არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრი იყო თანმიმდევრული, მან თქვა ის, რასაც ასეთ ვითარებაში ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ლიდერი იტყოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი დღევანდელ განცხადებებში იყო თანმიმდევრული და თქვა ის, რასაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს ლიდერი იტყოდა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრემიერმა დღევანდელი განცხადებით თქვა, რომ პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ასევე, საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე.

„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. ზუსტად ვიცით, რა განსაცდელის და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს უკრაინა. საქართველომ ეს გაიარა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული. პრემიერ-მინისტრი იყო თანმიმდევრული. მან თქვა ის, რასაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს ლიდერი იტყოდა. მან თქვა ერთი, რომ ის პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე და მეორე, ასევე ვალდებულების შესრულებაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. მეორე მხარეს ვიღაც პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც წარსულში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც თავის ქვეყანა დაადანაშაულა კასეტური ბომბის სროლასა და ომის დაწყებაში, ამბობს, პრემიერ-მინისტრმა კი არ იცის ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, მსოფლიო ლიდერებმა კი არ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, ჩვენ ვიცითო. ახლა თქვენ შეაფასეთ, ეს ხალხი კომიკურია თუ სერიოზული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტები, რომელიც ამ ვითარებაში რუსული აგრესიის შესაკავებლად შეიძლება იყოს გამოყენებული, დასავლეთის ლიდერი სახელმწიფოების, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელშია.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მეორე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები შესრულდეს. რასაც დღეს რადიკალური ოპოზიცია ამბობს, მათ თავდასხმებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე, საერთო არ აქვს ამ ორ ინტერესთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულ დროზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენონ, რომ ახლა ისინიც წარსული არიან და „დაანებონ თავი საქართველოს აწმყოსა და მომავალში ნეგატიურ ჩარევას“. მის თქმით, ხელისუფლებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სახელმძღვანელო არ არის.

„პრემიერ-მინისტრმა რომ გადადგას ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო იქნება, მერწმუნეთ, დღეს ყველაზე დაძაბული ვინც გვაგულიანებს, ზუსტად ეს ხალხი იქნება პირველი, ვინც საწინააღმდეგო განცხადებით გამოვა. ჩვენთვის დღეს სახელმძღვანელო არ გახლავთ, რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიალური ოპოზიციის ბანაკი. ჩვენი სახელმძღვანელო არის საქართველოს ეროვნული ინტერესები და საერთაშორისო ვალდებულებები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს