ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტექნიკის კონცენტრაცია შეინიშნება.
„ტექნიკის კონცენტრაცია შეინიშნება არა უშუალოდ სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს, არამედ გარკვეულწილად მოშორებით. თუმცა, ეს არ გვამშვიდებს. მინდა, რომ ყურადღებით და პასუხისგებით მოეკიდოთ თქვენ წინაშე დასმულ ამოცანებს, დააკვირდეთ საქართველოსთან საზღვრის მთელ პერიმეტრს“ , - მიმართა ე.წ. ძალოვანებს ბიბილოვმა.
დღესვე მან თანამდებობიდან გადააყენა ე.წ. თავდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად.
დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მინისტრს“ არმიისთვის და საბრძოლო მომზადებისთვის არ ეცალა. მან „მინისტრი“ იბრაჰიმ გასეევი უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი მოვალეობების შესრულება კი ე.წ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, „მინისტრის“ ე.წ. პირველ მოადგილეს ვიქტორ ფიოდოროვს გადააბარა.

























