინ - 24 201, 25 იანვარს, ანუ დაახლოებით 1 თვის წინ 15 762. 15 იანვრიდან იყო აღმავალი ტალღა, პიკი გვქონდა 1-ელ თებერვალს - 26 320 შემთხვევა, შემდეგ ნელი ტემპით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, ყველა ინდიკატორი - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელიც ნელა, თუმცა მცირდება. ამის მიუხედავად დასაშვებ ზღვარზე მაღლაა. ასევე მცირდება, მაგრამ დასაშვებ მაჩვენებელზე მეტია ყოველდღიური სიკვდილიანობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის ქვესვლა სწორხაზოვანი იყოს.

„ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ქვესვლა იყოს სწორხაზოვანი. პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეს 60%-ია, არა უშავს - უკეთესია, ვიდრე იყო. თუ გავზრდით ამ მაჩვენებელს, ასევე სერიოზულად მივხედავთ და გავაძლიერებთ „ბუსტერიზაციას“, პროგნოზია, რომ ივნისისთვის ყოველდღიურად 1000 შემთხვევაზე დაბლა ჩამოვალთ. ამასთან ერთად სიკვდილიანობის საშუალო პროცენტი იანვარ-თებერვალში პროცენტულად სერიოზულად შემცირებულია: იანვარში შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე სიკვდილიანობა 0.4%-ია, თებერვალში - 0.2%“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანა გადადის ეტაპზე, როდესაც „ომიკრონთან“ თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

„უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველა რეკომენდაცია დავიცვათ, მთავარია პირბადის ტარება და აცრა, განსაკუთრებით „ბუსტერით“ ვაქცინაცია. კვლევები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ იცავს ინფიცირებისგან და ასევე გართულებისა და ფატალური გამოსავლისგან. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, „ომიკრონის“ პირობებში, როდესაც უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და თანაცხოვრება ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად.

დიდი იმედია სამეცნიერო წრეებში, რომ თუ აცრის მაჩვენებელი დიდი იქნება, უფრო აგრესიული, ახალი შტამის გაჩენა მოსალოდნელი არ უნდა იყოს და თუ ახალი შტამები გაჩნდება, უფრო მსუბუქი უნდა იყოს. მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო