ხათუნა სამნიძე - გახსნან პარლამენტის დარბაზი და ვნახოთ, რამდენი დეპუტატი მოვა, ოპოზიცია იქნება და დაელოდება "ოცნებას", არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს

შეუძლიათ მოიტანონ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ურჩევნიათ კანონი დაარღვიონ, თავი შეირცხვინონ და არ მოვიდნენ სხდომაზე - 12 საათი მოვა, ოპოზიცია აქ იქნება და დაელოდება "ქართული ოცნების" დეპუტატებს, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" კანონს არღვევს, როცა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცედურა არ ჩატარდება. მისი თქმით, სხდომათა დარბაზი უნდა გაიხსნას და დაფიქსირდეს, რამდენი დეპუტატი მივიდა სხდომაზე.

"ეს სხდომა უნდა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილს კანონი წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ძლიერია მათი არაფორმალური მმართველის მხრიდან ზეწოლა, რომ არ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოში პარტნიორი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადების მიღება, იმის ჩვენება დასავლელი პარნიორებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ამ საკითხში არ არსებობს პარტიული კუთვნილება და ერთად უნდა დავდგეთ ყველა, იმდენად არ სურს ამის გაკეთება "ქართულ ოცნებას", რომ საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარე მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც არ წერია კანონში. ეს არის კანონის დარღვევა, დარბაზი უნდა გაიხსნას, დეპუტატები უნდა შევიდნენ და დაფიქსირდეს კვორუმი რამდენია, დაინახონ მოქალაქეებმა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედა და გარბის პასუხისმგებლობისგან. ჩვენ მზად ვართ, მათი მხრიდან მომზადებული განცხადება მივიღოთ და მხარი დავუჭიროთ, შეუძლიათ მოიტანონ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ურჩევნიათ კანონი დაარღვიონ, თავი შეირცხვინონ და არ მოვიდნენ სხდომაზე, მაგრამ 12 საათი მოვა, ოპოზიცია აქ იქნება და დაელოდება "ქართული ოცნების" დეპუტატებს, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს, ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გახსნან დარბაზი და ვნახოთ, რამდენი დეპუტატი იქნება დარბაზში,"- განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება. პაპუაშვილის თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მიმართა და უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან სხდომას არცერთი დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა