ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “არ გამოვრიცხავ, პუტინმა ბირთვულ ღილაკს თითი დააჭიროს...”

შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ - რუსი ლტოლვილების საკითხი მთავარი საერთოეროვნული დისკუსიის თემა გახდა

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა - უკრაინის სირიიზაცია სურს”

ვახტანგ ძაბირაძე - “პრეზიდენტმა თავისი მოვალეობის ზუსტად და სწორად შესრულება დაიწყო”

ზურაბ ბატიაშვილი - “კობახიძეები და ძმანი მისნი ქართველ ხალხს საუკუნეების წინ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებენ”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “არ გამოვრიცხავ, პუტინმა ბირთვულ ღილაკს თითი დააჭიროს...”

“ნება მომეცით, უპირველესად ვთქვა, რომ აღმაშფოთებელია და თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად მიუღებელი ის აგრესია, რასაც რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ იჩენს. 10 დღეზე მეტი გავიდა ომის დაწყებიდან და ბევრი რამის შეფასება უკვე შეგვიძლია. აშკარაა, რომ პუტინს თავისი “გენიალური” სტრატეგების ექსპერტიზის საფუძველზე ეგონა, ადვილად გაისეირნებდა უკრაინაში, მაგრამ მისთვის საუბედუროდ და მთელი მსოფლიოს სასიხარულოდ, უკრაინამ გამოავლინა გაუგონარი გმირობა და ამაში უზარმაზარია ვოლოდიმირ ზელენსკის როლი, რომელიც სამ დღეში სუსტი პრეზიდენტიდან მსოფლიო დონის ლიდერად და გმირად გადაიქცა. ერი შეკრულია, უკან დახევაზე არავინ ფიქრობს, ჩვენ ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვხედავთ გმირობის საოცარ მაგალითებს, როდესაც ხალხი შიშველი ხელებით უკან ახევინებს ოკუპანტებს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, პუტინმა ბირთვულ ღილაკს თითი დააჭიროს...” / “კიდევ ათი დღე თუ გაუძლო უკრაინამ, რუსეთს ეს კამპანია წაგებული ექნება. მან ომი პირველი დღიდან წააგო, რადგან როგორც უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, იმ ფორმით, როგორც 24 თებერვლამდე არსებობდა, რუსეთი აღარასდროს იარსებებს”.

“ოდესაში მოხალისეებისგან ქალაქის დასაცავად ბრიგადა შეიქმნა. ქვეყნიდან წასული უკრაინელები საბრძოლველად სამშობლოში ბრუნდებიან. ასევე ვხედავთ რუსეთის უუნარობას სამხედრო თვალსაზრისით. მათ უკრაინის არმიაზე თითქმის ხუთჯერ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ეს უპირატესობა გამქრალია... მათი სტრატეგია არის ერთფეროვანი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებენ. აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში! უნდა მოესმინათ გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის, როცა ის ამბობდა, რომ რუსეთი ამ ძალებით უკრაინას ვერ მოერეოდა. უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. პუტინის პანიკა იმითაც მჟღავნდება, რომ რუსეთში საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები დაკეტეს. შეჩერებულია საერთაშორისო ფრენა. შიგნიდან კეტავს ქვეყანას, რომ ხალხი არ გაიქცეს. სრული უუნარობა გამოიჩინა სამხედრო დაზვერვამ, არ გამართლდა პროგნოზი, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას სიხარულით შეეგებებოდნენ... რუსი ჯარისკაცების ქმედებაში სტრატეგია არ ჩანს, მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ომისა არაფერი გაეგებათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მათი სტრატეგიული შეფასებაც, რა მოხდებოდა მსოფლიოში ომის დაწყების შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. არავინ ელოდა ასეთ სანქციებს, რაც ლავროვმაც აღიარა. არც სეჩინი, არც ტიმჩენკო, არც უსმანოვი თავიანთ იახტებს ევროპაში არ დატოვებდნენ, ასეთი სანქციების მოლოდინი რომ ჰქონოდათ. მარტო ამ სამ ოლიგარქს 2 მილიარდის ქონება წაართვეს. საინტერესოდ იქცევა აბრამოვიჩი - ის ყიდის “ჩელსის” და ამბობს, რომ მთელ ფულს უკრაინას გადაურიცხავს. ერთ-ერთმა გავლენიანმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც კა-გე-ბეს გენერალი და პუტინის მარჯვენა ხელია ევროპასთან ფინანსური კავშირის თვალსაზრისით, თქვა, ომი დამღუპველია და მალე რუსეთში დაახლოებით ისეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, 1998 წლის კრიზისი სამზე რომ გავამრავლოთო. ჩიპებს ვერ ყიდულობენ, არადა, საფრენი აპარატები, რაკეტები ტაილანდურ ჩიპებზე იგება, ამიტომაც მოუწევთ მათი წარმოების შეწყვეტა. თვითმფრინავებს, რომლებიც რუსებს ლიზინგით აქვთ, უცხოური კომპანიები უკან ითხოვენ. რა თქმა უნდა, არ დააბრუნებენ, ამიტომაც მათი საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილია და როგორც კი რომელიმე ასეთი თვითმფრინავი უცხოეთში დაჯდება, მას დააყადაღებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ორიოდე თვეში რუსეთში თვითმფრინავი ვეღარ აფრინდება. მოგეხსენებათ, მათ მუდმივი მოვლა სჭირდება, “ბოინგმა” და “აერბუსმა” კი რუსეთში პროფილაქტიკური ოფისები დაკეტეს. ეგ კი არა, მალე “ჟიგულისაც” ვეღარ აწარმოებენ, რადგან ძალიან ბევრი ნაწილი უცხოეთიდან შეჰქონდათ. მოკლედ, მოუწევთ ურმებზე გადასხდომა. რუსი ექსპერტებისვე თქმით, უცხოური ტექნოლოგიების გარეშე ცოტა ხანში მტვერსასრუტსაც კი ვერ ააწყობენ. პუტინმა ესეც ვერ გაითვალისწინა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ გათვალა, როგორც თვითონ ეძახის, “სამხედრო ოპერაციაა”. კიდევ ათი დღე თუ გაუძლო უკრაინამ, რუსეთს ეს კამპანია წაგებული ექნება. მან ომი პირველი დღიდან წააგო, რადგან როგორც უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, იმ ფორმით, როგორც 24 თებერვლამდე არსებობდა, რუსეთი აღარასდროს იარსებებს. მსოფლიოში ახლა სულ სხვა რეალობაა და მადლობა ბატონ პუტინს, რადგან მის გარდა ვერავინ მოახერხა დასავლეთის ასეთი კონსოლიდაცია. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების გლობალური სისტემის შექმნას ალტერნატივა არ აქვს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ნატო ფრთხილობს და ეს არ არის გასაკვირი. მას თუ მოუწია ამ კონფლიქტში სამხედრო ფორმით ჩართვამ, ვფიქრობ, ჯერ რუსული ბირთვული არსენალის განეიტრალება უნდა მოახერხოს. არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა დევიზით: “თუ მე და რუსეთი არ ვიქნებით, დაე, მსოფლიოც ნუ იქნება” - თითი დააჭიროს ბირთვულ ღილაკს. ის არ არის ადეკვატური. დადებითად მხოლოდ ის შემიძლია შევაფასო, რომ თქვენს ნახსენებ შეხვედრაზე ისე ჩანდა, თითქოს ის ბუნკერიდან ამოძვრა, თუ ეს შეხვედრაც დადგმული არ იყო, რისი ეჭვიც გაჩნდა. იმედია, მან მოახერხა ისტერიკული, შიზოფრენიული შიშის დაძლევა, რაც სამი-ოთხი დღის წინ ჰქონდა... ისევ საფრენი სივრცის დაკეტვას რომ დავუბრუნდეთ... სხვათა შორის, არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები და კარგი იქნება, ეს ნორმები ჩვენმა პრემიერ-მინისტრმაც განუმარტოს მოსახლეობას, როგორც ბორის ჯონსონმა გააკეთა, როდესაც მას აღელვებულმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მიმართა. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა აქამდე ამის ახსნა ვერ შეძლო. არ ვიცი, შეიძლება არც იცის... საქმე ის არის, რომ საჰაერო სივრცის დახურვა ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ ლოჯისტიკურად მოხალისეების დახმარება ნიშნავს, რომ შენ უკვე ხარ კონფლიქტის რომელიღაც მხარეს. როცა ნატოზეა ლაპარაკი, ეს ქვეყნები თავიანთ ცას ხომ არ დახურავენ, სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში - უკრაინის ცა უნდა დახურონ, ანუ ის შეიარაღებით უნდა გააკონტროლონ, ესე იგი რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთონ. სწორედ ეს თქვა სტოლტენბერგმა. ამიტომ ერიდება ნატო უკრაინაში ცის დახურვას. ამის გაკეთება მართლაც შეიძლება იქცეს ევროპის ომში ჩართვის მიზეზად”, - განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.

“დააკვირდით, ომამდე ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინას პირდაპირ და დაუფარავად აწვდიდნენ იარაღს, მაგრამ ახლა ამას ერიდებიან, სამაგიეროდ, აძლევენ ფულს და იარაღიც მაშინვე ჩნდება, ანუ ამას ისე წარმოაჩენენ, რომ ამ იარაღს უკრაინა ყიდულობს. ასე ცდილობენ ნეიტრალურობის შენარჩუნებას. საფრანგეთმა თავისი ლეგიონის 17 წევრი, რომლებიც მოხალისეებად მიდიოდნენ, დააკავა, არადა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას. ვითომ საელჩოს დაცვის მიზნით გაგზავნილი სპეცრაზმი, ხომ კარგად ვიცით, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას ემსახურება, მაგრამ საჯაროდ ისე მოიქცნენ, თითქოს არ ეთანხმებიან უკრაინაში მოხალისეების წასვლას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ევროპული ქვეყნიდან უკვე ჩავიდნენ მოხალისეები, ეს სახელმწიფოები ამას ემიჯნებიან. მთავრობები აცხადებენ, რომ ამაში არ მონაწილეობენ. მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგია, ეს ჩანს ამ მასშტაბურ სანქციებში, მაგრამ ომში ჩართავს ყველა ერიდება”, - ამტკიცებს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “საქართველოს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ორმაგ სახეზე მინდა გკითხოთ...” - პასუხობს:

“არ ვიცი, რა უნდა ვთქვა... ღარიბაშვილს ე.წ. სპიჩრაიტერი არ ჰყავს და ჯობს, გაჩუმდეს, საერთოდ ხმა არ ამოიღოს, იმიტომ, რომ რასაც მეტს ლაპარაკობს, მით უარესს და უარესს ამბობს. მის საუბარში დიპლომატიური აზროვნების ნასახიც არ ჩანს. იგივე ითქმის ირაკლი კობახიძეზეც. ორივე უმძიმესი შემთხვევაა... ინფანტილური პოლიტიკის დრო წავიდა... ზუსტად ღარიბაშვილის არასწორმა, არაადეკვატურმა ლაპარაკმა გამოიწვია ელჩის გაწვევა საკონსულტაციოდ. რომ არა ღარიბაშვილის ყოვლად გაუმართლებელი განცხადებები, დარწმუნებული ვარ, ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. იმაზე, რომ თვითმფრინავი არ უნდა დაესვათ და მოხალისეები ზარ-ზეიმით არ გაეცილებინათ, უკვე ვილაპარაკე და ისიც ავხსენი, რატომ არ იქცევიან ასე განვითარებული ქვეყნები, მაგრამ ამას მე კი არა, ხელისუფლება უნდა უხსნიდეს თავის მოსახლეობასაც და უკრაინელებსაც... ვისაც უკრაინაში წასვლა უნდოდა, უკვე იქ არიან და იბრძვიან, ყოველგვარი ჩარტერული რეისების გარეშე. წარმოგიდგენიათ?! ისე უთავოდ იქცევა ჩვენი ხელისუფლება, რომ კელი დეგნანს მოუხდა ჩვენი დაცვა - დიდი მადლობა საქართველოს უკრაინის დახმარებისთვისო”.

“ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ადეკვატურად იქცევა, არის ჩვენი პრეზიდენტი. ან რა იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თურმე ხელისუფლების ადგილი არ არის მრავალათასიან მიტინგზე, რომელსაც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა, რუსეთი სისხლში რომ ახრჩობს. რა შუაში იყო "ნაციონალური მოძრაობა" ან თუნდაც ელჩის გაწვევა?! უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც არაერთხელ დაგვიდგა გვერდით და სირცხვილი არ არის კობახიძისა და მისთანების პოზიცია?! სხვაგვარად ვერ აზროვნებენ და ეს მაშინებს ყველაზე მეტად. ვითარების შეფასების ელემენტარული უნარი არ აქვთ. დავით არახამია ამოიჩემეს ახლა. ეს არის ქართული წარმოშობის უკრაინელი პატრიოტი, რომელსაც მიანდეს რუსეთთან ურთულესი მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ლეგიონი შექმნა, გმირია კაცი და იძახიან, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის ასოცირებულიო! კარგი, რა, ხალხო...პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს გაეკეთებინათ რამე, როდესაც სააკაშვილი გუბერნატორად დასვეს! იმჟამად რაც მოხდა, ესეც ჩვენი ხელისუფლების ბრალია. გაცილებით უკეთესად უნდა დაესაბუთებინათ სააკაშვილის თუ ადეიშვილის დანაშაული. უფრო პროფესიონალურად, ვიდრე პროკურატურამ გააკეთა...” - ამბობს ექსპერტი.

“სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ისევ კინკლაობენ, ვინ რა დაიბრალოს. ხალხო, დავიღალეთ, აუტანელია ასეთი დამოკიდებულება! ახლა საჭირო ერთობა, თანხმობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო პროცესს გავდივართ. პირველად მომეწონა გიორგი ვაშაძის განცხადება, გვეყოფა კინკლაობა და სასწრაფოდ წავიდეს სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი დელეგაცია ბრიუსელში ჩვენი პოზიციის დასაცავადო. დღეს გვაქვს ევროკავშირში გაწევრების კარგი შესაძლებლობა და თუ ამას ხელიდან გავუშვებთ, უდიდესი შეცდომა იქნება. რაც შეეხება დმიტრო კულებას განცხადებას, რომ უკრაინა არ არის თანახმა, ევროკავშირში მისი გაწევრების საკითხი საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად განიხილონ, ჩემი აზრით, ომის გათვალისწინებით შეიძლება გავუგოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, საზოგადოდ, ვფიქრობ, არ იყო ეს მთლად კოლეგიალური განცხადება. ამას უკრაინა არ წყვეტს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირსა და იმაზე, როგორ წარვმართავთ მოლაპარაკებებს, როგორ მოვიქცევით ქვეყანაში და ქმედითი იქნება თუ არა ჩვენი ნაბიჯები. მე თუ მკითხავთ, ევროპაში ჩვენი პოზიციების დასაცავად ყველა პარტიის სახელით საქმის წარმართვას ჩვენს პრეზიდენტს მივანდობდი”, - დაასკვნის თვალჭრელიძე.

“თავის დროზე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მე არ ვიყავი აღფრთოვანებული სალომე ზურაბიშვილით, მხარს ვუჭერდი დათო უსუფაშვილს და ეს არის ჩემი შეცდომა, რომელსაც ვაღიარებ. მახსენდება ერთი რამ: თავის დროზე ოთარ იოსელიანს აკრიტიკებდნენ, რატომ არ გყავს ფილმებში კარგი კომუნისტური გმირიო. მან უპასუხა, გმირი და კარგი ადამიანი დაბრკოლებებთან ბრძოლაში უნდა გამოჩნდეს და რადგან საბჭოთა კავშირში დაბრკოლებები არ არის, გმირი როგორ შევქმნაო... სალომე ზურაბიშვილის თვისებებიც კრიზისისას გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მას თავისი დიდი დიპლომატიური გამოცდილებით შეუძლია დაბრკოლებებთან გამკლავება. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია. რუსთაველზე შეკრებილი უკრაინის მხარდამჭერებისათვის მიმართვა სწორი ნაბიჯი იყო. მან დაამტკიცა, რომ არ არის არც “ქართული ოცნების” და არც ოპოზიციის პრეზიდენტი. მას აქვს პრინციპული პოზიცია, რომელსაც აყალიბებს არა რომელი პარტიის დღის წესრიგი, არამედ ქართველ საზოგადოებაზე ფიქრი. სულ ცოტა 200 000 კაცი იდგა იმ დღეს რუსთაველზე და კარგი ქნა, ამ ხალხს რომ მიმართა. მან პოლიტიკოსებს კი არა, საზოგადოებას უთხრა, რომ იქ დგას, სადაც საქართველოს ადგილია, ანუ უკრაინის გვერდით. იგივე უნდა გაეკეთებინათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ მათ ვიწრო პარტიული ინტერესებით ნასაზრდოები რაღაც სინდრომი აქვთ”, - თვლის რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია შარლ მიშელთან, ემანუელ მაკრონთან, ურსულა ფონ ლაინერთან და სხვებთან ლაპარაკი. როგორც ვიცი, ამ ბოლო ვიზიტებისას რამდენიმე შეხვედრა არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მას ყველა შეხვდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლისასაც იგივე მოხდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს უნდა დაიმსახურო, ყველას უნდა დაანახვო, რომ ვიწრო პარტიულ ხრიკებზე მაღლა დგახარ. არ მახსოვს არც ერთი გამოსვლა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ ლანძღავს. როგორ მეხატება გულზე, “ნაციონალური მოძრაობა”, კარგად იცით; მე მიმაჩნდა, რომ ეს პარტია საერთოდ უნდა აკრძალულიყო თავისი ექსტრემიზმის გამო, მაგრამ არსებობს გაცილებით მაღალი ფასეულობები, ვიდრე ეს ვიწრო პარტიული კინკლაობაა... ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები უზარმაზარი გამოცდილებისა და ევროპული სულისკვეთების სიღრმისეული ცოდნის გამო სწორედ ქალბატონ სალომეს უნდა მიანდონ, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, ამისთვის პოლიტიკური გამჭრიახობა არ ეყოფათ”, - ვარაუდობს ექსპერტი.

“დასასრულ, რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოსულ ადამიანებს - თავის დროზე მე წინააღმდეგი ვიყავი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო, ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ სავიზო რეჟიმის აღდგენაზე დავფიქრდებით. ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ძალიან სერიოზული მუშაობა მართებთ”- დასძენს სანდრი თვალჭრელიძე.

შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ - რუსი ლტოლვილების საკითხი მთავარი საერთოეროვნული დისკუსიის თემა გახდა

“უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების გამო რუსეთისათვის გამანადგურებელი სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებასა და საცხოვრებლად სხვა სახელმწიფოში გადასვლას ცდილობს. ამის გამო ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება. საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტმა აღაშფოთა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ. დისკუსია მიდის იმაზე, თუ ვის უნდა მიეცეს ომის პერიოდში რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, რადგანაც ეს პროცესი შესაძლოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეულ რისკებს შეიცავდეს. ბოლო დღეებში საქართველოში რუსების შემოშვება-არშემოშვების საკითხი ქართული საზოგადოების მთავარი განსახილველი თემა გახდა, რომელმაც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ორად გაყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ - რუსი ლტოლვილების საკითხი მთავარი საერთოეროვნული დისკუსიის თემა გახდა.

“ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში გადმოსახლების მსურველი რუსების უმრავლესობა რეალურად სანქციების გამო პირადად მათთვის შექმნილ დისკომფორტს გაურბის. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ძირითადად ლტოლვილები არიან, რომლებიც პუტინის რეჟიმს გაურბიან და არ გვაქვს მორალური უფლება მათ თავშესაფარზე უარი ვუთხრათ. მით უმეტეს, რომ რუსეთში ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც ამის გამო შესაძლოა მნიშვნელოვანი დისკომფორტი და საფრთხეც შეექმნათ. სავარაუდოდ კი საქართველოში სამი კატეგორიის ლტოლვილები შეიძლება შემოდიოდნენ. ერთია რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს; მეორე - პუტინის რეჟიმს გამოქცეული ადამიანები; მესამე ჯგუფს კი ის ხალხი შეადგენს, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო დისკომფორტის შეექმნა და რუსეთისგან თავის დაღწევას ცდილობენ. კერძო ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების ნაწილი ლტოლვილთა ამ ნაკადს დაუფარავი უკმაყოფილებით ხვდება. ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა მმართველი პარტია, სადაც მიიჩნევენ, რომ ამგვარი კამპანიების უკან ოპოზიცია დგას და ეს “დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა”. ამის შესახებ განცხადება შაბათს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია”, - თქვა კობახიძემ. მისივე თქმით, კერძო კომპანიები რუს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და “დისკრიმინაციულ დათქმებს” უწესებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს“, - თქვა კობახიძემ და შს სამინისტროს ამის აღსაკვეთად ზომების მიღებისკენ მოუწოდა. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსახლეობის 70% ამართლებს ვლადიმერ პუტინის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ რუსულ საზოგადოებაში ავადმყოფური მდგომარეობაა. მაჭავარიანი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე აუცილებელია რუსთიდან ჩამოსულ ყველა ადამიანს ვკითხოთ რა აზრის არიან უკრაინაში ომზე და პუტინის რეჟიმზე”, - დასძენს გამოცემა.

“ხომ არ ჯობია, რომ ამ ომის პერიოდში ასეთი მასობრივი შემოდინებისგან თავი შევიკავოთ? თუკი უკრაინიდან წამოვიდა ლტოლვილთა ნაკადი, მაშინ რას ვშვრებით? რუსეთიდან თუ წამოვიდა უნდა ვიცოდეთ, რა დროით შეიძლება ისინი შევზღუდოთ. თუ ტრანზიტით მოდიან და უბრალოდ ჩვენს ქვეყანაზე გავლა უნდათ, კი, ბატონო. თუმცა გადასამოწმებელია ეს ხალხი აგენტურა ხომ არ არის. ეს კითხვები მოსახლეობაში ძალიან ლეგიტიმურად ისმება. რომელ ქსენოფობიაზეა საუბარი, როცა ჩვენს ქვეყანაში რუსების მიერ არჩეული პრეზიდენტისგან 1 მილიონამდე დევნილი ქართველი გვყავს, 20% რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და ამ კაცს მიაჩნია, რომ ეს ნორმალურია. კი, ბატონო, ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა დამყარდეს, მაგრამ ძალიან რთულია იმ ჭრილობების მოშუშება, რაც ქართველებს აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.

“ოცნებას” არასწორი მიმართულებით მიჰყავს საუბარი. ჰომოფობიაზე და შოვინიზმზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩვენი მოსახლეობა კითხვებს ლეგიტიმურად სვამს და ამაზე პასუხი უნდა მიიღონ. გავიგოთ, რა პერიოდით მოდიან, ვინ არიან, რა პოზიცია აქვთ ომზე, რას ფიქრობენ პუტნის რეჟიმზე და ა.შ. ყველა მათგანის გადამოწმება უნდა მოხდეს... გაუგებარია ირაკლი კაობახიძის განცხადება, რომ თუკი რუსებს შეურაცხყოფას მივაყენებთ, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. ვსვამ კითხვას - პირობითად, თუკი ნასვამი რუსი მამაკაცი ქართველ ქალს შეურაცხყოფას მიაყენებს და რომელიმე ქართველი ამ ქალის დაცვას შეეცდება, ეს ეთნიკურ შუღლად უნდა ჩაითვალოს? ამის გამო ქართველ კაცს დაიჭერენ? ჩვენ ნახევრად საომარ მოქმედებაში ვართ. რუსების ზრახვები ზუსტად ე.წ. გუბერნიების დაბრუნებაა და ამაში ხელს ხომ არ ვუწყობთ? პოლიტიკა ზუსტად ეს არის, რომ კითხვები დავსვათ. რუსებს ფულის გათეთრებაში ხელს ვუწყობთ? იქ ახლა პრობლემებია საბანკო სისტემაში, გასარკვევი ეს რა ფულია - რუსული სპეცსამსახურების, შავი ფულია თუ პირადი ანგარიშებია. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან საკუთარი თავი მახეში ჩვენვე არ გავაბათ”, - დაასკვნის მაჭავარიანი.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ რუს ლტოლვილებთან მიდგომა საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით უნდა განისაზღვროს. როგორ კონფლიქტოლოგი “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუკი ქვეყანას აქვს საშუალება ლტოლვილს თავშესაფერი მისცეს, ეს უნდა გააკეთოს მისი ეროვნების მიუხედავად. ხოლო თუკი უცხოელ ლტოლვილს ქონების ყიდვა უნდა ან დროებით გაჩერება, ესეც კანონმდებლობით რეგულირდება... მისივე თქმით, პუტინს არანაირი მიზეზი არ სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდეს. ამისთვის ათას სხვა მიზეზს ნახავდა. რუსი ლტოლვილების თემა კი “ფეისბუქზე” გასართობი ამბავი უფროა და არა სერიოზულად განსახილველი საკითხი”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონს არღვევს ან დარღვეული აქვს, არ უნდა შემოვუშვათ. მე მგონი უფრო დიდი რისკები იმით წარმოიშვება, თუ რაღაც ბარიერები შევუქმნით. აქ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მოდიან. აქ არ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ. ეს საშუალო ბიზნესის სფეროა, რომელსაც იქ განვითარების საშუალება არ აქვს. ბევრი შეიძლება ინვესტიციისთვის ან საცხოვრებლაად ჩამოვიდეს. ბათუმში რუსებს ძალიან ბევრი ბინები აქვთ უკვე შესყიდული. გამომდინარე აქედან, ეს პროცესები მაინც ხდება. ვისაც არ მოეწონება, მერე სხვა ქვეყნებში გადავლენ. აქედან დიდ აჟიოტაჟს არ შევქმნიდი. პირველ დღეებში ჯერ ომის გარჩევა მიდიოდა, ახლა კი საბაბი მიეცათ და ეს ამბავი ხელზე დაიხვიეს. ირაკლი კობახიძემ ძალიან სწორი რამ თქვა, რადგანაც ესეც კონფლიქტში შეთრევის ახალ რისკებს აჩენს. აქ რომ რუსების მიმართ ანგარიშსწორება დაიწყოს, ეს ნამდვილად დიდ პრობლემებს შექმნის. მით უმეტეს ეს ხალხი რეალურად მოდიან იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმს ვერ უძლებენ. პირიქთ, შესაძლოა ეს ხალხი რუსეთში სიტუაციის შესაცვლელად დესანტიც კი იყოს“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა - უკრაინის სირიიზაცია სურს”

“ვიცი, რომ დასავლურ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ცნობები ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 90%-ის ჩართვის შესახებ, მაგრამ მე ცოტა ნაკლებზე, დაახლოებით 75%-ზე შევჩერდებოდი. შესაძლოა რომელიღაც დანაყოფები გამოიყვანეს, მაგრამ 90%-ის გამოყვანა ნიშნავს, რომ შორეული აღმოსავლეთიდანაც გამოიყვანეს ჯარები. ამ რაოდენობას მიიღებდა მაშინ, თუ ბაზებს გაიყვანდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. მსგავსი რამ არ მომხდარა. ასე რომ, ეს უფრო სურვილებია, ვიდრე რეალობა, მაგრამ ფაქტია, პუტინს შეიარაღებული ძალების, სულ ცოტა, 75% მაინც ჰყავს­ კონცენტრირებული უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, რომელსაც თავად “სამხედრო სპეცოპერაციას” უწოდებს. ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთმა იქ მოძველებული ტექნიკა შეიყვანა. ახალი სამხედრო ტექნიკა უკრაინასაც არა აქვს, `ჯაველინებს~ და ბრიტანულ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს თუ არ ჩავთვლით”, - აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა - უკრაინის სირიიზაცია სურს”.

“რუსეთის ტექნიკა საკმაოდ ბრძოლისუნარიანია, ნამდვილად არ არის ჩამოსაწერი და დიდი პოტენციალიც აქვს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ოპერაციის არასწორი დაგეგმვა და ჩატარებაა. ეგონათ, ყველაფერს ორ-სამ დღეში ბლიცკრიგით დაასრულებდნენ. მაგრამ ბლიცკრიგს როგორ არქმევენ ამას, როდესაც სამხედრო ოპერაციები სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის აგრესორი ქვეყნის სრულფასოვანი სამხედრო კამპანია დიდი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმეტესობის გამოყენებით. ის, ვინც რუსული და ნატოს სამხედრო დაგეგმარების საკითხები იცის, მარტივად დაინახავდა უხეშ ჩავარდნებს. უპირველესად სამხედრო და სტრატეგიულ დაზვერვაში. არა აქვთ როგორც დიპლომატების, ასევე საგარეო დაზვერვის მუშაობის შესახებ საჭირო მონაცემები, ინფორმაცია. როდესაც ასეთი დიქტატორული ვერტიკალია და ყველა საკითხს ზემოდან ქვემოთ და პირიქითაც ვოვა წყვეტს, ეტყობა, მას იმ ინფორმაციას აწვდიდნენ, რაც ესიამოვნებოდა. მეთაურს თავად უნდა ეყოს გონიერება, გამჭრიახობა, რომ რეალური და არარეალური მონაცემები ერთმანეთისგან განასხვაოს. როგორც ჩანს, ეს თვისება პუტინს არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო დაზვერვის შეფი ნარიშკინი გამოსვლისას ისე ნერვიულობდა, რომ ენას ვერ ატრიალებდა. ხომ ცხადი იყო, რომ მას არასდროს ეყოფოდა გამბედაობა პუტინისთვის ეთქვა, უკაცრავად, ბატონო ვოვა, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სხვაგვარი რეალობა გვაქვსო. ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის მეთაური კუთხეში ატუზულ ოროსან მოსწავლესავით იდგა. როდესაც დაზვერვა არ აძლევს ინფორმაციას მოსახლეობის განწყობაზე, საბრძოლო პოტენციალზე, გზების გასავლიანობაზე, ან სულაც იმაზე, თუ სად შეუძლია არმიას შეავსოს საწვავი, “ზურგი რომ გაეწელოს”, ანუ კოლონის უკანა ნაწილი არ ჩამორჩეს, იმას მიიღებს, რაც მიიღო. 94-კილომეტრიანი კოლონა იყო, რომელშიც მანქანებს შორის მანძილის გათვალისწინებით 2 ათასი ერთეული ტექნიკა იქნებოდა. მარტივი ლოგიკაა - საცობში დგომისას, მწვანე ფერი რომ აინთება, ვიდრე წინა მანქანები არ დაიძრებიან, სხვა არ წავა. 94 კილომეტრზე გადაჭიმული კოლონის თავში მდგომი ტანკი ბოლოში მყოფს მისცემს სიგნალს, დავიძარითო, და შეიძლება მას მესამე დღეს მოუწიოს ტანკის დაქოქვამ. ძალიან მარტივი რამ, გამოსვლისა და შესვლის, კოლონის მოძრაობაში მოსვლის დრო ვერ გათვალეს. ძალიან დაბალ კვალიფიკაციაზე მიანიშნებს ისეთ ვიწრო გზაზე იმხელა კოლონის გადაჭიმვა. ეს არც ერთ სამხედრო მითითებებში არ წერია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტრასაზე მძიმე სამხედრო ტექნიკამ შეიძლება 40 კილომეტრი სიჩქარით იაროს, შედარებით ცუდ გზაზე მისი სიჩქარე 20-30 კილომეტრამდე დაეცემა. ისეთი პერიოდი აირჩიეს, როდესაც თოვლი და დაბალი ტემპერატურაა, რაც გადაადგილებას უადვილებთ, მაგრამ უკრაინის ყველა სოფელში გზები მოწესრიგებული ვერ იქნება. ტრასაზე ტანკი ბევრად ნაკლებ საწვავს, 100 კილომეტრზე დაახლოებით 200 ლიტრ საწვავს წვავს, სოფლის გზაზე კი 300 დასჭირდება. რუკაზე, რომელიც ინტერნეტში დადეს და თან ახლდა ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილება, ირკვევა, რომ ეს ოპერაცია ვითომ ადრე იყო დაგეგმილი, თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. სალაშქრო კოლონას გვერდითი, მოწინავე და ზურგის დაცვა და მოქმედებებიც სწორად აქვს განსაზღვრული - იშლება საბატალიონო, მერე საასეულო კოლონაში და ბოლოს გადის საბრძოლო ხაზზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი დროსა და მომზადებას ითხოვს. ეტყობა, მისცეს ბრძანება, ამ დროს იქ უნდა იყოთ და რაც გინდათ, ის გიქნიათო და ესენიც ასე “ნა ურაზე” მიდიან. საბედნიეროდ, ამით ძალიან კარგად სარგებლობს უკრაინის შეიარაღებული ძალები. თავდაპირველად, მათი საჰაერო დარტყმები, ძირითადად, კოლონის ზურგზე მოდიოდა, იქ, სადაც საწვავის მარაგები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები იყო განთავსებული, და ძალიან მარტივად ანადგურებდნენ”, - განმარტავს ექსპერტი.

“მეორე საკითხია ქალაქების სწრაფი გავლა - უკრაინული მხარე ატარებს მტრის კოლონას, შემდეგ მოუტრიალდება და უკან ჩამორჩენილ ზურგის ნაწილს ანადგურებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალურმა შტაბმა მისცა მითითება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ჩარჩენილი, ნუ ებრძვით ტანკებსა და საბრძოლო მანქანებს, ზურგში მომავალი ნაწილები და ლოჯისტიკის ელემენტები გაანადგურეთო. მოსახლეობა ამ ამოცანას მშვენივრად ართმევს თავს. მარტივია - თუ ტანკს საწვავი გამოელია, აუცილებლად მოსწყდება კოლონას, თან ხედავენ, როგორ თავგანწირვით იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობა და იმის შიში აქვთ, სადმე ცეცხლი არ წაუკიდონ და ცდილობენ არსად გაჩერდნენ. ამ რეალობაში რუსეთს ვერ მიეცა ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობა. სამი სამხედრო ოლქიდან ჰყავს მოზიდული სამხედრო ძალები - ბელარუსიდან გადმოიყვანეს ჩრდილოეთის სამხედრო ოლქი, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან იყო მობილიზებული დასავლეთის ოლქი და სამხრეთისკენ - სამხრეთის ნაწილი. ცენტრალური სამხედრო ოლქი, ალბათ, სტრატეგიულ ეშელონშია და პარალელურად, მუდმივად მიდის განახლება. იქმნება სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებებიც, რომლებიც შემდეგ ეშელონებად ნაწილდება, მათ შორის მთავარი დარტყმის, სადესანტო, საავიაციო, სარაკეტო დაჯგუფება და ა.შ. შემდეგ ისინი ოპერატიულ წყობაში ნაწილდებიან”, - თვლის ვახტანგ კაპანაძე.

“რასაც ვხედავ, პირველი ეშელონის მიზანია უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა, რათა შემდეგ შეიყვანონ მეორე ეშელონი, რომლებიც სიღრმეში შეტევას ოპერატიულად დაიწყებენ, მაგრამ პირველმა ეშელონმა უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა ვერ მოახერხა და იძულებული გახდნენ პირდაპირ მეორე ეშელონი შეეყვანათ. სამხედრო მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, მათი დახმარებით უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა მოხერხდა - ზოგიერთ ქალაქში შევიდნენ, მაგრამ უმთავრესი დავალების შესრულება - კიევის დაკავება ვერ შეძლეს. ახლა რუსებს­ დამატებითი რეზერვები სჭირდებათ, მაგრამ ვერც ამას იღებენ... რუსეთის სამხედრო შტაბებში გრავიტაციის ცენტრს არ განიხილავენ, განსხვავებით დასავლეთისგან. გრავიტაციის ცენტრი არ არის გეოგრაფიული ადგილი, რომელზეც ზემოქმედება მოწინააღმდეგეს დაასუსტებს. მაგალითად, რუსეთისთვის სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გაქრობა უნდა იყოს, სამხედრო გრავიტაციის ცენტრი კი - უკრაინის შეიარაღებული ძალები. რუსული დაგეგმარება სხვანაირია, სუსტი და ძლიერი წერტილების, ასევე, მნიშვნელოვანი ობიექტების მიხედვით ადგენენ სამოქმედო გეგმას. კიევის აღება სჭირდებათ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, არც უკრაინის დედაქალაქის და თუნდაც ხარკოვის აღებით არ სრულდება უკრაინა. ეს ქვეყანა კიდევ იომებს...” - დაასკვნის რესპონდენტი.

“ამ ეტაპზე კიევს ოთხი მიმართულებიდან უტევენ: ანტონოვის აეროდრომიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან, წყალსაცავიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჩერნიგოვიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, ჟიტომირიდან, ოღონდ შეტევასაც გააჩნია _ დესანტის საშუალებით მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავებას­ ცდილობენ, თორემ კიევი იმხელა ტერიტორიაზეა გაშენებული, სრულად ალყაში მოსაქცევად რუსეთს მთლიანი შეიარაღებული ძალებიც არ ეყოფა. ახლა ცდილობენ ქალაქის გადამწყვეტი მნიშვნელობის გეოგრაფიული წერტილების ბლოკირებას, რათა შემდეგ სექტორებად დაყონ და ასე შეძლონ მისი დაკავება ან ბლოკირება. თუ პუტინმა ომი გამოაცხადა, ბევრ რამეში ეხსნება ხელი. მაგალითად, შეუძლია სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, რეზერვის გაწვევა. თუ მობილიზაციას გამოაცხადებს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალწვეულების გაგზავნა შეუძლია, ახლა კი მხოლოდ კონტრაქტორები ჰყავს გაშვებული. ვიდეოში, რომელსაც უკრაინელები ტყვეებს უღებენ, რუსი სამხედროები ჰყვებიან, უკანა რიცხვით გვაწერინებდნენ ხელს, თითქოს ჩვენი სურვილი იყო აქ წამოსვლაო. ეს “გაპრავების” რუსული მეთოდია - ანუ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის და ახალწვეულების ჩართვა მოუწევს. ეს კი, ომის ლოგიკით, ომის გამოცხადებას ნიშნავს. თუმცა ავადმყოფ პუტინს თავში რა დაარტყამს, პროგნოზირება ძნელია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“პუტინი ახლა კედლებს აწყდება, რადგან სურვილი ვერ აისრულა, არც ყვავილებითა და ტაშით შეხვდნენ, როგორც ეგონა. განურჩევლად ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ობიექტებს, იმიტომ, რომ ადამიანური რესურსი აღარ ჰყავს, რათა იმ ქალაქებში, სადაც მართლაც ცეცხლითა და მახვილით შევიდნენ, სამხედრო სამსახური მოაწყოს და გარნიზონები ჩააყენოს. ამიტომ ტაქტიკა შეცვალა - უკრაინის სირიიზაცია, ალეპოიზაცია სურს. მშვიდობიან მოსახლეობას რეგულარული ჯარები, არტილერია და ავიაცია ბომბავენ. ცდილობენ მიწასთან გაასწორონ ქალაქები და ასე გატეხონ სახელმწიფო. იმის გაკეთება სურთ, რაც ალეპოში გააკეთეს. მერე ქალაქებში შესვლაც არ დასჭირდებათ.რაც შეეხება უკრაინელებს, ომში იმ მხარის პროპაგანდა მუშაობს, რომელიც წარმატებულია. უკრაინა კი ამ საკითხში უგებს რუსეთს - სამხედრო საქმეში მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ძალიან კარგად ახდენს. 2014 წლიდან უკრაინა ამ ომისთვის ემზადებოდა და სრულიად სხვა ჯარი ჰყავს, თანამედროვედ აღჭურვილი და ბრძოლისუნარიანი, რომელიც ძალიან კარგად იყენებს როგორც მობილურ, ასევე პოზიციურ თავდაცვასაც. ამასთან, უკრაინას მთელი ძალები არ გამოუყენებია, ლვოვი-კარპატის მხარეში არის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ომში ჯერ ბოლომდე არ ჩართულა”, - დასძენს კაპანაძე და შეკითხვაზე - “ბირთვული ომის დაწყების საფრთხე რამდენად არსებობს?” - პასუხობს:

“წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა ასე ადვილი არ არის. ამ გადაწყვეტილების მიღებას რთული პროცედურების გავლა სჭირდება. შეშლილი პუტინის გარდა, იქ არიან პირები, რომელთაც ამ საფრთხის მასშტაბურობა ესმით და არც პუტინთან ერთად სურთ სიკვდილი. გარდა ამისა, შემაკავებელი ფაქტორები არსებობს, პრეზიდენტის გარდა, საჭიროა სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანხმობა. დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის რეაქციასაც, იქნება დიპლომატიური მოლაპარაკება თუ ფსიქოლოგიური წნეხი. ამასთან, ის, რომ რუსეთს ნატოზე 30 ბირთვული ქობინით მეტი აქვს, არ ნიშნავს უპირატესობის ფლობას. პარიტეტი მაინც არსებობს. რაკეტა რომ აფრინდება, ავტომატურად ირთვება ნატოს ბირთვული თავდაცვაც და რუსეთიც იღებს დარტყმას. ისე არ არის, პუტინმა გაისროლოს და სხვამ არაფერი გააკეთოს”...

ვახტანგ ძაბირაძე - “პრეზიდენტმა თავისი მოვალეობის ზუსტად და სწორად შესრულება დაიწყო”

“საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციებს შორის რადიკალური განსხვავებები არ არის. 4 მარტის მიტინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაიწყო თავისი მოვალეობის ზუსტად და სწორად შესრულება - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას უკრაინის მხრადაჭერ აქციაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს ის პოზიცია, რაც მთელს დასავლეთს და კარგი იქნებოდა, თუ ამ მხარეს დაიჭერდა ზოგადად მთელი ხელისუფლება. 4 მარტს, რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანადგომა გამოუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მან თავისი მოვალეობის ზუსტად და სწორად შესრულება დაიწყო” - რა მოჰყვება “ოცნების” მხრიდან პრეზიდენტის გამოსვლას 4 მარტის მიტინგზე.

“მოგესალმებით. მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს - პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენ იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მოყვება თუ არა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკა? - ძაბირაძე ამას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ეს მხოლოდ “ოცნების” წინააღმდეგ იმუშავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო და მიმაჩნია, რომ საკმაოდ დროული და სწორი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან. ზურაბიშვილს აქვს პრინციპულად გამოკვეთილი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. ბოლო პერიოდში აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამასთან, იმყოფებოდა ბრიუსელშიც და შეხვდა სხვებსაც. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, მისი პოზიცია დღეს გაცილებით უფრო მკვეთრია და არის სრულ თანხვედრაში დასავლელი პარტნიორების პოზიციებთან, როგორც უნდა ყოფილიყო. აუცილებელიც კი იყო, რომ ასეთი პოზიცია ჰქონოდა ზოგადად ქართულ ხელისუფლებას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და გახდა უფრო აქტიური. ეს მხოლოდ მისასალმებელია. ამასთან, არ მგონია პრეზიდენტი ათანხმებდეს გადადგმულ ნაბიჯებსა და დაფიქსირებულ პოზიციებს ხელისუფლებასთან. მაგრამ ვერც მკვეთრ დაპირისპირებას ვხედავ “ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლების პოლიტიკასა და ზურაბიშვილის განცხადებებს შორის არ ჩანს ასეთი მკვეთრი დაპირისპირებები. უბრალოდ ზურაბიშვილმა დაიწყო თავისი მოვალეობის ზუსტად და სწორად შესრულება, ისე, როგორც ეს განსაზღვრულია კონსტიტუციაში. რაც შეეხება საუბარს შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ეს გამორიცხულია, რადგან ასეთი მარტივი არ არის. ვიღაცას მოუნდება და გამოუცხადებს იმპიჩმენტს - ეგრე არ ხდება და აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცედურებია გასავლელი. მაგრამ, მეორეს მხრივ, დაიწყებს თუ არა “ოცნება” მის კრიტიკას? - არ მგონია, რადგან თუ ჩავუღრმავდებით, მის განცხადებებსა და ხელისუფლების პოზიციას შორის არ არის რადიკალური განსხვავება. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ძალიან ცუდად იმუშავა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმ განცხადებამ, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა. მან არასწორად შეაფასა არსებული სიტუაცია. ამიტომ, არ მგონია ახლა “ოცნებამ” ზურაბიშვილის მასობრივი კრიტიკა დაიწყოს, რადგან ეს იმუშავებს მხოლოდ მათ წინააღმდეგ”, - დასძენს ძაბირაძე.

ზურაბ ბატიაშვილი - “კობახიძეები და ძმანი მისნი ქართველ ხალხს საუკუნეების წინ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებენ”

“რუსებმა ძალიან ბევრი რამ არასწორად გათვალეს. ეგონათ, როგორც კი ომს გამოაცხადებდნენ, რუსულენოვანი მოსახლეობა მათ მხარეს გადავიდოდა. სინამდვილეში კი რა მოხდა?! საზღვრის ახლომდებარე, უმეტესად რუსებით დასახლებულ ხარკოვშიც კი მოქალაქეების სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ყველაზე ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ და რუსეთმა ყველა დიდი ქალაქი აიღოს, ამ ომში მაინც დამარცხდება. უკრაინელები მარცხს არ შეეგუებიან და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავლენ. მთლიანი უკრაინის ოკუპაციაც რომ მოახდინოს, რა უნდა გააკეთოს მოსკოვმა, როგორ უნდა მართოს ამხელა სამოქალაქო სექტორი?! დარწმუნებული ვარ, ამაზე მოსკოვში არავის უფიქრია. სრული სიგიჟეა, რასაც პუტინი აკეთებს. ამ შეშლილი მმართველის მძევალია მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი საფრთხე გვემუქრება ჩვენ, მის მეზობლებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეშლილი მმართველის მძევალია მთელი მსოფლიო” / “ზელენსკი იმედგაცრუებულია, მაგრამ ისიც თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს. უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს”.

“უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვაზე უარის გამო ზელენსკი იმედგაცრუებულია, მაგრამ მან ისიც თქვა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა დიდ დახმარებას უწევს. უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს. ზელენსკიმ, რა თქმა უნდა, ეს იცის, თუმცა მესმის მისი, ის არის ქვეყნის ლიდერი, რომლის მოქალაქეებს ყოველდღიურად ხოცავენ და ნამდვილად სასოწარკვეთილია. გამოსავალია ალტერნატიული საშუალება, რომელიც რეალურად არსებობს. დააკვირდით, ბოლო დროს რუსული ავიაციის ეფექტიანობა ძალიან შემცირდა. რუსებმა უკვე ბევრი საფრენი აპარატი დაკარგეს. ფაქტია, დასავლეთი ყოველდღიურად აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო ტექნიკით და უფრო მეტად უჭერს მარწუხებს რუსებს ეკონომიკური სანქციებით. რუსეთის პოლიტიკაზე დასავლეთის პასუხი ასეთია: გამოფიტოს რუსული ეკონომიკა და რუსეთი აიძულოს შეასრულოს ის, რასაც საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. პუტინი დღეს უკვე ჭაობშია და რაც უნდა მოიმოქმედოს, კიდევ უფრო ღრმად ეფლობა”, - აღნიშნავს გამოცემის რორესპონდენტთან საუბრისას ბურაბ ბატიაშვილი.

“დასავლური სანქციები უკვე აისახა რუსეთისთვის სამოქალაქო საჰაერო სივრცის ჩაკეტვასა და რუსული კომპანიების შესაძლო გაკოტრებაზე. სანქციებით, რომლებიც ოფიციალურ მოსკოვს დაუწესეს და მომავალშიც დაუწესებენ, - ყოველდღიურად ათობით მილიარდს ზარალობენ რუსი ოლიგარქები და რუსეთის ეკონომიკა. პუტინმა იცოდა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ფასის გადახდა მოუწევდა, უბრალოდ, ის უკრაინისგან არ ელოდა ამხელა წინააღმდეგობას და არც დასავლეთისგან - ასეთ მასშტაბურ სანქციებს. ამ ქვეყანას თავისი პოლიტიკოსებით, ოლიგარქებით, ელიტით, უბრალო ხალხით ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს იმპერიალისტური ზრახვების გამო და ეს არ იქნება ერთჯერადი. ათწლეულები გაგრძელდება ის შედეგები, რაც ეკონომიკურ სანქციებს მოჰყვება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველაზე სანდოდ და ობიექტურად პენტაგონის ინფორმაცია მიმაჩნია, რომლის მიხედვით, რუსეთმა უკვე გამოიყენა უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 90%. ახლა საუბარია დამატებითი ძალების მობილიზებაზე, მაგრამ ამას რამდენიმე კვირა მაინც სჭირდება. არადა, თუ რამდენიმე დღეში ვერ მოახერხეს უკრაინაში მებრძოლი ძალების ჩანაცვლება, იქ მალე აღარაფერი იქნება ჩასანაცვლებელი და დასახმარებელი. მოსკოვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გასაგებია, რომ რუსეთს ფლოტი ჰყავს და უკრაინა საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ ცარიელი ფლოტით რას იზამს მოსკოვი ან ხმელეთზე ვის აბრძოლებს? რაც შეეხება კონვენციით აკრძალულ იარაღს, მისი გამოყენება რუსებს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ერთიანად იზოლაციაში მოექცევიან და იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე დღეს არიან. მაგალითად, უკვე საუბარია, აკრძალონ თუ არა ნავთობითა და გაზით ვაჭრობა. ასე რომ, რუსეთის წინაშე დგას საფრთხე იმისა, რომ ეკონომიკა ერთიანად ჩამოექცეს. ამიტომ ბევრჯერ მოუწევს რუსეთს დაფიქრება იმაზე, კიდევ რა გამოიყენოს და რა არა”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა ნამდვილად არის საფრთხე. როდესაც რუსეთში 1917 წელს რევოლუცია მოხდა, ძალიან ბევრი რუსი გამოექცა შიმშილს, ქაოსს და რეჟიმის სისასტიკეს საქართველოში. საქართველომ ისინი მიიღო, გაათბო, დააპურა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი 1921 წელს ბოლშევიკების მხარეს დადგა და ყველაფერი გააკეთეს საქართველოს გასაბჭოებისთვის. ასეთი მწარე გამოცდილება გვაქვს რუსებთან. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლონ ათასობით შემოსულ რუსში გაარჩიონ, ვინ სპეცაგენტია და ვინ რეჟიმს ან ეკონომიკურ კრიზისს გამოქცეული. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია სავიზო რეჟიმი. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით დაიწყო. შესაბამისად, რუსების აქ შემოსვლა ნამდვილად სახიფათოა, მით უფრო, რომ სინამდვილეში რუსი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ პუტინის მხარდამჭერია”, - განმარტავს ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები საქართველოში ახალი ფრონტის ხაზის გახსნას ცდილობენ?” - პასუხობს:

“მე ეს შემოგდებული თემა მგონია. საქართველოს ხელისუფლებას ის ურჩევნია, სწორი პოზიცია დაიკავოს - არ დაუპირისპირდეს უკრაინას, დასავლეთს, მარტო არ დაგვტოვოს იმპერიალისტი რუსეთის წინაშე და შეთქმულების თეორიების გავრცელებას თავი დაანებოს. საქართველოს ადგილი დასავლურ სამყაროშია, კობახიძეები და ძმანი მისნი ქართველ ხალხს საუკუნეების წინ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებენ. ურჩევნიათ ცოტა მეტი იკითხონ საქართველოს ისტორია და ცოტა უკეთ გაიცნონ საკუთარი ხალხი".

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ