გიორგი ვაშაძე  -  უკრაინაში პოლიტიკური განსხვავება აღარ არის და ყველა ერთად დგას - კიევს ვითარების მართვის სადავე ახლა უკვე ხელში უჭირავს

უკრაინაში პოლიტიკური განსხვავება აღარ არის და ყველა ერთად დგას იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. პირველი შეტაკებები თითქოს რუსული ჯარის სასარგებლოდ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დაიბრუნეს ტერიტორიები, მათ შორის აეროპორტი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც კიევში იმყოფება.

ვაშაძემ უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევს ვითარების მართვის სადავე ახლა უკვე ხელში უჭირავს.

„დილით უფრო მეტი დაბნეულობა იყო. ახლა ვფიქრობ, რომ მართვის პულტი უკვე ჩამოყალიბებულია. უკრაინაში პოლიტიკური განსხვავება აღარ არის და ყველა ერთად დგას იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. პირველი შეტაკებები თითქოს რუსული ჯარის სასარგებლოდ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დაიბრუნეს ტერიტორიები, მათ შორის აეროპორტი. ასევე ტყვედ არის აყვანილი ბევრი რუსი ჯარისკაცი, რაც ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გაიმართა უკრაინული ჯარის მუშაობა და ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, როგორც ასეთი, პანიკის ნიშნები არ არის. რა თქმა უნდა, ბევრი ტოვებს ქალაქს, მაგრამ მაღაზიები ჩვეულებრივად მუშაობს, საწვავთან დაკავშირებით არ არის არანაირი პრობლემა ამ მომენტისთვის. ასე რომ, ზოგადად ვითარება დასტაბილურდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას, დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციები უნდა მოჰყვეს.

„ეს აგრესიული ქმედება რუსეთის მხრიდან, არის წარმოუდგენელი და საგანგაშო. დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ერთი მხრივ, ისეთი მკაცრი სანქციები, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს რუსეთს და მეორე მხრივ, იარაღით დახმარება უკრაინას, ეს უნდა იყოს ორი მთავარი მიმართულება. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იმას, რასაც აშშ თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ რუსეთი ემზადება ომისთვის, ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრს არ სჯეროდა და ამბობდა, რომ გადამეტებულია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაწიოს წინააღმდეგობა, რამდენიმე დღის მანძილზე გაუძლოს ამ დარტყმებს. ძალიან მძიმე პერიოდი გველის წინ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი და ორდღიანი დაპირისპირება. როგორც ჩანს, რამდენიმე დღე, შეიძლება რამდენიმე კვირაც გასტანოს ამან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონცენტრაცია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ვაშაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ღიად და მოურიდებლად თქვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების კინკლაობის დრო არ არის და უნდა ვიყოთ ერთიანები.

„ჩვენი გზავნილი უნდა იყოს საჯარო, ერთიანი. პოლიტიკური დაპირისპირების და კინკლაობის დრო არც საქართველოში არ არის. საფრთხე, რაც არის უკრაინის წინაშე, იგივე საფრთხის წინაშე 2008 წელს ვიყავით და შეიძლება განმეორდეს საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად ჩანდეს უკრაინაში და მსოფლიოში, რადგან საქართველოს სიტყვას ფასი აქვს თანამედროვე მსოფლიოში. ეს სცენარი, რაც უკრაინაშია, 2008 წელს პირველად გაითამაშა საქართველოში. ჩვენგან ხმამაღალი ნათქვამი უნდა იყოს, არ მოგვერიდოს თქმა, რადგან პროვოკაციები არც საქართველოშია გამორიცხული რუსული მხრიდან. ჰუმანიტარული კუთხით ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, მათ შორის მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოთქვას მზაობა ქალების, ბავშვების მიღებაზე საქართველოში, მათი, ვინც უკრაინის ტერიტორიას გაარიდებს თავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო