“გაეროს განვითარების პროგრამა” - უკრაინაში მყოფი დაზარალებული ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები, გადაუდებელ დახმარებას მიიღებენ

“გაეროს განვითარების პროგრამა” უერთდება გაეროს სააგენტოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ყოვლისმომცველი პასუხი გასცეს უკრაინაში მიმდინარე ესკალაციის პროცესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინელი ლტოლვილების მიმღებ მეზობელ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელი რესურსების შეგროვება ორი ძირითადი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

„სასწრაფო მიმართვა (Flash Appeal) ხელს შეუწყობს უკრაინაში მყოფი დაზარალებული მოსახლეობის მყისიერ დახმარებას, ხოლო რეგიონული გეგმა ლტოლვილთა დასახმარებლად (Regional Refugee Response Plan) უკრაინიდან ლტოლვილთა დაცვასა და ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

სასწრაფო ჰუმანიტარული მიმართვის ფარგლებში შეგროვებული 1.1 მილიარდი აშშ დოლარი სამ თვეზეა გათვლილი და გამიზნულია უკრაინაში მყოფი 6,000,000 ადამიანისთვის, რომელთაც მყისიერი ხელშეწყობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაცვა ესაჭიროება. UNDP-ის დახმარების ფარგლებში შეიქმნება საკვების მიწოდების ჯაჭვი, მოხდება კრიზისზე რეაგირება სათემოების დონეზე, განხორციელდება სოციალური თანასწორობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები.

UNDP-ის ხელშეწყობით, უკრაინაში მყოფი დაზარალებული ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები, მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას მათი მყისიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს მოიცავს საარსებო წყაროსა და საბაზისო სერვისების აღდგენას. გაეროს ნაღმების საწინააღმდეგო სამსახურთან (UN Mine Action Service) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP ასევე ხელს შეუწყობს ნაღმებზე რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორია 600,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით. გაეროს სააგენტოთაშორისი რეგიონული გეგმა ლტოლვილთა დასახმარებლად (Regional Refugee Response Plan) ოთხ ძირითად მიზანს ემსახურება:

მიმღები ქვეყნების ხელშეწყობა, რათა ყველა ლტოლვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და საერთაშორისო დაცვა.

მიმღები ქვეყნების ხელშეწყობა, რათა ყველა ლტოლვილმა და მესამე ქვეყნის მოქალაქემ დროულად მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება.

მთლიანად საზოგადოებაზე გათვლილი ერთიანი გადაწყვეტების მოძიება და ხელშეწყობა.

პარტნიორებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა როგორც ქვეყნების, ისე რეგიონის დონეზე.

„შეძრული ვარ, რომ მილიონობით უკრაინელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სამხედრო შეტევის შედეგად. ჩვენ შევუერთდით გაეროს მიერ გამოცხადებულ მიმართვას, რათა მყისიერი დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყნის შიგნით მყოფ დაზარალებულ მოსახლეობასა და უკრაინიდან ლტოლვილებს. როგორც კი შესაძლებელი გახდება, ჩვენი დახმარება აღდგენის ძალისხმევაზეც გავრცელდება“, - განაცხადა UNDP-ის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა.

UNDP მჭიდროდ ითანამშრომლებს იმ მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს მიიღებენ. UNDP-ის ხელშეწყობით, ლტოლვილები მიიღებენ სამედიცინო დახმარებასა და ფსიქოლოგიური კონსულტაციებს, განხორციელდება მათი საზღვარზე ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მანქანებისა და ავტობუსების მეშვეობით, ადგილზე განთავსება და თავშესაფრით უზრუნველყოფა.

„ვუერთდები გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს სხვა წარმომადგენელთა სიტყვებს და ვაცხადებ, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება. ადამიანთა სიცოცხლე, ღირსება და უფლებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა შტაინერმა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც სიღარიბით, უთანასწორობითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უსამართლობას ებრძვის. ექსპერტებისა და პარტნიორების ფართო ქსელის გამოყენებით, UNDP მსოფლიოს 170 ქვეყანაში მუშაობს და ხელს უწყობს ერთიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტების შემუშავებას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება