ლადო პაპავას განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა გარკვეული სავალუტო ოპერაციები შეიზღუდოს. ამის შესახებ ლადო პაპავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რითი ხსნის საქართველოში ლარის კურსის მკვეთრად გაუფასურებას მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში და თავად საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინაშიც კი, შედარებით დაბალია.

პაპავა ლარის გაუფასურებას მათ შორის საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები. ეს აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ „ვიზამ“ და „მასტერკარდმა“ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გასვლის შესახებ, რაც რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდავს ამ ბარათების სხვა ქვეყნებში გამოყენების საშუალებას. რაც შეეხება რუსეთს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი გაურბის იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის წარმოების დროს. მესმის, მათი მცდელობა, რომ საქართველოში უვიზო რეჟიმია და ადვილად შემოდიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ შორის არაერთი პროვოკატორი იქნება, შესაძლოა - დივერსანტიც კი, რომელიც არ არის გამორიცხული იყოს საფრთხის შემცველი. მოსკოვს კიდევ ერთხელ არ უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დაცვა სჭირდება. ამიტომ უნდა გააქტიურდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაშიც, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან იქნება გასაკეთებელი“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

კითხვაზე, რატომ არის ლარის კურსი ყველაზე უფრო გაუფასურებული რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, ლადო პაპავა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი სწორედ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში რუსული რუბლის მოცილება და დოლარის შესყიდვაა.

„ეს ისტორია საქართველოს ერთხელ უკვე გადახდა თავს, 1998 წელს, როდესაც რუსეთში დეფოლტი მოხდა და ამ დეფოლტის შედეგად გაუფასურებული რუბლი გაედინებოდა რუსეთიდან და რადგანაც საქართველოს საზღვარი ნაკლებად კონტროლდებოდა, კონტრაბანდის საკმაოდ დიდი შემოდინება იყო. ჩამოჰქონდათ ტონობით რუსული ვალუტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან გაუფასურებული რუსული ფულით ცდილობდნენ დოლარების შესყიდვას და დოლარი გაედინებოდა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი